Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო “თავისუფლების” ყოველკვირეული პროგრამის


რადიო “თავისუფლების” ყოველკვირეული პროგრამის,

“ოქროს საუკუნის,” წინა გამოშვება მიხეილ ჭიაურელის ფილმის, “გიორგი სააკაძის”, იუბილეს ეძღვნებოდა. დღეს მინდა დავასრულო ის საუბარი, რომელშიც მონაწილეობას იღებს ჭიაურელის ფილმში პაატას როლის შემსრულებელი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.

“გიორგი სააკაძეს” საფუძვლად დაედო ანა ანტონოვსკაიას რომანი “დიდი მოურავი”, რომლის წერას თბილისელი მწერალი 1936 წელს შეუდგა. თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იმხანად, როცა ჭიაურელმა “გიორგი სააკაძის” გადაღება დაიწყო, ანტონოვსკაიას რომანი ჯერ არ იყო გამოქვეყნებული სრული სახით. ქართული კინოს ისტორიკოსები არსად არ აღნიშნავენ, თუ რატომ გადაწყდა ომის წლებში სწორედ ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია და რატომ ერგო ანა ანტონოვსკაიას პატივი თავის ვაჟ ბორის ჩერნისთან ერთად დაეწერა სცენარი ჭიაურელის ფილმისთვის. ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ მწერალ ქალბატონს რუსული გვარი ჰქონდა?... ეს კი ჭიაურელს და, პირველ რიგში, ალბათ, სტალინს, გარკვეული “ეროვნული კომპლექსისგან” გაათავისუფლებდა: მაყურებელი დარწმუნდებოდა, რომ “ძმურ საბჭოთა ოჯახში” გაერთიანებულ ხალხს უკვე ერთი, საერთო ისტორია აქვს, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ ერთნაირად ახლობელია ქართველისთვის და რუსისთვის, უკრაინელისთვის და უზბეკისთვის... სტალინი კი რომ უშუალოდ მონაწილეობდა “გიორგი სააკაძის” გადაღებაში, ამას კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილიც ადასტურებს:

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] “უკვე როცა ტელეფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი, ცოცხალი იყო მაშინ კანდიდ ჩარკვიანი, ცეკას პირველი მდივანი ათწლეულის განმავლობაში, 1937 თუ 38 წლიდან. გადავწყვიტეთ ინტერვიუ აგვეღო მისგან... მართლაც, ბევრ საინტერესო ამბავს მოჰყვა და ერთ-ერთი იყო “გიორგი სააკაძის” გადაღება. მან თქვა: მე ვიხსენი ქართული ხელოვნება იმისგან, რომ სპარტაკ ბაღაშვილს ეთამაშა გიორგი სააკაძის როლიო. ჩვენ ყველანი შეჩვეულები ვართ, რომ აკაკი ხორავაა გიორგი სააკაძე. მე სხვანაირად ვერც კი წარმომიდგენია, - ბევრი საერთო აქვთ. მაგრამ ეს რომ თქვა სპარტაკ ბაღაშვილზე, წარმოვიდგინე, რომ სპარტაკიც ახლოს იქნებოდა გიორგი სააკაძესთან. ვკითხე, როგორ იხსენით-მეთქი... როცა სცენარი წავიკითხე, ვთქვიო, არ შეიძლება გიორგი სააკაძე ითამაშოს. ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, როგორ შეიძლებოდა... კი მაგრამ, მეფე რომ ითამაშა-მეთქი? - ვკითხე. მეფე სხვა არისო. სტალინის რეზოლუცია იყო გიორგი სააკაძეზე და მე დავუშვებდი, რომ სააკაძე ავადმყოფს ეთამაშაო?”

