Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თემა კვლავ აქტუალური გახდა ქართულ პოლიტიკაში, - აღნიშნავს 10


გიორგი კაკაბაძე, თბილისი აფხაზეთის თემა კვლავ აქტუალური გახდა ქართულ პოლიტიკაში, - აღნიშნავს 10 იანვრის “მთავარი გაზეთი”, რომლის თქმით, “თუ ბოლო წლებში აფხაზეთის პრობლემაზე არჩევნების მოახლოებისთანავე

საუბრობდნენ და მასზე გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საკმაოდ მაღალ ქულებსაც იწერდნენ, ამჟამად საკითხზე ღიად საუბარი და აქტიური ქმედებები რუსეთის პოლიტიკურმა წრეებმა დაიწყეს. პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აფხაზეთის მიმართ რუსეთის ისედაც ლოიალური პოლიტიკა კიდევ უფრო შერბილდა. ამჯერად რუსული მხარე ღია განცხადებებითა და ქმედებებით უჭერს მხარს აფხაზებს და ეს კონფლიქტის ზონაში სიტუაციას მეტად ამწვავებს.”
გაზეთი წერს:

“კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავება გასული წლის მიწურულს დაიწყო, როცა სოჭი-სოხუმი-სოჭი სარკინიგზო მაგისტრალი ამოქმედდა. ამას მოჰყვა აფხაზებისათვის რუსეთის პასპორტების გაცემის დაწყება. ამ ორ ფაქტს დაემატა ისიც, რომ რუსეთის სამშვიდობოებმა კვლავ დაჟინებით დაიწყეს მოთხოვნა კოდორის ხეობის სოფელ აჟარის ცენტრში დამატებითი რუსული საგუშაგოს გახსნის შესახებ.”
“კოდორის ხეობის ქართული მოსახლეობა არა მარტო ახალი საგუშაგოს გახსნის წინააღმდეგია აჟარაში, არამედ კოდორის ხეობის ქვედა ნაწილში, სოფელ ლათაში არსებული ორი რუსული საგუშაგოს გაუქმებასაც ითხოვს.”
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი “მთავარ გაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აჟარაში ახალი საგუშაგოს გახსნას არ დაუშვებს.
საგანგებო საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე რუსეთის მიერ კოდორის ხეობის სოფელ აჟარაში ახალი საგუშაგოს გახსნის მოთხოვნას მორიგ ახირებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ კოდორის ხეობაში რუსი სამშვიდობოების ყოფნა სრულიად ზედმეტია. მისი თქმით, “უმჯობესია, თუ კოდორის ხეობას რუსები საერთოდ დატოვებენ.”

“მთავარი გაზეთი” წერს, რომ 9 იანვარს სოხუმში ჩავიდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ლოშჩინინი.
ოფიციალურად, ლოშჩინინის ვიზიტის მთავარი მიზანი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებზე მსჯელობაა.

როგორც “მთავარ გაზეთთან” საუბარში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, აფხაზური მხარე ლოშჩინინს საკუთარ პოზიციას გააცნობს.
აფხაზეთის პოზიცია კი ასეთია: “თუ ქართულ მხარეს სურს მოლაპარაკებების პროცესის განახლება, ჩვენ მკაცრად ვაყენებთ საკითხს, კოდორის ხეობის ზედა ნაწილიდან გაიყვანონ ყველა ქართული სამხედრო შენაერთი. სხვა შემთხვევაში აფხაზური მხარე არ აპირებს არანაირ მოლაპარაკებებზე დათანხმებას”.
გაზეთის თქმით, ლოშჩინინის სოხუმში ვიზიტი რუსული მხარის მიერ კოდორის ხეობის საბოლოოდ ხელში ჩაგდების მცდელობაა.
“როგორც ჩანს, აჭარაში დამატებითი საგუშაგოს გახსნა დასაწყისი იქნება რუსეთის იმ გეგმისა, რაც წლების მანძილზე აუხდენელ ოცნებად რჩებოდა. ესაა - კოდორის ხეობის დაპატრონება”,-წერს “მთავარი გაზეთი”.

ახლა კი 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრობლემატიკას შევეხებით.
10-16 იანვრის გაზეთი “ახალი ეპოქა” წერს, რომ პარლამენტისგან პირველი მოსმენით დაწუნებულ ბიუჯეტის პროექტში ფინანსთა სამინისტრომ მცირეოდენი ეკონომიკური კორექტივები შეიტანა. უფრო მეტად კი ცალკეულ დაგჯუფებათა პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას შეეცადა.
გაზეთის თქმით,

ბიუჯეტის პარამეტრები უმნიშვნელოდ შეიცვალა. ხარჯები 5 მილიონით გაიზარდა. აქედან მთავრობამ მაღალმთიან რეგიონებში დასაქმებულთათვის ხელფასების 15-20 პროცენტით მომატება განიზრახა და ამით რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატის გულიც მოიგო. ფინანსთა სამინისტრო შეეცადა, ოდნავ მაინც დაეკმაყოფილებინა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის სურვილი და სამხედროებისათვის გამიზნული თანხა 57 მილიონამდე გაზარდა. თუმცა ეს მაინც არაფერია იმ 80 მილიონთან შედარებით, რომელიც თავდაცვის სფერომ მოითხოვა. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოინდომა ინტელიგენციის, მეცნიერ-თანამშრომელთა და პედაგოგთა გულის მოგება. ხელფასის 30-პროცენტიანი მატება მხოლოდ მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებს შეეხება. სექტემბრიდან ამდენივეთი გაიზრდება მასწავლებელთა ანაზღაურებაც. გათვალისწინებულია უფასო სწავლებაზე მე-10 და მე-11 კლასების გადასვლისა და 20 ლარიდან 35 ლარამდე მინიმალური ხელფასის გაზრდის საკითხებიც.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ წლევანდელი ბიუჯეტიც, მისი წინამორბედების მსგავსად, არარეალურია და სეკვესტრისთვისაა განწირული. ამგვარად არ ფიქრობენ მთავრობის ეკონომიკური გუნდი და სახელმწიფო ფრაქციები. “მოქკავშირის” ლიდერი ვიტალი ხაზარაძე ამტკიცებს, რომ “2003 წლის ბიუჯეტი ძალიან გაბედული და, შეიძლება ითქვას, ამბიციურია და ამგვარი პარამეტრებით დაგეგმილი ბიუჯეტი ჯერ არ მიგვიღია.”

