Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კავშირი აქვს საქართველოს ირანის სამხედრო საავიაციო წარმოებასთან


აშშ-ს მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან იმის გარკვევას ცდილობს, თუ რანაირი თანამშრომლობაა ჩამოყალიბებული ქართულ მხარესა და ირანის სამხედრო საავიაციო წარმოებას შორის.

შეერთებულ შტატებს თავისი პოზიცია ოფიციალურად არ გამოუთქვამს, ინფორმაცია მხოლოდ არაოფიციალურ დონეზე გავრცელდა. ამერიკის ელჩი რომ მართლაც დაინტერესდა ქართველი ავიამშენებლების ირანთან თანამშრომლობის პრობლემატიკით, ეს საქართველოს უშიშროების საბჭოში დაადასტურეს.

ჯერ კიდევ საშობაო არდადეგებზე სამშობლოში გამგზავრებამდე აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა და „თბილავიამშენისა“ და ირანის შესაძლო თანამშრომლობით დაინტერესდა. ეს ინფორმაცია ორი დღის წინ გავრცელდა და, შესაბამისად, ოფიციალური თბილისის რეაქციაც მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ლობილაძემ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა:
[ლობილაძის ხმა] „იყო აქ ამერიკის ელჩი, ეს იყო ახალ წლამდე. ჩვენ მოვილაპარაკეთ და ელჩმა თქვა, მე მივდივარ ამერიკაში და რომ ჩამოვალ, ქარხანას პირადად ვეწვევიო. ჩვენ დავარწმუნეთ, რომ არავითარი კონტაქტი „თბილავიამშენს“ ირანთან არ აქვს. დღეს უნდა დაუკავშირდნენ ელჩს და შეიძლება ხვალ ან ზეგ ამერიკის ელჩი „თბილავიამშენში“წავიყვანოთ.“

ცნობილი ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირი სამხედრო შეიარაღების დიდი ექსპორტიორი იყო და მისი არსებობის წლებში თბილისის ავიაქარხანაში შექმნილი სუ-25 ტიპის სამხედრო თვითმფრინავები სხავდასხვა ქვეყნებში გაიყიდა, მათ შორის, ერაყსა და ირანშიც.

ერაყისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ირანი კი სერიოზულად იყო დაინტერესებული თავის სამხედრო შეიარაღებაში არსებული 10 ერთეული სუ-25-ის შეკეთებითა და მსგავსი თვითმფრინავების შეძენით. ამას მოწმობს ისიც, რომ 1995 წელს თბილისში ვიზიტად მყოფი ირანის პრეზიდენტი რაფსანჯანი პრეზიდენტ შევარდნაძესთან ერთად სპეციალურად ეწვია თბილისის საავიაციო ქარხანას. მაშინ ირანისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიყიდვის შესახებ მიღწეული შეთანხმების რეალიზებას, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეუშალა ხელი.

ამით საქართველომ და თავად საავიაციო ქარხანამ მილიონობით დოლარის შემოსავალი დაკარგა. შესაბამისად, სერიოზული შეკვეთის გარეშე დარჩენილი „თბილავიამშენი“, რომელიც ყოველწლიურად 100-მდე სამხედრო თვითმფრინავს აწარმოებდა, იძულებული გახდა მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები სამსახურიდან დაეთხოვა. ამჟამად საავიაციო ქარხანაში 15 ათასიდან მხოლოდ 4 ათასამდე თანამშრომელი მუშაობს. შესაბამისად, არაა გამორიცხული უსამსახუროდ დარჩენილი სპეციალისტები ირანში აღმოჩენილიყვნენ, რაც ისევ აშშ-ს შეშფოთების საგანი გახდა.

13 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ არ უარყო, რომ ირანში დიდი ხანია ქართველი ავიატორები მუშაობენ, თუმცა ეს სახელმწიფო ჩარევისა და ხელშეწყობის გარეშე ხდება. შევარდნაძემ დასძინა, ირანში მარტო “თბილავიამშენის” სპეციალისტები კი არა, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ატომური ფიზიკის სპეციალისტებიც იმყოფებიანო.

შევარდნაძე ირანში მყოფ ქართველ ავიატორთა საკითხის ისეთნაირად გარკვევის მომხრეა, რომ არ შეილახოს აშშ-სა და ირანის ინტერესები. ამ ქვეყნებთან საქართველოს კარგი სავაჭრო ურთიერთობები აქვს. შევარდნაძის თქმით, საქართველო თავს იკავებს იმ ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისაგან, რომელთაც საერთაშორისო საზოგადოება ატომური ბომბის შექმნის სურვილის გამო აკრიტიკებს. თუმცა სწორედ ასეთ ქვეყნებშია ქართული სუ-25 ტიპის სამხედრო საფრენ აპარატთა მნიშვნელოვანი ნაწილი.
XS
SM
MD
LG