Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური ფონდის ახალი ბიუჯეტი


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი შარშან, 19 აპრილს ქართულ სპორტში ფრიად

მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ძალისხმევით და ცნობილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერით, დაფუძნდა ოლიმპიური ფონდი, რომლის მეშვეობითაც უკვე დაფინანსდა რამდენიმე ოლიმპიური პროექტი.

ძველ დროში საქართველოს მზიურ და სპორტულ ქვეყნად მოიხსენიებდნენ. ახლა თურმე საქართველო საქველმოქმედო ფონდების ქვეყანა გამხდარა. სტატისტიკის თანახმად, იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლოებში ბოლო 5 წელიწადში ხუთასამდე ასეთ ფონდს გაუვლია რეგისტრაცია. სხვა საქმეა, რომ ამ ფონდების აბსოლუტურ უმრავლესობას სასიკეთო ბევრი არაფერი გაუკეთებია და გულისამაჩუყებელი საწესდებო მიზნები ქაღალდზე დარჩენილა. საქართველოს ოლიმპიური ფონდი ერთ-ერთი სასიამოვნო გამონაკლისია. ოლიმპიურმა ფონდმა სიტყვას საქმეც მიაყოლა და ვეტერან თუ ახალბედა სპორტსმენებს, ცალკეულ ფედერაციებსა და ნაკრებ გუნდებს კეთილ შემწედ მოევლინა. ასე ფიქრობს პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ციმაკურიძე, რომელსაც კვერს უკრავენ სხვა ვეტერანი ოლიმპიელები. მაგალითად, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნის შოთა ქვლივიშვილის თქმით, ახალდაარსებული ფონდი რომ არა, სოციალურად დაუცველ მწვრთნელ-სპორტსმენებს საქმე სამათხოვროდ გაუხდებოდათ. ფონდის საქმიანობით ასევე კმაყოფილია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბეგი დარჩია.
(ბეგი დარჩიას ხმა): "შარშან დაგვიფინანსეს სასწავლო-საწვრთნელი შეკრება წახკაძორში, სპორტსმენები და მწვრთნელები იღებდნენ ხელფასებს, საკმაოდ სოლიდურ ხელფასებს. წელს შეგვპირდნენ, რომ უფრო გაიზრდება დახმარება, ჩატარდება საწვრთნელი შეჯიბრებები, სპორტსმენებს მოემატებათ ხელფასები."
ამ დღეებში ფონდის გამგეობამ დაამტკიცა 2003 წლის ბიუჯეტი. ახალი პროგრამების დაფინანსებას, სულ ცოტა, მილიონ 300 ათასი ლარი მოხმარდება. 500-დან 1500 ლარამდე ხელფასს მიიღებს 35 სპორტსმენი და 20-მდე მწვრთნელი. 350 ლარამდე ყოველთვიური პენსია დაენიშნება 23 ვეტერან სპორტსმენს. ბიუჯეტის 75 პროცენტი, ანუ დაახლოებით მილიონი ლარი, მოხმარდება სპეციალურ პროგრამას "ათენი - 2004", რომელიც ითვალისწინებს ინტენსიურ სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებს, ნაკრები გუნდების სამეცნიერო და სამედიცინო უზრუნველყოფას, მივლინებებს სალიცენზიო ტურნირებში. ოლიმპიური ფონდის გამგეობის თავმჯდომარის ემზარ ზენაიშვილის განცხადებით, სახსრები ნაწილდება კოორდინირებულად, ყველა დაინტერესებული სპორტული ორგანიზაციის მონაწილეობით.
(ემზრა ზენაიშვილის ხმა): "ჩვენ ვიცით, რა ბიუჯეტს ველით სახელმწიფოსგან, ვიცით ოლიმპიური კომიტეტის წყაროები და ამას ემატება ოლიმპიური ფონდი. ჩვენ ვსხდებით ყველანი ერთად: კომიტეტი, ფონდი, ფედერაციები, სპორტის დეპარტამენტი და ვცდილობთ ამ მოძიებული სახსრების განაწილებას პროექტების მიხედვით. მთავარი ამ პროექტებში არის ოლიმპიელთა სოციალური დაცვა - მოქმედი ოლიმპიელების, ვინც დღეს ემზადება ათენისთვის, და იმათიც, ვინც სახელი გაუთქვა ჩვენს სპორტს და უკვე ვეტერანია."
ოლიმპიური ფონდის ხელშეწყობით, საქართველოს ინვალიდ სპორტსმენთა დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სპეციალურ თამაშებში, რომელიც დუბლინში გაიმართება, ჩვენი ჭაბუკი სპორტსმენები კი პარიზში - ევროპის ოლიმპიურ დღეებზე გაემგზავრებიან. ფონდი დააფინანსებს, აგრეთვე, ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშებას, პირველი ქართულენოვანი სპორტის ენციკლოპედიის გამოცემის მოსამზადებელ სამუშაოებს და დოკუმენტურ ფილმს "ათენიდან ათენამდე". პროექტის ერთ-ერთი ავტორის თამარ ბალავაძის თქმით, ამ ფილმში თავს მოიყრის ჩვენი სპორტის მთელი ოლიმპიური ისტორია, ამ ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები.
(თამარ ბალავაძის ხმა): "ქართული სპორტის ისტორიის შესახებ მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმის შექმნის იდეა დიდი ხნის წინ გვქონდა, მაგრამ ვინაიდან ეს სერიოზულ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მისი განხორციელება მხოლოდ ახლა გახდა რეალური - მას შემდეგ, რაც, ოლიმპიური კომიტეტის შუამდგომლობით, პროექტით დაინტერესდა ოლიმპიური ფონდი. ჩაფიქრებულია, რომ ფილმი იქნება 14-სერიანი. პირველი სერია მოიცავს პირველ პერიოდს ჰელსინკის ოლიმპიადამდე. შემდეგ მოჰყვება სერიები, დაყოფილი ოთხწლიან ოლიმპიურ ციკლებად. დააგვირგვინებს ამ სერიალს ფილმი, რომელიც მიეძღვნება უკვე ათენის ოლიმპიურ თამაშებს 2004 წელს და იქ ქართველი სპორტსმენების გამოსვლას ასახავს."

აქამდე ქართველმა სპორტსმენებმა, დამოუკიდებელი საქართველოს სახელით, ზაფხულის 2 ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზეს, მაგრამ ოქროს მედლის მოპოვება ვეღარ შეძლეს. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისა და ოლიმპიური ფონდის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ათენში ჩემპიონი გვეყოლება. ვნახოთ, ათენამდე არც ისე შორია.
XS
SM
MD
LG