“ახალი ეპოქა” აღნიშნავს, რომ გაცილებით პესიმისტურად არის განწყობილი ოპოზიცია. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ “ჩვენ ტრადიციებს არ ვღალატობთ და კვლავ არარსებულ, ჰაერით გაბერილ ბიუჯეტს ვღებულობთ. დარწმუნებული ვარ, რომ არც წელს შეიცვლება რამე”.
გაზეთის აზრით,

“აღმასრულებელი ხელისუფლება ამჯერად შეეცდება გაცილებით ორგანიზებულად წარმართოს ბიუჯეტის განხილვის პროცესი. მართალია, ოპოზიცია ირწმუნება, რომ არარეალურ ბიუჯეტს ხმას არ მისცემს, მაგრამ წლიდან წლამდე მოჯადოებულ წრეში ტრიალებს და ბიუჯეტი მაინც ძველებური სახით მცირდება. პარლამენტი აღმასრულებელთა წინაშე უძლურია”. “ახალი ეპოქა” მიიჩნევს, რომ” რვა ფრაქციიდან ახლად შექმნილი უმრავლესობა, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დაამტკიცებს ბიუჯეტის პროექტს. ეს მათთვის მიცემული პირველი დავალებაა. ქვეყანას უახლოეს პერიოდში ბიუჯეტი ექნება, მაგრამ სხვა საქმეა, როგორი”.

11 იანვრის “ახალი თაობა” წერს, რომ “გუშინ პარლამენტში ჟვანიას ლექციას მინიმალური ხელფასის გაზრდის თაობაზე დარბაზი ხმაამოუღებლად უსმენდა”. “მთელი ალიაქოთი ატყდა მხოლოდ ფინანსთა მინისტრის გამოსვლის შემდეგ, რომელსაც ზურაბ ჟვანიას შემდეგ უნდა გამოეხატა მთავრობის პოზიცია. მირიან გოგიაშვილს პრაქტიკულად ბოლომდე არ დასცალდა პოზიციის დაფიქსირება თუ დაცვა, რადგან კორიანტელი კითხვებისა, განცხადებებისა და შენიშვნებისა დემოკრატების მხრიდან სერიოზული ძალით დაატყდა თავს ახალგაზრდა, მაგრამ ფიცხ და მოუქნელ ფინანსთა მინისტრს.
მისი თქმით,

“არითმეტიკით არ შეიძლება გადაწყდეს ქვეყნის ბედი და ეკონომიკური განვითარება. არ შეიძლება, ეს გათვლილი იყოს მესამეკლასელის დონეზე არითმეტიკულად. ამან შეიძლება ეკონომიკაში სავალალო შედეგები გამოიწვიოს. პრინციპული შეცდომა ის არის, რომ არ შეიძლება აკადემიკოსს და დამლაგებელს ერთნაირი ხელფასები ჰქონდეთ.”

გაზეთი წერს, რომ “ფინანსთა მინისტრის შემდეგ “სამსხვერპლოზე” ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ავიდა. თუმცა ამას სხდომის მსვლელობისა და ვითარების გარკვევისთვის დიდი შეღავათი არ მიუცია. პროცესი ძველებურად გაგრძელდა, ოღონდ ამჯერად დემოკრატები ამირან გამყრელიძეს მიადგნენ. მინისტრი ადასტურებდა თავის მხარდაჭერას იდეისადმი, მაგრამ არარეალურად და შეუძლებლად მიაჩნდა დღევანდელ პირობებში მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმთან გათანაბრება. მინისტრმა პარლამენტს ის პროგრამა შესთავაზა ასამოქმედებლად, რომელიც 2002 წლის აპრილში დაამტკიცა მთავრობამ. ამ პროგრამის მიხედვით, მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმთან მიახლოება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, სამი წლის განმავლობაში.”

“ახალი თაობის” თქმით, “კალკულატორული გაყოფა-გამრავლება გუშინ მთელი დღე არ შემწყდარა, არ ცხრებოდა არც ერთი მხარე, თუმცა ასეთ ვნებათა ღელვას არც ერთი მხარისათვის მოუტანია რაიმე შედეგი და არც მეორისთვის და, რაც მთავარია, შედეგი არ ყოფილა არც ხალხისთვის, ანუ მათთვის, ვისთვისაც გუშინ ორივე მხარე არ “იშურებდა” ენერგიას.

მთავრობა და დემოკრატები ერთმანეთისგან დასაბუთებულ არგუმენტებს მოითხოვდნენ. ერთი ითხოვდა ეკონომიკურ გათვლებს, მეორე - ციფრობრივ და კონკრეტულ არგუმენტებს იმისას, თუ რატომ არ არის შესაძლებელი მინიმალური ხელფასების საარსებო მინიმუმთან, ანუ 115 ლართან, გათანაბრება”.
XS
SM
MD
LG