Accessibility links

საახალწლოდ საქართველოში არაერთი კონკურსის


საახალწლოდ საქართველოში არაერთი კონკურსის,

სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოცხადდა, მაგრამ დღემდე ჩვენში ყველაზე პრესტიჟულად ისევ სახელმწიფო და რუსთაველის პრემია ითვლება. ამიტომ შემოქმედებითი საზოგადოება მოუთმენლად ელოდა სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გადაწყვეტილებას. ეს, შეიძლება ითქვას, "ძველთაძველი ტრადიციაა", რომელიც სტალინის ეპოქიდან მოდის. იყო დრო, როცა კრემლში დარიგებული ლენინური და სტალინური პრემიები (ხრუშჩოვის ეპოქაში "სტალინური" - "სახელმწიფო პრემიით" შეიცვალა) გულს უხარებდა მის ლაურეატებს, მათ შორის - ქართველ მწერლებს, მხატვრებს, მსახიობებს. თუმცა ეროვნული ღირსება ქართულ შემოქმედებით ინტელიგენციას მაინც არ დაუკარგავს და 1964 წლიდან, როცა საქართველოში რუსთაველის პრემიიის პირველი ლაურეატები გამოცხადდენ, სწორედ ეს ჯილდო მიაჩნდათ ყველაზე ფასეულად. 1980 წლიდან რუსთაველის პრემიას სახელმწიფო პრემიაც დაემატა. იმხანად მას "ხუთწლედის მატიანე" ერქვა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როცა ზოგიერთმა ხელოვანმა დემონსტრაციულად დაუბრუნა მოსკოვს ლენინური თუ სახელმწიფო პრემიები, "ხუთწლედის მატიანეს" ნორმალური სახელი - სახელმწიფო პრემია შეარქვეს. დღეს სახელმწიფო პრემიაზე წარდგენილი მწერლების, მხატვრების, რეჟისორების მთელი ყურადღება არა კრემლისკენ, არამედ საქართველოს კანცელარიისკენაა მიმართული - სახელმწიფო პრემიების კომიტეტი ხომ "პრეზიდენტთან არსებულია", რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიით დაჯილდოვდება მხოლოდ ის, ვისი ნაწარმოებიც მოსწონს ან შეიძლება მოეწონოს პრეზიდენტს. კაცმა რომ თქვას, ეს ბუნებრივიცაა: ჯილდოს ხომ "სახელმწიფო პრემია" ჰქვია! ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არავინ ართმევს უფლებას დააწესონ თავიანთი პრემიები. ხომ არსებობს, მაგალითად, "ყაზბეგის პრემია", რომლის მიღმა გოგი თოფაძე მოიაზრება. მაგრამ საქმეც ისაა, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა მხოლოდ პოლიტიკითაა გართული, არასამთავრობო ორგანიზაციებს კულტურისთვის ისევ არა სცალიათ, შემოქმედებითი ორგანიზაციების მიერ დაწესებული პრემიები კი ვერა და ვერ გახდა პოპულარული: ძველი ტრადიციით, ჩვენი შემოქმედებითი ინტელიგენცია აფასებს იმას, რაც მოსწონს ხელისუფლებას, ე.ი. რასაც "სახელმწიფო პრემია" ჰქვია.

და თუ სახელმწიფო პრემია, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი პრეზიდენტის გემოვნებას გამოხატავს, ახალი ლაურეატებით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა მოსწონს ან რა შეიძლება მოეწონოს პრეზიდენტს. თუმცა ჩვენთან საუბარში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პოეტმა ლია სტურუამ, კატეგორიულად გამორიცხა სახელმწიფო პრემიის ფენომენის ასეთი გაუბრალოება. მან რამდენჯერმე გაგვიმეორა, რომ არჩევნები უაღრესად ობიექტურად ჩატარდა და კომისიის წევრები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სინდისით და გემოვნებით მოქმედებდნენ.

[ლია სტურუას ხმა]: "არჩევნები არის ფარული, როდესაც ანიჭებენ სახელმწიფო პრემიას. ბოლოს ჯდება ხმის დამთვლელი კომისია და ითვლის ხმებს. ასე რომ, ჩვენი სუბიექტური თუ ობიექტური მისწრაფებები ხანდახან უკანა პლანზე გადადის."

