Accessibility links

logo-print

ქართველი გენერლები ნატოს სტანდარტებზე


ბოლო ხანს საქართველოს სამხედრო ძალების

გენერალთა სამხრეებზე ოქროცურვილმა ვარსკვლავებმა გეომეტრიული პროგრესიით იწყეს ზრდა: ვინც ადრე გენერლის ერთ ვარსკვლავს ატარებდა, უკვე ორი ვარსკვლავით მხარდამშვენებული დადის, ორვარსკვლავიანებს კი მესამეც დაემატათ. საქმეში ჩაუხედავი ადამიანები ამ ნოუ-ჰაუთი ერთობ გაკვირვებულები არიან და ყველაფერს, როგორც წესი, აბრალებენ საქართველოს პრეზიდენტს, რომლის ხელგაშლილობასაც - ჯილდოების, ორდენებისა და წოდებების ჩამორიგების თვალსაზრისით - ბადალი ნამდვილად არ ჰყავს. მაგრამ, როგორც ირკვევა, ამ ვარსკვლავთცვენასთან პრეზიდენტს არავითარი შეხება არა ჰქონია და ვარსკვლავების მომრავლება გენერალთა სამხრეებზე მხოლოდ ნატოს სტანდარტებზე სამხედრო წოდებების გადასვლით ყოფილა განპირობებული.

ნატოს ნოემბრის პრაღის სამიტზე გაკეთებული განცხადება ალიანსში გაწევრიანების სურვილის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებს მთელი სამხედრო ძალები ნატოს სტანდარტებზე გადაიყვანოს. ამ ტრანსფორმაციაში, პირველ ყოვლისა, იგულისხმება სტრუქტურის შინაარსი და არა ფორმა. სიტყვაზე, არავინ დაძრახავს საქართველოს, თუ მის შეიარაღებაში საბჭოური წარმოების მძიმე ტექნიკა და იარაღი დარჩება, მაგრამ აუცილებელია, რომ საბრძოლო ქვედანაყოფებს მართავდნენ ახლებურად მოაზროვნე სამხედრო ლიდერები, რომლებსაც განათლება მიღებული ექნებათ ნატოს ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში და, სამხედრო სპეციალობის გარდა, ეცოდინებათ ინგლისური ან სხვა რომელიმე ევროპული ენა, ინტერნეტით სარგებლობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, საზოგადოებრივი ურთიერთობებიც კი. სანაცვლოდ, ოფიცრები სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში და პენსიაში გასვლის შემდეგაც უნდა იყვნენ სოციალურად დაცულნი, ანუ ჯეროვნად მოტივირებულნი.

ეს მოთხოვნა უკლებლივ ეხება მართვის ყველა რგოლს - ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების მატარებელი ოფიცრით დაწყებული და გენერლით დამთავრებული.
გასული წლის აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა დაამტკიცა სამხედრო კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც, წინასწარი ვარაუდით, უნდა დაეჩქარებინა არმიის რეფორმირებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტიცების პროცესი. უფრო ზუსტად, საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებდნენ მმართველობაში პარალელიზმის აღმოფხვრას, სტრუქტურულ და ფუნქციონალურ ცვლილებებს, სამხედრო ძალების რეზერვის ორგანიზებას, სამხედრო მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფის მოწესრიგებასა და საბჭოთა სამხედრო წოდებების ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. აქ განსაკუთრებით საყურადღებო იყო რამდენიმე გარემოება: პროფესიონალ სერჟანტთა ინსტიტუტის შემოღება და მათთვის სპეციალური კარიერის გაწერა. აი, როგორ ხსნიდა ამ აუცილებლობას დავით თევზაძე, პარლამენტში კანონპროექტების განხილვის დროს:

[დავით თევზაძის ხმა] "დღეს, ვთქვათ, სერჟანტს ვერ მოიზიდავ არა მარტო იმიტომ, რომ ანაზღაურებაა ცოტა, არამედ იმიტომ, რომ მას მომავალი არ აქვს. პრაქტიკულად, დღევანდელი სერჟანტი შეიძლება გახდეს ასეულში მეკუჭნავე და ეს არის მისი მაქსიმუმი."