“გიორგი სააკაძისთვის” ბიოგრაფიული ქრონიკის ჟანრი შეირჩა. ეს იყო საუკეთესო საშუალება მაყურებლის იდენტიფიკაციის მისაღწევად გმირთან მაშინაც კი, თუ მაყურებელი უზბეკი იყო, მაგალითად, და, წესით და რიგით, მისთვის უცხო უნდა ყოფილიყო გარემო, რომელიც ნაჩვენებია ფილმში. აღარაფერს ვიტყვით, ანტიმუსულმანურ პათეტიკაზე, რომელიც სტალინს იმხანად ძალიან სჭირდებოდა: ერთი მხრივ, როგორც ჩანს, მას უკვე გეგმაში ჰქონდა ათასობით ჩრდილოკავკასიელი მუსულმანის, აგრეთვე, მუსულმანი მესხების აყრა საკუთარი მიწიდან, მეორე მხრივ, ქართველთა ბრძოლის გახსენება სპარსი, თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ, ძალაუნებურად, განამტკიცებდა “ერთმორწმუნე რუსეთთან” დაახლოების აუცილებლობის სტერეოტიპს და, პირველ რიგში, მოსკოვს ასიამოვნებდა. [ფილმის ხმა]

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა]: “მუსულმანობასთან დაპირისპირება მას აწყობდა, რადგან თურქეთი იმ პერიოდში გერმანიის მხარეს იკავებდა... ჩვენ ახლა ვფიქრობთ ცოტა სხვანაირად, თორემ თავის დროზე ჩვენთვის თურქი, სპარსი იყო მტერი...

სტალინური ეპოქის ფილმებში, მოგეხსენებათ, “მტერი” დრამატურგიის ღერძს შეადგენდა. “მტრის” გარეშე, სულერთია, ფაშისტების ჯაშუში იქნებოდა იგი თუ ერთი სულელი ბიუროკრატი, ფილმის სტრუქტურა, უბრალოდ, ვერ იგებოდა. სამამულო ომის დაწყებისთანავე სტალინისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა თავად ამ ომის თემაზე გადაღებული ფილმის დასრულება, მაგრამ სიტუაცია ფრონტზე ჯერ სრულიად გაურკვეველი იყო, ამიტომ თანამედროვეობის ამსახველი მხატვრული ფილმი მოკლებული იქნებოდა დამაჯერებლობას. არც 30-იანი წლების მიწურულისთვის ტრადიციული “მავნებლის” თუ “ტროცკისტის” სახე ივარგებდა. როგორც მერაბ კოკოჩაშვილი აღნიშნავს:

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] “ფილმი იყო დაწყებული მაშინ, როცა შინა მტრებთან ბრძოლის ეტაპი უკვე განვლილი იყო. ყველა დაჭერილი იყო, ვისი დაჭერაც შეიძლებოდა... და ეს უკვე იწყებოდა მაშინ, როცა ძალიან აქტიური მზადება იყო ომისთვის... რაც შეეხება წინა მტრებს... ეს იმ ეტაპზე მოთავებული იყო და საჭირო იყო მთელი ხალხის დარაზმვა სამშობლოს დასაცავად. ყველა რესპუბლიკაში კეთდებოდა ასეთი ფილმები, მაგრამ “გიორგი სააკაძე” მას განსაკუთრებით უყვარდა.”

“გიორგი სააკაძის” სცენარის ავტორებმა საფუძვლიანი კონსულტაციები გაიარეს. ანტონოვსკაია და ჩერნი არაერთხელ შეხვდნენ იმ ქართველ ისტორიკოსებს, რომელთაც თავად სტალინი აფასებდა. თუმცა, როგორც ჩანს, ავტორებს მაინც მიეცათ უფლება მახვილი იმაზე დაესვათ, რაც უფრო აქტუალური იყო. აუცილებელი იყო შექმნილიყო ტოტალური დაბეზღების, ფარისევლობის, ღალატის ატმოსფერო, აუცილებელი იყო, მაყურებელს ეგძნო, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოში, ფაქტობრივად, არ იყო ძალა, რომელსაც გიორგი სააკაძე ქვეყნის განთავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეყრდნობოდა. და, ამავე დროს, ჭიაურელს აქაც უნდა დაეცვა წონასწორობა. ქართველი ფეოდალების სიმუხთლეს პირდაპირი ასოციაცია არ უნდა შეექმნა მაყურებელში... და თუ ეიზენშტეინმა “ივანე მრისხანის” მეორე სერიაში “მიაგდო” მარტო ივანე მრისხანე, მიაღწია დიქტატორის პერსონიფიკაციის ტრაგედიას და ყველასგან გარიყულ მეფეში სტალინს საკუთარი თავი დაანახვა, კინოიდენტიფიკაციის მექანიზმის ამუშავების მიუხედავად, ჭიაურელმა გიორგი სააკაძესთან დისტანცია მაინც დატოვა. როგორც ჩანს, ამასაც სტალინური კონიუნქტურა და სტალინის მომავალი გეგმები მოითხოვდა. სტალინის შესახებ მერაბ კოკოჩაშვილი აღნიშნავს:

