Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილინოისის შტატის გუბერნატორის სენსაციური გადაწყვეტილება


ანდრო ეული, პრაღა სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით აშშ-ში მიმდინარე პოლემიკა კვლავ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ილინოისის შტატის გუბერნატორმა ჯორჯ რაიანმა, ამ დღეებში,

სამუდამო პატიმრობით შეუცვალა სასჯელის უმაღლესი ზომა 167 მსჯავრდებულს. ვიდრე ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჯორჯ რაიანი 3 წლის განმავლობაში ეცნობოდა მის შტატში მოქმედ სამართლებრივ სისტემას. ქვემოთ გესაუბრებით ამერიკელი გუბერნატორის ერთობ სენსაციური გადაწყვეტილების შესახებ.

ჯორჯ რაიანი, ისევე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რესპუბლიკური პარტიის წევრია; პარტიისა, რომლის წევრთა უდიდესი უმრავლესობა სიკვდილით დასჯას უჭერს მხარს. ტეხასის შტატში, რომელზეც მთელი ქვეყნის მასშტაბით სიკვდილით დასჯის საერთო მაჩვენებლის თითქმის ნახევარი მოდის, 1995-2000 წლების პერიოდში, როცა ტეხასს გუბერნატორი ჯორჯ ბუში მათავდა, 130-ზე მეტი სასიკვდილო განაჩენი იქნა მოყვანილი სისრულეში.

ჯორჯ რაიანი სიკვდილით დასჯას "ამორალურს" უწოდებს. შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა: [ჯორჯ რაიანის ხმა] "მრავალი საკითხი და არაერთი ღამე შემიძლია გავიხსენო, რომელიც მე და ჩემმა თანამშრომლებმა თეთრად გავათენეთ, რათა საგულდაგულოდ შეგვესწავლა ეს სისტემა. თუმცა, უნდა გითხრათ: "ამაღამ მშვიდად დავიძინებ, რამეთუ ვიცი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე."

თავის დროზე სიკვდილით დასჯის მომხრემ, ჯორჯ რაიანმა 3 წლის წინათ შეაჩერა თავის შტატში გამოტანილი ყველა სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანა მას შემდეგ, რაც სასამართლოებმა დაადგინეს, რომ 13 სიკვდილმისჯილი შეცდომით სცნეს დამნაშავედ განვლილი 13 წლის განმავლობაში, ხოლო 12 სხვა პატიმარი ამავე პერიოდში, უსამართლოდ დაისაჯა სიკვდილით.

სიკვიდილით დასჯის მოწინააღმდეგეთა მოძრაობის აქტივისტები მიესალმნენ ჯორჯ რაიანის გადაწყვეტილებას, როგორც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს, რასაც საბოლოოდ შეერთებულ შტატებში სასჯელის უმაღლესი ზომის გაუქმება უნდა მოჰყვეს.

ამ დღეებში რაიანს მისალოცი დეპეშები გაუგზავნეს მსოფლიოს ლიდერებმა, მათ შორის მექსიკის პრეზიდენტმა ვინსენტე ფოქსმა, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ნელსონ მანდელამ და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, არქიეპისკოპოსმა დეზმონდ ტუტუმ. ილინოისის შტატის გუბერნატორის გადაწყვეტილებას დადებითი რეაქცია მოჰყვა ასევე ევროპის საბჭოსა და "ამნესტი ინტერნეშნლის" მხრიდან.

ჯორჯ რაიანის მიერ თავის შტატში, სიკვდილით დასჯაზე 3 წლის წინათ გამოცხადებული მორატორიუმი მისაბაძი გახდა სხვებისთვის. გასულ წელს, მერილენდის შტატის გუბერნატორმა პერის გლენდბერგმა ასევე შეაჩერა თავის შტატში სიკვდილით დასჯა და დაელოდა საანგარიშო მოხსენების გამოქვეყნებას მის ადმინისტრაციაში დაშვებული უსამართლობისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ. მოხსენება გასულ კვირაში გამოაქვეყნა მერილენდის უნივერსიტეტმა.

როგორც საანგარიშო მოხსენებაში იყო აღნიშნული, მერილენდის შტატში სასიკვდილო განაჩენის გამოტანისას მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რასობრივი ფაქტორი.

2000 წელს, ნიუ იორკის ცნობილმა კოლუმბიის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება, რომლის თანახმადაც 1973-1995 წლების პერიოდში, ნიუ იორკის შტატში გამოტანილი სასიკვდილო განაჩენების ორ მესამედში გამოვლენილ იქნა სამართლებრივი ნორმების დარღვევები, ვექილების არაკომპეტენტურობა და პოლიციელებისა თუ გამომძიებლების არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბუში კვლავაც ღრმად არის დარწმუნებული, რომ სიკვდილით დასჯა ხელს უწყობს დანაშაულის რაოდენობრივ შემცირებას.
XS
SM
MD
LG