ამ ინსტიტუტის ამოქმედებამ ნატოს სტანდარტების შესაბამისი წოდებების დაკანონება მოითხოვა. ამიტომ კანონის ახალი რედაქციით სერჟანტთა სპეციალური წოდებები განისაზღვრა: უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი და, ბოლოს, სერჟანტ-ლეიტენანტი. ნატოს სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შედარებით გაუძლო უმცროს და საშუალო ოფიცერთა წოდებებმა. მაგრამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგნენ ქართველი გენერლები, რომლებმაც, როგორც დავით თევზაძე ამტკიცებს, სამხრეებზე ვარსკვლავების განლაგებით თავგზა აუბნიეს ნატოელ კოლეგებს.
[დავით თევზაძის ხმა] "მარტივ მაგალითს გეტყვით: თქვენთვის ჩემი წოდება ცნობილია - მე ვარ გენერალ-ლეიტენანტი, თუმცა, მე რომ საზღვარგარეთ ჩემ კოლეგებთან ვჯდები, ისინი მე აღმიქვამენ როგორც გენერალ-მაიორს, ანუ წოდებით დაბლა. ჩემი ვარსკვლავების განლაგება ჩემს სამხრეებზე არ შეესაბამება იმას, რც მიღებულია."

აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ოფიცერთა რანგირებაში არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრას სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელებმა გაცილებით მეტი ენერგიით მიჰყვეს ხელი, ვიდრე სხვა მოთხოვნების შესრულებას და სულ მალე გენერალთა მრავალრიცხოვანი არმიის სამხრეებზე ახალ-ახალმა ოქროცურვილმა ვარსკვლავებმა დაიწყეს ბზინვა. ორვარსკვლავიანი გენერალ-მაიორები ოთხვარსკვლავიან გენერალ-ლეიტენანტებად გადაიქცნენ, შესაბამისად, ოთხვარსკვლავიანი გენერალ-ლეიტენანტების სამხრეებზე უკვე კორპუსის გენერლის ექვსმა ვარსკვლავმა დაიწყო კიაფი. ჯერჯერობით საქმე არ მისულა რვა ვარსკვლავამდე, ანუ გენერალ-ოფიცრამდე, რომელსაც რუსულ-საბჭოურ იერარქიაში გენერალ-პოლკოვნიკი შეესაბამებოდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ წოდების უმაღლესი ოფიცერი ქართულ სამხედრო უწყებაში ჯერ არ არსებობს.

მაგრამ მთელი ეს ვარსკვლავური რეფორმა საქართველოს ბიუჯეტს კაი გვარიანი თანხა დაუჯდა. სამხედრო უწყებაში მოქმედი კალკულაციით, გენერლის თითო ვარსკვლავი, რომელიც ოქროს ძაფით, ეგრეთ წოდებული კანიტელით, იქარგება, 12 -დან 14 დოლარამდე მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს სამხედრო სისტემაში, დაახლოებით, ასამდე გენერალია მიმობნეული, რომელთაც, კანონით, ორი - ერთი ყოველდღიური და ერთიც სააღლუმო - ფორმა ეკუთვნით, მათ სამხრეებზე ვარსკვლავების მომრავლება ბიუჯეტს საკმაოდ გვარიანი თანხა - დაახლოებით, 20 ათასი ლარი - დაუჯდება. ეს თანხა რამდენჯერმე გაიზრდება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქართველი გენერლები ასევე სახელმწიფოს ხარჯზე იკერავენ მუნდირებს, რომელიც 400 ლარი ღირს და რომლის ქსოვილის ფერმა ასევე მოითხოვა გამოცვლა ნატოს სტანდარტებზე გადასვლის გამო.

მაგრამ ქართველმა გადამხდელებმა, რომლებსაც ეს ინფორმაცია დიდად არ ესიამოვნებათ, თავი მხოლოდ იმით შეიძლება დაიმშვიდონ, რომ ეს ცვლილება საბოლოოა და რომ ოქროცურვილი ვარსკვლავებით მხარდამშვენებული გენერლები ამჯერად პატარა ვარსკვლავიანი და უვარსკვლავებო პირადი შემადგენლობის პრობლემებისთვისაც მოიცლიან.
XS
SM
MD
LG