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] “დიდ პატივს სცემდა, როგორც ჩანს, ქართველ ისტორიკოსებს. იმიტომ რომ იმის შემდეგ, როცა დაიწერა მოკლე კურსი საქართველოს ისტორიის... მან ხომ მიიწვია თავისთან ბერძენიშვილი და ჯანაშია. მახსოვს, ჯანაშიას ქალიშვილის, რუსიკო ჯანაშიას, სიტყვები, როგორ მოხაზა საქართველოს პროვინციები სტალინმა და შეიყვანა საქართველოს შემადგენლობაში ის ტერიტორიები, რომელიც თურქეთში იყო და დღესაც თურქეთშია... ამას მოჰყვა ჩერჩილის წერილი “სტალინი იარაღს აჟღარუნებს.”

მოგვიანებით, თავის საიდუმლო მოხსენებაში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე, ნიკიტა ხრუშჩოვი ორჯერ გააკრიტიკებს ჭიაურელს ერთი და იმავე მიზეზით -“სოციალისტური სიმართლისგან გადახრისთვის” და ამით ხაზს გაუსვამს, რომ “სიმართლიდან გადახრა”, ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, “ზღაპარი” – უცხო უნდა იყოს საბჭოთა სინამდვილისთვის და კინო რეალობას უნდა დაუბრუნდეს. ხრუშჩოვს არ გაუკრიტიკებია სხვა რეჟისორთა “სტალინური ფილმები” მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იმ სურათებში სოციალისტური რეალიზმის პრეტენზია იყო. – ჭიაურელმა კი თამაშის სხვა წესი აირჩია: იგი ქმნიდა ოდას, ისტორიულ ზღაპრებს, რელიგიურ ფილმებს... ოღონდ ამ რელიგიას სულ სხვა ღმერთი ჰყავდა – იოსებ სტალინი. ამიტომაც “გიორგი სააკაძე” არა იმდენად ხალხს ამხნევებდა, შეუპოვრობისა და გმირული ბრძოლებისკენ მოუწოდებდა, რამდენადაც ამხნევებდა თავად ბელად-ღმერთს, ამხნევებდა გადამწყვეტი ბრძოლის წინ:

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა] “სტალინის გეგმებში არასდროს არ ყოფილა მხოლოდ საქართველოში განდიდება (თუ მის ბავშვობას არ ჩავთვლით), მისი ამოცანა უფრო მეტი იყო და რუსეთი, ამ შემთხვევაში, ტრამპლინის როლს ასრულებდა. შემდეგ გამოიყენა კიდეც და გააფართოვა ნახევარი ევროპა.”

80-იანი წლების პირველ ნახევარში, როცა კრემლმა ერთიმეორის მიყოლებით დაიტირა ბრეჟნევი, ანდროპოვი და ჩერნენკო, ცენტრალური კომიტეტის ყოველი გენერალური მდივნის გარდაცვალებას სასწრაფოდ მოჰყვებოდა ხოლმე ცვლილებები ტელეპროგრამებში. საქართველოს ტელევიზიამ სამივე შემთხვევაში მაყურებელს “გიორგი სააკაძე” უჩვენა. დღეს, შესაძლებელია, ამ ფაქტის გახსენებამ რადიომსმენელი გააღიზიანოს, მაგრამ იქნებ ვაღიაროთ, რომ კომუნისტური ეპოქის ტელევიზიის იდეოლოგებმა იმხანად, უბრალოდ, ვერ დაიმორჩილეს თავიანთი ირაციონალური ვნებები; ვაღიაროთ, რომ სტალინური ეპოქის “გიორგი სააკაძე” არა ახალი ისტორიული ეპოქის, ახალი გამარჯვებების წინასწარმეტყველებაა, როგორც ეს ბელადს სურდა, არამედ უფრო დატირება... თანაც, დატირება ცრემლის გარეშე, - დატირება, რომელსაც თან ახლავს მომავლის შიში და გაურკვევლობის დამთრგუნველი განცდა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG