Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძეს არაეფექტური სამშვიდობო ძალების საკითხის გადაწყვეტა არ ძალუძს


აფხაზეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენამ, აფხაზეთის მოსახლეობაში რუსეთის პასპორტების გავრცელების ფაქტთან ერთად, ედუარდ შევარდნაძეს აფხაზეთში განლაგებული

რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელების გაჭიანურება უკარნახა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნას აფხაზეთში წერტილი დაესმება. მანამდე, სანამ ამ ძალების სხვა ძალებით ჩანაცვლების პერსპექტივა არ ჩანს, შევარდნაძე აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. რუსეთის და რუსეთის სამშვიდობო ძალების მიმართ მისი გამკაცრებაც დროებით მოვლენას ჰგავს - დროებითს, რამდენადაც ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს წამოჭრილი სადავო საკითხების მოგვარებისთანავე მანდატის გაგრძელებას წინ არაფერი დაუდგება.

1 იანვრიდან მოყოლებული, აფხაზეთში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების სარდლობა მანდატის გაგრძელების მოლოდინშია. თუმცა, ედუარდ შევარდნაძის ბოლო განცხადების მიხედვით, სამშვიდობოებს მანდატის გარეშე ყოფნა გაუხანგრძლივდებათ, ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის პრობლემისადმი საკუთარ დამოკიდებულებაში გარკვეულ კორექტივებს არ შეიტანს: სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის ამოქმედებაზე საბოლოოდ უარს არ იტყვის, საქართველოს მხარეს ამ სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის მიზეზებს არ განუმარტავს და აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების დარიგების გამო არ მოიბოდიშებს. მანამდე პრეზიდენტი არ არის მზად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც აფხაზეთში განლაგებული სამშვიდობო ძალების სარდლობა ელის და რომელსაც აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში პუტინის პირადი წარმომადგენელი ვალერი ლოშჩინინიც ითხოვს. მან სოხუმში ყოფნისას განმარტა, რომ სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება ქმნის შეფერხებებს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ისე გაეროს ფარგლებში მიმდინარე სამშვიდობო პროცესში. ედუარდ შევარდნაძეს საკუთარი განმარტება აქვს:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “მე ჯერჯერობით არ ვარ მზად მივიღო გადაწყვეტილება სამშვიდობო კონტინგენტისათვის მანდატის გაგრძლების თაობაზე. თუმცა ვიცი, რომ სხვა ვარიანტი არ არის. მე გადაწყვეტილი მქონდა მანდატის გაგრძელება, მაგრამ ამ ნაბიჯებმა საკითხის გაჭიანურება მიკარნახა. იძულებული ვარ მოვიცადო, ვიდრე ეს საკითხები არ გადაწყდება. “

როგორც ვხედავთ, სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელების გაჭიანურება აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთის ბოლოდროინდელმა გამოხტომებმა განაპირობა და არა საქართველოს ხელისუფლების პოზიციამ. აქედან გამომდინარე, სამშვიდობო ძალების მანდატის საკითხს შევარდნაძე რუსეთზე ზეწოლისთვის იყენებს და არა აფხაზეთიდან ამ ქვეყნის სამშვიდობო ძალების გაყვანისთვის, თუმცა, როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამშვიდობო ძალები აფხაზეთში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერთა საბჭოს გადაწყვეტილებით დგანან და აფხაზეთიდან მათი გამოწვევა, ედუარდ შევარდნაძის კი არა, ისევ თანამეგობრობის ლიდერების გადასაწყვეტია. ეს განცხადებაც საქართველოსადმი რუსეთის დამოკიდებულების მეტყველი შტრიხია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია ყოველივე ამაზე სათანადო რეაგირება მოახდინოს. აფხაზეთში რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს ის გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრებაზე გააპროტესტებს, შემდეგ კი, როცა დარწმუნდება, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების დარიგება დროებითი მოვლენაა, სამშვიდობო ძალებს მანდატს უპრობლემოდ გაუგრძელებს. ედუარდ შევარდნაძის სიტყვებით: “აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხი დიდი ხანია დადგა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აფხაზეთისთვის ომის გამოცხადებას ნიშანვს, რისი შესაძლებლობაც ქვეყანას ჯერ არა აქვს.”
XS
SM
MD
LG