Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ იქნება ჩეხეთის პრეზიდენტის პოსტზე ვაცლავ ჰაველის მემკვიდრე?


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს, 15 იანვარს, ჩეხეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატები შეიკრიბებიან პრაღის სასახლეში, სადაც პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის მემკვიდრე უნდა აირჩიონ.

3 თებერვალს ამოიწურება ჰაველის პრეზიდენტობის მეორე ხუთწლიანი ვადა. მაგრამ, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, მეტად ძნელია იმის თქმა, რომ 3 თებერვალს უკვე გარკვეული იქნება ჩეხეთის ახალი პრეზიდენტის ვინაობა.

ყოფილ დისიდენტსა და ერთ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პეტრუშკა შუსტროვას, რომელიც გაზეთ "ლიდოვე ნოვინის" კორესპონდენტია, ეჭვი ეპარება, რომ ოთხშაბათს ჩეხი კანონმდებლები ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის არჩევას შეძლებენ.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 4 კანდიდატი მონაწილეობს: ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვაცლავ კლაუსი, რომელსაც მოქალაქეთა დემოკრატიული კავშირი უჭერს მხარს, სენატის თავმჯდომარე პეტრ პიტჰარტი, რომელსაც ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა და სახალხო პარტიის გარკვეული ნაწილი ემხრობა; მმართველი სოციალ-დემოკრატების რჩეული იაროსლავ ბურეში, და კომუნისტებით ზურგგამაგრებული ვექილი და ყოფილი სამხედრო პროკურორი მიროსლავ კრიჟენეცკი.

ხსენებული კანდიდატები, ვაცლავ კლაუსის გარდა, სხვადასხვა დროს ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის წევრები იყვნენ: პიტჰარტი 1968 წლამდე, ხოლო ბურეში და კრიჟენეცკი 1989 წლამდე.

დღეისთვის, არც ერთ მათგანს არა აქვს შანსი, არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვოს, რისთვისაც ორასწევრიან ქვედა პალატაში სულ ცოტა 101, ხოლო 81-ადგილიან სენატში მინიმუმ 41 ხმის მიღებაა აუცილებელი. ხმების დათვლა პარლამენტის ქვედა პალატასა და სენატში ცალ-ცალკე ხდება, რაც გამარჯვებულის გამოვლენას კიდევ უფრო ართულებს.

იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა არჩევნების მეორე ტურის ჩატარება, მოქმედი კანონის თანახმად, კენჭისყრა პარლამენტის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე მოეწყობა, რაც გამარჯვებულის გამოვლენის ალბათობას გაზრდის.

მიმომხილველთა ვარაუდით, ქვედა პალატაში ყველაზე მეტ ხმას კლაუსი მიიღებს, ხოლო სენატში – პიტჰარტი.

თუ გამარჯვებული ვერც მეორე ტურმა გამოავლინა, დაინიშნება ახალი არჩევნები, და მასში უკვე სხვა კანდიდატებიც შეძლებენ პაექრობას. და თუ საქმე აქამდე მივიდა, ყველაზე რეალურ ახალ კანდიდატად სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილ თავმჯდომარესა და ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს მილოშ ზემანს მიიჩნევენ.

თუ საპრეზიდენტო არჩევნების მომდევნო ტურები უშედეგო აღმოჩნდა, პარლამენტი ალბათ ცვლილებას შეიტანს კონსტიტუციაში, რათა პრეზიდენტი პირდაპირ იქნეს არჩეული ხალხის მიერ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამგვარი არჩევნები, ყველაზე ადრე, სექტემბრშია მოსალოდნელი. მანამდე კი, პრეზიდენტის უფლებამოსილებებს პრემიერ-მინისტრი შპიდლა და პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ლუბომირ ზაორალეკი გაინაწილებენ. თუმცა, ეს ყველაფერი პროგნოზების სფეროა. ჩვენ კი, ცხადია, ოპერატიულად გაცნობებთ ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს.
XS
SM
MD
LG