ხმის დამთვლელი კომისიის დასკვნა კი წელს, მართლაც რომ, მოულოდნელი აღმოჩნდა. დაჯილდოებულებს შორის ვერ ვხედავთ, მაგალითად, მუსიკოსებს... არადა, კომპოზიტორ ელიზბარ ლონდარიძეს, რომელიც ნომინანტებს შორის იყო დასახელებული, მუსიკის სპეციალისტები გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ. მუსიკისმცოდნეები აღნიშნავდნენ, რომ ელიზბარ ლონდარიძემ ბოლო დროს მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, როგორც პედაგოგმა, გამოუშვა საფორტეპიანო პიესების კრებული, დაასრულა მუშაობა მშვენიერ საფორტეპიანო ციკლზე, რომელშიც საქართველოს მუსიკალური დიალექტები და ხასიათებია გათვალისწინებული. ლაურეატებს შორის ვერც კინემატოგრაფისტებს ვხედავთ, თუმცა ნომინანტებს შორის ერთდროულად სამი კინორეჟისორი იყო დასახელებული - მერაბ თავაძე (ფილმი "ხვეული კიბე"), გიული ჭოხონელიძე (ფილმი "ანთიმოზ ივერიელი") და მერაბ კოკოჩაშვილი, ავტორი ფილმისა "ნუცას სკოლა". მართალია, ქართული კინოს კრიზისის ფონზე, სამი ფილმის "ფინალში გასვლა" კინომცოდნეებმა თავიდანვე გადაჭარბებულად მიიჩნიეს (მით უმეტეს, რომ წლევანდელ ნომინანტებს შორის არ იყო, მაგალითად, არც ერთი არქიტექტორი), კოკოჩაშვილის ფილმის ასეთი "დაჩაგვრა" "ნუცას სკოლის" ოპონენტებსაც კი გაუკვირდათ. ეს გაკვირვება ჩვენ ქალბატონ ლია სტურუასთან საუბარშიც გამოვხატეთ. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გვიპასუხა:

[ლია სტურუას ხმა] "ადამიანი მაინც სუბიექტური არსებაა და მისი ობიექტურობა ხანდახან მაინც ტენდენციურად შეიძლება მოგვეჩვენოს, რაოდენ პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. ყველანაირად ცდილობდა 15 კაცი, რომელიც არის ამ კომისიის წევრი, რომ ობიექტურად მიეცა ხმა და მაინც ვიღაცაზე გული დაგვწყდა... ხმების რაოდენობის მიხედვით განაწილდა პრემიები."

პოეტმა ლია სტურუამ წელს პირველად მოაწერა ხელი სახელმწიფო პრემიის ლაურეატთა სიას. აქამდე თავმჯდომარის მოადგილედ პოეტი ტარიელ ჭანტურია მუშაობდა, კომიტეტს კი მურმან ლებანიძე ხელმძღვანელობდა. მურმან ლებანიძის გარდაცვალების შემდეგ ეს პოსტი ტარიელ ჭანტურიამ დაიკავა. სახელმწიფო პრემიების ჟიურიმ კი კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის თხზულებათა ოთხტომეულის მეოთხე წიგნი 2002 წლის პრემიით აღნიშნა. სახელმწიფო პრემია ერგო ჟიურის წევრსაც, რომელიც კენჭისყრაში არ მონაწილეობდა - რეზო ჭეიშვილს, მოთხრობათა ციკლისთვის "წიფობისთვე". აგრეთვე, დრამატურგ რეზო კლდიაშვილს პიესების კრებულისთვის "იადონას თეატრი", პოეტ იმირ მამედლის "ვეფხისტყაოსნის" აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნისთვის და მწერალ ზაურ კალანდიას რომანისთვის "ძეგლები ყველასათვის", რომელშიც 90-იანი წლების საქართველოს ისტორიული სურათები იხატება - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე. ამ სქელტანიან რომანს საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, განსაკუთრებით - მწერალთა კავშირში. სხვათა შორის, სახელმწიფო პრემიის 23 ნომინანტიდან 9 მწერალთა კავშირმა წარმოადგინა: დამოუკიდებლად, სხვა ორგანიზაციასთან ერთად ან კავშირის გაზეთის, "ლიტერატურული საქართველოს," სახელით. როგორც ვხედავთ, მწერალთა ორგანიზაციის აქტიურობა უშედეგოდ არ დასრულდა: 2002 წლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატთა აბსოლუტურ უმრავლესობას მწერლები შეადგენენ. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ჟიური, რომლის თავმჯდომარეც და თავმჯდომარის მოადგილეც მწერლები არიან, თითქმის მთლიანად "კალმოსნებისგან" შედგებოდა. ჩვენს კითხვაზე, ჭარბობდნენ თუ არა ჟიურიში მწერლები სხვა პროფესიის ადამიანებს, ლია სტურუამ გვიპასუხა:

