Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტთა პოლიტიკის “ეროვნული შემადგენელი”


დავით პაიჭაძე, თბილისი რუსეთის სამშვიდობო ძალების აფხაზეთიდან გაყვანა ორშაბათს სრულიად არაორაზროვნად მოითხოვა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილმა სხვა მოთხოვნებიც ჩამოაყალიბა და ყველაფერს ერთად საქართველოს ხელისუფლებისთვის წაყენებული ულტიმატუმი უწოდა. თუმცა ამთავითვე ცხადია, რომ ამ “ულტიმატუმის” შეუსრულებლობას ნათელაშვილი ვერაფერს მოაყოლებს.

ხსენებულ მოთხოვნას შალვა ნათელაშვილი უმატებს: რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას, რუსეთიდან ელჩის გაწვევას, ე.წ. დიდ ხელშეკრულებაზე მუშაობის შეჩერებას და კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთისთვის შუამავლის სტატუსის შეწყვეტას. ლეიბორისტების ლიდერს მიაჩნია, რომ საქართველომ ჰააგის სასამართლოში უნდა გაასაჩივროს რუსეთის, როგორც აგრესორის, ქმედება, წამოჭრას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან რუსეთის გარიცხვის საკითხი, მიაღწიოს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ კენჭი უყაროს კაცობრიობის წინააღმდეგ აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულთა განსასჯელად ტრიბუნალის შექმნას და მიიღოს ყველა ზომა იმ ადამიანთა საქართველოდან დეპორტაციისათვის, რომელთაც აფხაზეთში რუსეთის მოქალაქის პასპორტი აქვს ქართული ვიზის გარეშე.

შალვა ნათელაშვილი, როგორც თავად ამბობს, ამით ათიათასობით ამომრჩევლის აზრს გამოხატავს. აზრის ფორმირებისკენ ლეიბორისტთა ლიდერს უბიძგა სოჭსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენამ და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების “რუსეთის მოქალაქეებად საპასპორტო კურთხევამ” (ნათელაშვილის გამოთქმაა). მაგრამ ლეიბორისტთა ლიდერის სიტყვებში ისმის რაღაც, რაც ნათელაშვილის პათოსს სერიოზულობას უკარგავს [ნათელაშვილის ხმა]: “თუ სოხუმსა და სოჭს შორის რუსეთს ძალიან სურს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, მაშინ დავსვათ საკითხი ძირძველი ქართული ტერიტორიის, სოჭის ოლქის, საქართველოში დაბრუნების შესახებ, რომელიც რუსეთმა უკანონოდ მიიტაცა 20-ან წლებში და აღარ გვექნება ორ ქართულ ქალაქს, სოჭსა და სოხუმს შორის მატარებლების მიმოსვლის პრობლემა. სხვა შემთხვევაში ეს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის შეერთების პროცესს რუსეთის ფედერაციასთან”.

რა უნდა ქნას იმან, ვის ულტიმატუმსაც არ ასრულებენ? შალვა ნათელაშვილი ამ კითხვას ასე უპასუხებს [ნათელაშვილის ხმა]: “ეს არის ულტიმატუმი, რომელიც არ მოითხოვს ყბადაღებულ საბიჯეტო ასიგნებებს, არ მოითხოვს ტანკებს, თვითმფრინავებს, ჯარს; ამდენად, მის შესრულებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. არანაირ საულტიმატუმო და საპრობლემო ასპექტს არ წარმოადგენს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც იხილავს სახელმწიფოთა შორის არსებულ დავებს, საჩივრის შეტანა საქართველოს სახელმწიფოდან. შეგახსენებთ, 80-ან წლებში ნიკარაგუამ აშშ-ის სამხედრო ჩარევისაგან თავი გადაირჩინა მხოლოდ და მხოლოდ ჰააგის სასამართლოს მეშვეობით”.

ლეიბორისტთა ლიდერი ამ ულტიმატუმით მიმართავს არა იმდენად საქართველოს ხელისუფლებას, რამდენადაც მოქალაქეებს, ოღონდ ამ შემთხვევაში მიმართვა დაცლილია ულტიმატუმის შინაარსისაგან. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ, წესისამებრ, სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული ლეიბორისტი არ უცხოობს ნაციონალისტურ რიტორიკასაც. თუ მისმა კონკურენტმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” არაერთი მემარცხენე იდეა ისესხა თუ მიითვისა ლეიბორისტებისაგან, ამ უკანასკნელთაც ძალუძთ, ტოლი არ დაუდონ მეტოქეებს მათსავე მინდორზე: შალვა ნათელაშვილმა ორშაბათს დაამტკიცა, რომ, რიტორიკის დონეზე, ნაციონალისტობაში არავის ჩამოუვარდება.
XS
SM
MD
LG