Accessibility links

logo-print

"ახალგაზრდული პროგრამის" დღევანდელ გამოშვებაში


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი "ახალგაზრდული პროგრამის" დღევანდელ გამოშვებაში

ვისაუბრებთ იმ ახალგაზრდა ქართველ მხატვრებზე, რომლებმაც თავისი დღევანდელობა ფეხსაცმლის მოდელების შექმნას დაუკავშირეს და ერთ პატარა სახელოსნოს სახელი მთელ თბილისში გაუთქვეს.

რუსიკო დანელიასა და ირაკლი ბოჭორიშვილის საქმიანობაზე მე ვისაუბრებ, დავით პაიჭაძე კი შემოგთავაზებთ სიუჟეტს, რომელიც ქართველი ახალგაზრდების სურვილებსა და მისწრაფებებს შეეხება.





თბილისში დაახლოებით ნახევარი წლის წინ ამოქმედდა პატარა სახელოსნო, რომლის არსებობის გახმაურებასაც არანაირი რეკლამა არ დასჭირვებია. ამ სახელოსნოში ფეხსაცმლის შეკერვის მსურველს შეკვეთის შემდეგ მოცდა არცთუ მცირე ხნით სჭირდება. ამის მიუხედავად, ხელით ნაკეთები ფეხსაცმელების მწარმოებლების - რუსიკო დანელიასა და ირაკლი ბოჭორიშვილის - მუდმივ თუ ახალ კლიენტებს რიგში დგომა უღირთ. მათ იციან, რომ საკუთარ ჯერზე მოდურ, ხარისხიან და გამძლე ფეხსაცმელს მიიღებენ, თანაც ისეთს, როგორიც, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, სხვას არავის ეცმევა. ამ სახელოსნოში ფეხსაცმელებზე არანაკლებ ხარისხიანი ჩანთებიც იკერება.

რუსიკო დანელიაც და ირაკლი ბოჭორიშვილიც მხატვრები, თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები არიან. ერთი დიზაინერია, მეორე - ფერმწერი. თავის დროზე ორივე დიდი მონდომებით ხატავდა, დღეს კი მხოლოდ ფეხსაცმელების მოდელებზე მუშაობა, ანუ ფეხსაცმელების ხატვა, უხდებათ.

[რუსიკო დანელიას ხმა] " ძალიან ბევრი ფეხსაცმელი მაქვს დახატული და, თქვენ წარმოიდგინეთ, არ მომბეზრებია ფეხსაცმელების ხატვა.

[ირაკლი ბოჭორიშვილი ხმა] " რომ გითხრათ, რომ ბავშვობიდან ფეხსაცმელების ხატვაზე ვოცნებობდი, არ არის ასე. უბრალოდ, დრომ მოიტანა და სიტუაციამ. ამ წუთას ეს ჩემი საქმეა და იმედი მაქვს, რომ დავუბრუნდები ხატვას."


ეს ახალგაზრდა მხატვრები ფეხსაცმელების მოდელებისა და საკუთარი სახელოსნოს შექმნით საფინანსო ჯგუფ "ქართუს" მიერ ორგანიზებულმა კურსებმა დააინტერესა. ამავე კურსებიდან რამდენიმე ახალგაზრდა მხატვარი - მათ შორის, რუსიკო დანელიაც -გერმანიაში ფეხსაცმლის გრანდიოზულ გამოფენაზე მიავლინეს. გამოფენის სერიოზული ხასიათის მიუხედავად, რუსიკოს იქ წარმოდგენილი მოდელები არ მოეწონა და მოგვიანებით თავისთვის და სხვისთვის მოსაწონი ფეხსაცმელების შექმნას თავადვე შეუდგა.
ამ საქმეში რუსიკოს და ირაკლის რამდენიმეწლიანი პრაქტიკა დაუგროვდათ და მათმა კლიენტებმა უკვე კარგად იციან, რომ საქმე არა მარტო შემოქმედ ადამიანებთან, თავისი საქმის პროფესიონალებთან აქვთ.

[ირაკლი ბოჭორიშვილის ხმა] "შეიძლება 10 თეთრიანი ფანქრით მშვენიერი ნახატი შექმნა. აქ მასალასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მარტო დიზაინერის გემოვნება და ხელოსნების პროფესიონალიზმი არ კმარა. მასალა უნდა იყოს. ფეხსაცმელი კი - მოდურიც, ხარისხიანიც და კომფორტულიც."

