Accessibility links

logo-print

მსოფლიო ებრაული სააგენტოს ''სოხნუთის'' კონგრესი საქართველოში


14 იანვარს თბილისში მუშაობა დაიწყო მსოფლიო ებრაული სააგენტო "სოხნუთის" კონგრესმა, რომელშიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების 150 კაციანი დელეგაცია

ღებულობს მონაწილეობას. ორგანიზატორთა თქმით, ებრაელთა ავტორიტეტული ფორუმი წელს პირველად ტარდება საქართველოში, რაც ქართველი ერისადმი პატივისცემასა და სიყვარულს უსვამს ხაზს. თუმცა, ისტორიულის გარდა, კონგრესს პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და ეკონომიკური კრიზისი ისრაელში ებრაელთა მსოფლიო სააგენტოსგან მუშაობის გააქტიურებას მოითხოვს.

თბილისში არსებული ებრაული სააგენტო "სოხნუთის" სამოღვაწეო ცენტრი "ხაი"(სიცოცხლე) იმ 18 ქართველი ებრაელის ოჯახის სახელს ატარებს, რომლებმაც 1969 წლის 6 აგვისტოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მშობლიურ მიწაზე დაბრუნების შესახებ წერილით მიმართეს და ამით ერთგვარად ნიადაგი მოუმზადეს საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ებრაელთა ისრაელში ამოსვლის პროცესს. მოგვიანებით, 1987 წლის 27 დეკემბერს, საქართველოში ებრაელთა პირველი ლეგიტიმური გაერთიანება - "ებრაელთა კულტურული ცენტრი" დაარსდა, ხოლო საქართველოსა და ერევანში "სოხნუთის" წარმომადგენლობა, რომლის ოფისიც თბილისში მდებარეობს, ერთ-ერთ საუკეთესოდ არის მიჩნეული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. მსოფლიო ებრაული საააგენტო "სოხნუთის" მთავარი კომიტეტის წევრის შაი ხერმეიშის თქმით, ებრაელთა კონგრესის ჩატარებაც თბილისში სწორედ საქართველოში ებრაული სათვისტომოს ავტორიტეტმა და ქართველი ერისადმი პატივისცემამ განაპირობა.

[შაი ხერმეიშის ხმა] "ჩვენ ერთი დღეა, რაც საქართველოში ვართ, მაგრამ ინფორმირებული ვართ აქაური ებრაელებისგან, რომ ისინი აქ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მუშაობენ და კარგი თანამშრომლობა აქვთ ხელისუფლების ორგანოებთან, როგორც ეს ნორმალურ ქვეყანაშია. და ეს არც მიკვირს, რადგან საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, თავისუფალი კომუნისტური წარსულისგან, რომლისგანაც ადამიანებმა ბევრი გადაიტანეს."

კონგრესმა საქართველოში ბევრ ცნობილ ადამიანს მოუყარა თავი. ფორუმზე მოწვეულნი არიან აგრეთვე საქართველოს ხელისუფლების წევრები. მაგრამ კონგრესის მუშაობის გასაშუქებლად მისული ქართველი ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო მაინც დელეგატთა შორის საქართველოს ტელევიზიის ყოფილი პოპულარული წამყვანის ნინო აბესაძის ხილვა იყო. ნინო, როგორც აღმოჩნდა, აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას წარმატებით უთავსებს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.
[ნინო აბესაძის ხმა] "მე როგორა ვარ? ვარ კარგად, მენატრება აქაურობა. მიუხედავად ამისა, პროფესიას არ ვუღალატე. ძალიან გამიღიმა ბედმა, იმიტომ რომ თავიდან დავიწყე რუსულ სახელმწიფო ტელევიზიაში მუშაობა. მერე გავხდი ერთ-ერთი წამყვანი რუსული გაზეთის "ზერკალო ნედელის" საინფორმაციო განყოფილების გამგე, შემდეგ - სამთავრობო კორესპონდენტი. ამის პარალელურად ვიყავი პირველი რეპატრიანტი, ანუ ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი ისრაელში ჩამოსული, ვინც იყო ისრაელის კომერციული ტელევიზიის მეორე არხის დირექტორთა საბჭოს წევრი."

თბილისში ებრაელთა მსოფლიო კონგრესზე ჩამოსული 150 დელეგატი სამი დღის განმავლობაში შეაფასებს, თუ როგორ მუშაობენ "სოხნუთის" ფილიალები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში და დასახავენ სამოქმედო პროგრამას. მიუხედავად იმისა, რომ "სოხნუთის" მთავარი სტრატეგია - ებრაელთა ისტორიულ მიწაზე დაბრუნების პროცესისადმი ხელშეწყობა - უცვლელია, ფორუმის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და ეკონომიკური კრიზისი ისრაელში ებრაელთა მსოფლიო სააგენტოს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.
XS
SM
MD
LG