Accessibility links

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა დახმარება გაუწიოს ჩრდილო კორეას


შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა გადაწყვიტოს ენერგომატარებლებით დაეხმაროს ჩრდილო კორეას, თუკი გაღატაკებული ქვეყანა უარს იტყვის ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამაზე.

ეს დღეს განაცხადა სამხრეთი კორეის დედაქალაქ სეულში სტუმრობისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს კელიმ, მას მერე რაც შეხვედრები გამართა სამხრეთკორეელ ლიდერებთან, მათ შორის ახალარჩეულ პრეზიდენტ რო მე ჰენთან.

"მას მერე, რაც ბირთვულ იარაღს მოვუვლით, მერე კერძო ინვესტორებსაც გაუჩნდებათ ჩრდილო კორეაში კაპიტალდაბანდებების შანსებიო", თქვა მან. გასაკვირი არ არის, რომ ამ განცხადებამ მიმომხილველთა გარკვეული სკეპტიციზმი გამოიწვია. ჩრდილო კორეაში ბიზნესის წამოწყების მოსურნეთა პოვნა მთლად იოლი არ უნდა იყოს.

მართალია, კელის განცხადება ძალზე ზოგადი ხასიათისაა და გარკვეულ პირობას ემყარება, მაგრამ დიპლომატიურ წრეებში იგი შეფასდა, როგორც პირველი ნიშანი იმისა, რომ ბუშის ადმინისტრაცია, შესაძლოა, მზად იყოს ჩრდილო კორეასთან გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.

დათმობაა უკვე ის ფაქტი, რომ ვაშინგტონმა უარი თქვა ძველ უკომპრომისო პოზიციაზე, როცა იგი აცხადებდა, რომ იგი არ დაჰყვება პხენიანის "ბირთვულ შანტაჟს".

"ეს დათმობაა, პოზიციის შეცვლაა", განაცხადა კელის გამოსვლის თაობაზე ჩრდილო კორეის საკითხების სამხრეთკორეელმა სპეციალისტმა ლი ჩუნ მინმა. "ეს იმის ნიშანია, რომ ბუშის ადმინისტრაციას მართლა სურს დიპლომატიურად მოაგვაროს ეს პრობლემა და, როგორც ჩანს, იგი ძლიერი ზეწოლის ქვეშაც არის ამასთან დაკავშირებითო."

თეთრმა სახლმა აქამდე უკვე შეარბილა თავისი პოზიცია და გამოაცხადა, რომ სურს ჩრდილო კორეასთან საუბარი. თუმცა ვაშინგტონმა მკაფიო ზღვარი გაავლო საუბარსა და მოლაპარაკებებს შორის. ორშაბათს კელიმ გაიმეორა ეს შეთავაზება და თქვა, "რა თქმა უნდა, გვსურს ჩრდილოკორეელებთან საუბარი იმაზე, თუ რას უპასუხებს იგი საერთაშორისო თანამეგობრობასო."

კელიმ უარყოფითად შეაფასა გასული კვირის ბოლოს სანტა ფეში გამართული შეხვედრა ნიუ მექსიკოს გუბერნატორს, ბილ რიჩარდსონსა და ჩრდილო კორეის წარმომადგენლებს შორის. კელის თქმით, შეხვედრამ იმედები გააცრუა.

"ამ შეხვედრაზე ჩრდილოკორეელებს არაფერი უთქვამთ ისეთი, რაც აქამდე არ მოგვესმინა მათ ოფიციალურ გამოსვლებშიო", თქვა მან.

გასულ კვირაში ჩრდილო კორეა გამოვიდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან და შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა განაახლოს ბალისტიკური რაკეტების გამოცდა.

ანალიტიკოსების აზრით, ბუშის ადმინისტრაცია, რომელიც ამჟამად უფრო ერაყითაა დაკავებული, უფრო მოქნილი და დამთმობი გახდა. გარდა ამისა, ვაშინგტონში იმასაც აცნობიერებენ, რომ ჩრდილო კორეის მეზობლები, რუსეთი, ჩინეთი და სამხრეთი კორეა, ეწინააღმდეგებიან პხენიანის მიმართ ეკონომიკური სანქციების შემოღებას.

სხვათა შორის, მეზობლებს რაც შეეხება, სამხრეთი კორეა მომავალში ალბათ პრობლემებს შეუქმნის შეერთებულ შტატებს. მისმა არახალრჩეულმა პრეზიდენტმა, ლიბერალმა რო მუ ჰენმა ახლახან განაცხადა, რომ სეულმა აუცილებლად შეერთებული შტატების მხარე არ უნდა დაიკავოს ვაშინგტონსა და პხენიანს შორის დაძაბულ ურთიერთობაში.

ეს უკანასკნელი კი სულ უფრო მოურიდებელ ტონს ირჩევს შეერთებული შტატების მიმართ. კორეაში კელის ვიზიტთან და მის კომენტარებთან დაკავშირებით პხენიანმა ორშაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ცდილობს დაამახინჯოს ჩრდილოკორეელ ლიდერთა განცხადებები და მსოფლიოს ყალბი წარმოდგენა შეუქმნას. "თუკი შეერთებული შტატები დაივიწყებს თავის პასუხისმგებლობას და გამოგვიწვევს, ჩვენ იმპერიალიზმის ციტადელს ცეცხლის ზღვად გადავაქცევთო," ნათქვამია ჩრდილოეთი კორეის ოფიციოზურ გაზეთ "როდონ სინმუნის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
XS
SM
MD
LG