Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელია უთანხმოება ევროპის კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის მუსკალური ჩანაწერების საავტორო უფლებების თაობაზე


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ევროპის კავშირში მოქმედი კანონების თანახმად,

მუსიკალურ ჩანაწერზე საავტორო უფლებების დაცვა 50 წლის განმავლობაში ხორციელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ 1950-იანი წლების ათასობით მუსიკალური ჩანაწერი სულ მალე საზოგადოებრივი საკუთრება გახდება. ეს ერთგვარ შეუსაბამობაშია შეერთებული შტატების კანონთან, რომელიც მუსიკალური პროდუქციის საავტორო უფლებებს მისი პირველი ჩაწერიდან 95 წლის განმავლობაში იცავს.

ექსპერტების ვარაუდით, ეს განსხვავება მომავალი ათი წლის მანძილზე ვაჭრობის სფეროში უთანხმოებებს გამოიწვევს. მათი თქმით, დავა დაიწყება იმ საკითხის გარშემო, თუ ვინ უნდა იხეიროს პოპ-კულტურის ისეთი საკულტო მოვლენებისგან, როგორიცაა, ვთქვათ, ელვის პრესლი, "ბიტლზი" თუ "როლინგ სტოუნზი". ამ თემას შეეხება ჩვენი ყოველკვირეული გადაცემა "ათასწლეულთა მიჯნაზე".

პოპ-მუსიკის ბუმბერაზები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ და შეერთებულ შტატებში საავტორო უფლებები მათზე კიდევ 45 წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

მომავალ უთანხმოებაში ერთ მხარეს იქნება ამერიკის მუსიკალური კორპორაციების ძლევამოსილი ლობი სახელწოდებით "ამერიკის ხმის ჩამწერი მრეწველობის ასოციაცია", რომლის ზეწოლით ამერიკის კონგრესმა 1998 წელს 20 წლით გაზარდა საავტორო უფლებების დაცვის ვადა.

მეორე მხარეს იქნება ევროპის კავშირის დირექტივა საავტორო უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც ძალაში 1996 წელს, დაძაბული საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგ შევიდა.

"ფონოგრაფიული მრეწველობის საერთაშორისო ფედერაციის" წარმომადგენლის შტეფან კრავჩიკის თქმით, ევროპის კავშირის დირექტივა მის წევრ ქვეყნებს შესაბამისი კანონების ჰარმონიზებაში დაეხმარა.

განსხვავება ევროპის კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის მხოლოდ მუსიკალური ჩანაწერების სფეროში არსებობს. რაც შეეხება კომპოზიტორებს, მათი უფლებების დამცველი კანონები ორივეგან ერთნაირია: მუსიკოსის სიცოცხლე პლუს 70 წელი. ეს ნიშნავს, რომ კომპოზიტორის ოჯახის წევრები და შთამომავლები უფლებამოსილი არიან, კომპოზიტორის სიკვდილის შემდეგ 70 წლის განმავლობაში მიიღონ ჰონორარი.

განსხვავება ევროპულსა და ამერიკულ კანონებს შორის ხმის ჩამწერ კომპანიებსა და შემსრულებელებს ეხება. "ამერიკის ხმის ჩამწერი მრეწველობის ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი ნილ ტურკევიჩი შიშობს, რომ ევროპის კავშირის კანონი საშუალებას მისცემს ევროპის იაფი კომპაქტდისკების მწარმოებლებს, ძირი გამოუთხარონ პოპ-მუსიკის ლეგენდარული ჩანაწერების ამერიკულ ბაზარს.

ტურკევიჩის აზრით, ევროპის ფირმების მიერ გამოშვებული ამ ჩანაწერების იმპორტი შეერთებულ შტატებში მეკობრეობად უნდა ჩაითვალოს. ასეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, ასოციაცია შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან საბაჟო ბარიერების შემოღებას მოითხოვს. თუ ეს თხოვნა დააკმაყოფილეს, მოსალოდნელია, რომ ევროპის კავშირი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საჩივარს შეიტანს.

როგორც "ამერიკის ხმის ჩამწერი მრეწველობის ასოციაცია", ისე "ფონოგრაფიული მრეწველობის საერთაშორისო ფედერაცია", ცდილობენ, ევროპის კავშირის ქვეყნები მუსიკალურ ჩანაწერებზე საავტორო უფლებათა დაცვის გაფართოებაზე დაიყოლიონ.

მაგრამ იმედი, რომ ეს ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდება, მცირეა. ევროპის კავშირის კანონი რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების საფუძველზე შეიქმნა. თანაც, იმ მოლაპარაკებს შეერთებული შტატების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და მიღებული კანონი სავსებით შეესაბამება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს.

როგორც კი მუსიკალური ჩანაწერი საზოგადოების კუთვნილება ხდება, კომპანია, რომელმაც ის პირველად გამოუშვა, კარგავს უფლებას, სხვა კომპანიებსა თუ კერძო პირებს ასლების გაკეთება და გაყიდვა აუკრძალოს. სიმღერის ავტორი ჰონორარის მიღების უფლებას ინარჩუნებს, სიმღერის ჩამწერი კომპანია კი ამ უფლებას ემშვიდობება.

სხვა სიტყვებით, ის კომპაქტდისკები, რომლებიც მანამდე არალეგალურად ითვლებოდა, ევროპაში ლეგალური ხდება მას, შემდეგ რაც პირველ ჩანაწერს 50 წელი შეუსრულდება. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, სად გაკეთდა პირველი ჩანაწერი: ევროპაში თუ სხვაგან.

დღემდე ყველაზე მომგებიანი ჩანაწერები, რომლებიც საზოგადოების საკუთრებაში გადავიდა, იყო ძველი, წუთში 78-ბრუნვიან ფირფიტებზე ჩაწერილი ბლუზები, ოპერები, კლასიკური და ჯაზური მუსიკა.

საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდებისა და გერმანიის კომპანიები ამ ფირფიტებიდან სრულიად ლეგალურად აწარმოებენ კომპაკტდისკებს და, ვინაიდან ჰონორარის გადახდა არავისთვის უხდებათ, მათ ძალიან იაფად ჰყიდიან, თითოს სულ ორიოდე დოლარად.

ამერიკაში იგივე ჩანაწერები საავტორო უფლებების დაცვის კანონს ექვემდებარება და ამის გამო ფასიც შესაბამისი აქვს: თითო დისკი 15-დან 25 დოლარამდე ღირს.

და მაინც: მსოფლიოში მოთხოვნილება ძველ ბლუზებზე, ჯაზზე თუ კლასიკურ მუსიკაზე არ შეიძლება შეედაროს მოთხოვნილებას ადრეული როკისა და პოპ-მუსიკის ჰიტებზე, ჩანაწერებზე, რომლებიც ევროპაში მხოლოდ ახლა იწყებს საზოგადოების საკუთრებაში გადასვლას.

ადრეული "ბიტლზი" და "როლინგ სტოუნზი" ევროპაში საზოგადების საკუთრებაში მხოლოდ 2013 წლის ბოლოს გადავა. ასე რომ, დღეს მომრავლებული მეკობრული ფირმები კიდევ მოასწრებენ მათგან ხეირის მიღებას.
XS
SM
MD
LG