Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში იზრდება სპარსეთის ყურეში ომის მოწინააღმდეგეთა რიცხვი


შეერთებული შტატები და მისი უახლოესი მოკავშირე, დიდი ბრიტანეთი, ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ომისთვის ემზადებიან. მაგრამ სპარსეთის ყურეში ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის

თავმოყრის პარალელურად მთელ მსოფლიოში, მათ შორის ამერიკასა და ბრიტანეთში, ფართოვდება ომის საწინააღმდეგო მოძრაობა. უფრო მეტიც, საომარი კამპანიის მოწინააღმდეგეები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს საკუთარ მთავრობაშიც გამოუჩნდნენ. ბიძინა რამიშვილს მოუსმინეთ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა კვირას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ შეიცვლის ერაყის მიმართ პოზიციას და კვლავაც დარწმუნებულია, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთისთვის.

"მე ვიცი და მესმის ხალხის წუხილის მიზეზი. ზოგს მიაჩნია, რომ საფრთხე ჩვენგან ძალიან შორს არის. მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ერაყი უნდა განვაიარაღოთ მასობრივი განადგურების იარაღისგანო", თქვა მან დაუნინგ სტრიტზე გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მაგრამ ბლერი – ერაყის საკითხში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ყველაზე მხურვალე მოკავშირე – მალე შეიძლება საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოწმობს, რომ ერაყის წინააღმდეგ ომის მომხრეთა რიცხვი ბრიტანეთში დრამატულად იკლებს. ამჟამად მოსახლეობის მხოლოდ 13 პროცენტი უჭერს მხარს ამერიკისა და ბრიტანეთის სამხედრო აქციას ბაღდადის წინააღმდეგ. 58 პროცენტი არ არის დარწმუნებული, რომ სადამ ჰუსეინი საკმარისად სახიფათოა მსოფლიოსთვის. 53 პროცენტი კი ერაყის წინააღმდეგ ბრიტანეთის გალაშქრებისთვის გაეროს თანხმობას უჭერს მხარს.

ამ ვითარებამ ბლერის მთავრობაშიც ჰპოვა ასახვა. შაბათს განვითარების მინისტრმა კლერ შორტმა განაცხადა, რომ გაეროს ახალი რეზოლუციის გარეშე ბრიტანეთმა არ უნდა დაუჭიროს მხარი ამერიკის ცალმხრივ სამხედრო კამპანიას ერაყის წინააღმდეგ. გაზეთ "გარდიანის" თანახმად, პარლამენტში ასამდე ლეიბორისტი იზიარებს ამ აზრს. გაზეთის აზრით, მმართველი პარტიის შიგნით ამბოხებაა მოსალოდნელი.

ომის საწინააღმდეგო განწყობილება მეტ-ნაკლებად მთელს ევროპაში სუფევს, განსაკუთრებით კი გერმანიაში. მმართველი კოალიციის წევრის, მწვანეთა პარტიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მწვანეები თავს ევროპაში ანტისაომარი მოძრაობის ავანგარდად მოიაზრებენ. გერმანია ევროპის კავშირის ერთადერთი წევრია, რომელმაც მთავრობის დონეზე განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ომში.

საფრანგეთმაც სერიოზული თავშეკავება გამოხატა შესაძლო საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით, თუმცა ახლახან პრეზიდენტმა შირაკმა მიანიშნა, რომ ომის შემთხვევაში შეიძლება ჯარები გააგზავნოს სპარსეთის ყურეში ამერიკელთა დასახმარებლად.

ომს კატეგორიულად ეწინააღმდეგება რომის პაპი იოანე პავლე მეორე. "არა ომს!" – თქვა მან ორშაბათს თავის ყოველწლიურ გამოსვლაში, რომელშიც პირველად ახსენა კონკრეტულად ერაყი. აქამდე იგი ზოგადად ომის წინააღმდეგ ილაშქრებდა. სხვათა შორის, პაპი აქტიურად გამოდიოდა ომის წინააღმდეგ 1991 წელსაც.

ვისაც სურს, უფრო უშუალო წარმოდგენა შეიქმნას ომის საწინააღმდეგო კამპანიის შესახებ, ვურჩევ დაათვალიეროს ამ თემისადმი მიძღვნილი ურიცხვი რაოდენობის საინტერნეტო საიტები. მათზე მოთავსებული პეტიციების რაოდენობა, საპროტესტო დემონსტრაციების კალენდრები, ანალიტიკური მასალები შესაძლო ომთან დაკავშირებული საფინანსო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული თუ სხვა პრობლემების შესახებ, მეტყველებს არა მარტო სამშვიდობო მოძრაობის გლობალურ მასშტაბებზე, არამედ მის სრულიად ახალ, ელექტრონულ განზომილებაზეც.
XS
SM
MD
LG