ირაკლი ბოჭორიშვილის და რუსიკო დანელიას სახელოსნოში შეკერილ ასეთ ფეხსაცმელებს
ამშვენებს წარწერა "handmade in Georgia," კლიენტების ინიციალებით. ის თავიდან უცხოეთში მცხოვრები მეგობრებისთვის გასაგზავნ ფეხსაცმელებს წაეწერა, შემდეგ კი ტრადიციად დამკვიდრდა. ირაკლის და რუსიკოს ეს სამარკო ნიშანი ეამაყებათ, ის მოსწონთ მათ კლიენტებსაც, თუმცა ყოფილან ისეთებიც, რომლებიც ფეხსაცმლით აღფრთოვანებულან, მაგრამ სინანული გამოუთქვამთ იმის გამო, რომ მას რომელიმე ცნობილი უცხოური ფირმის ლოგო არ ამშვენებდა. ასეა თუ ისე, მოდური და ხარისხიანი ფეხსაცმელების ახალგაზრდა ქართველი მწარმოებლები ფიქრობენ, რომ მათი კლიენტები საკმაოდ მაღალი გემოვნებისანი არიან, რომ თბილისელებს ფეხსაცმელებზე ყველასგან გამორჩეული მოთხოვნილება აქვთ. კერძოდ:

[რუსიკო დანელიას ხმა] "უნდა გეცვას შენ და სხვას არავის. ინდივიდუალურია ეს ყველაფერი და თვითონ გკარნახობს ესა თუ ის ადამიანი თავის ხასიათს და სტილს და მერე ააწყობ. მოაქვთ ჟურნალი, მიჩვენებენ რაღაც განსაკუთრებულ ფეხსაცმელს და მეუბნებიან, რომ უნდათ ზუსტად ასეთი. რომ გითხრათ, რომ აქ მოდას ჩვენ ვქმნით, სისულელე იქნება. მოდა იქმნება სხვაგან, მის შესახებ ინფორმაცია აღწევს შენამდე და მიჰყვები მოდას შენ თვითონ."

რუსიკოსა და ირაკლის შემთხვევაში ეს არ ნიშნავს ამა თუ იმ ცნობილი მოდელიორის ნიმუშების ზუსტ ასლებზე მუშაობას. ლაპარაკია დეტალების აღებაზე და მათ სხვადასხვაგვარ კომბინირებაზე. რუსიკო დანელია ფიქრობს, რომ მისი მოდელები ერთმანეთისგან ყოველთვის განსხვავდება, ამიტომაც არის მისთვის ასე საინტერესო ამ მოდელებზე მუშაობა. მან და ირაკლი ბოჭორიშვილმა საჩვენებელი კოლექციის შექმნისთვის ჯერ ვერ მოიცალეს. ისინი ჯერჯერობით არც წარმოების გაფართოებაზე ფიქრობენ და, აი, რატომ:

[ირაკლი ბოჭორიშვილის ხმა ] "განვითარება მე მესმის ხარისხის გაზრდით და არა რაოდენობის გაზრდით. ამ ეტაპზე რაოდენობის გაზრდას ისე, რომ ამან ხარისხზე ცუდად არ იმოქმედოს, ვერ ვახერხებთ."

როგორც ირაკლი ბოჭორიშვილმა მითხრა, მის სახელოსნოში ყველაფერი უცხოეთიდან შემოტანილი მასალით იკერება, რადგან აქაურ ბაზარზე ხარისხიანი ტყავის და ფეხსაცმლის ლანჩის შეძენა შეუძლებელია. ირაკლი ფიქრობს, რომ მასთან საუკეთესო ხელოსნები მუშაობენ. დანარჩენზე აღარაფერს ვიტყვი, იმის გარდა, რომ თბილისში მაღალი ხარისხის მოდური ფეხსაცმელები იკერება. ირაკლი ბოჭორიშვილის პროგნოზით, მოდას აყოლილ მის კლიენტებს წელს ფეხსაცმლის წაგრძლებულ და მოკლე, მომრგვალებულ ფორმებს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება.

ირაკლი ბოჭორიშვილს და რუსიკო დანელიას ურჩევნიათ ფეხსაცმლის არასერიულ წარმოებას ემსახურონ. ისინი უარს ამბობენ დაკვეთებზე. სურთ შეინარჩუნონ ინდივიდუალურობა და არცთუ შორეულ მომავალში ფართო საზოგადოების წინაშე საინტერესო კოლექციით წარდგნენ. ახლა კი, ვნახოთ, რა სურვილებით და მისწრაფებებით შეხვდნენ ქართველი ახალგაზრდები 2003 წელს. სტუდენტებს დავით პაიჭაძე ესაუბრა.
XS
SM
MD
LG