[ლია სტურუას ხმა] "ვიყავით მარტო მე და ტარიელ ჭანტურია... თავმჯდომარე კომიტეტის... არ ჭარბობდნენ, იმიტომ რომ ასეთივე ექსპერტები არიან წარმოდგენილნი კინოდან, თეატრიდან, მხატვრობიდან. შარშან, მაგალითად, სამმა მხატვარმა მიიღო პრემია, წელს სამმა მწერალმა. ეს არ არის დამოკიდებული ამ ტენდენციაზე... ხან მწერლები იქნებიან, ხან მხატვრები."

მართლაც, ფარული კენჭისყრის შედეგებით რთულია რაიმე ტენდენციაზე ლაპარაკი. ყველაფერს შემთხვევითობა, ზოგჯერ ერთი ხმა წყვეტს ხოლმე. ასეთი კენჭისყრის შედეგები კი მოულოდნელი შეიძლება იყოს. მოულოდნელია, მაგალითად, კონკურსის კიდევ ერთი შედეგი - თეატრალური ხელოვნების დარგში მხოლოდ ერთი პრემია გაიცა - გაიმარჯვა რეჟისორმა და მსახიობმა გოგი ქავთარაძემ რუსთავის თეატრში აგაბოს როლის განსახიერებისთვის (სპექტაკლი "სანამ ურემი გადაბრუნდება") და ამავე თეატრში დადგმული "ჰამლეტისთვის". სახვითი ხელოვნების დარგშიც ერთი პრემია გაიცა - სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე 2002 წელს შექმნილი ტილოსთვის "განკითხვის დღე" და მთელი შემოქმედებისთვის. არადა, თეატრი და, განსაკუთრებით, სახვითი ხელოვნება, კულტურის ის სფეროებია, რომელსაც კრიზისი თითქმის არ შეეხო. გასულ წელს მოეწყო უამრავი საინტერესო გამოფენა, რომელსაც, წესით და რიგით, აუცილებლად უნდა დაემსახურებინა სახელმწიფო პრემიების ჟიურის ყურადღება.

სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გადაწყვეტილებას მხოლოდ ორი ადამიანი აწერს ხელს - თავმჯდომარე და მისი მოადგილე. ჩვენთვის უცნობია კომიტეტის დანარჩენი 13 წევრის ვინაობა. მართალია, ლია სტურუამ კატეგორიულად გამორიცხა "პოლიტიკა" ამ კონკურსში, ეჭვი მაინც ლოგიკურად იბადება: თუ კომიტეტი "პრეზიდენტთან არსებულია", ბუნებრივია, რომ კომიტეტის წევრები, ერთდროულად, "საკუთარი სინდისის" მიხედვითაც მოქმედებენ და, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, პრეზიდენტის გემოვნებასაც ითვალისწინებენ. პრეზიდენტი ხომ სახელმწიფოს პირველი პირია! მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ სახელმწიფო პრემიების ლაურეატები დღევანდელი ქართული კულტურის სახეს გამოხატავენ. ისინი გამოხატავენ მხოლოდ სახელმწიფოს სახეს. როგორიც სახელმწიფოა, ისეთი პრემიებია.
XS
SM
MD
LG