Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის პატრიოტიზმი ქართულად


დავით პაიჭაძე, თბილისი სამშაბათს, 14 იანვარს, კავკასიურ სახლში გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომლის მონაწილენი ქართული პატრიოტიზმის რაობას უტრიალებდნენ. პატრიოტიზმის ჩასახვა, პატრიოტიზმი და ნაციონალიზმი,

ქართველები და სტალინი, პატრიოტიზმი და ლოიალობა – ეს არის არასრული ჩამონათვალი საკითხებისა, რომელთაც კავკასიურ სახლში მიწვეული ინტელექტუალები განიხილავდნენ. გაგაცნობთ დისკუსიის ძირითად იდეებს.

რა უყვარს პატრიოტს – მიწა, სამშობლო, ხალხი, ერი თუ წინაპრები? პატრიოტიზმის ობიექტი მოუხელთებელია, მაგრამ მაინც უნდა გაირკვეს, ვის როგორ ესმის და გამოხატავს ამ ცნებას, თქვა დისკუსიის დასაწყისში პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ. სიტყვა პატრიოტიზმს, მართალია, ძველი ბერძნული ფუძე აქვს, არც თავად ეს სიტყვა და არც შინაარსი, რომელსაც პატრიოტიზმი დღეს გამოხატავს, ბერძნებისთვის ცნობილი არ იყო. დღევანდელი პატრიოტიზმი იწყება საფრანგეთის რევოლუციით, როცა შეიცვალა ლოიალობის ობიექტი და მოქალაქენი ლოიალურნი შეიქნენ არა მეფის, არამედ სახელმწიფოს მიმართ – ამ შენიშვნით გაგრძელდა მსჯელობა კავკასიურ სახლში.

ძირითადი იდეა, რომელიც შეკრების ბოლოს გამოიკვეთა, სწორედ ამ მოსაზრების გაგრძელება-განვითარების შედეგი გახლდათ: პატრიოტიზმის ჩამოყალიბება და არსებობა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ლოიალობის პირობით. ამასთან, პატრიოტიზმი შეუძლებელია კოლონიურ ქვეყანაში ისევე, როგორც იმპერიაში. საბჭოთა პატრიოტიზმის ცნების მიუხედავად, ასეთი რამ არ არსებობდა. რაც საბჭოთა საქართველოში გამოხატავდა ქართველების, ისტორიის, წინაპრებისა თუ სამშობლოსადმი სიყვარულს, უფრო ნაციონალიზმი იყო, რომელიც დამოუკიდებელ ქვეყანაში გზაა პატრიოტიზმისკენ. პატრიოტიზმი უფრო ფართოა, ვიდრე ნაციონალიზმი. ქართული ნაციონალიზმი დღეს ძალას იკრებს, მაგრამ მას მომავალი არა აქვს, თუ ვერ გავიცნობიერებთ, რომ ნაციონალიზმი არ არსებობს ნაციის გარეშე, ხოლო ნაცია ვერ ჩამოყალიბდება მხოლოდ ეთნიკური და სუბეთნიკური ქართველებით. ქართველ ერს, ნაციას შეადგენს საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქე, ეთნიკურობის მიუხედავად. დღეს საქართველოში დასაფუძნებელი და ასაშენებელია სახელმწიფო, რაც, თუ აღსრულდა, განამტკიცებს კიდეც პატრიოტიზმს ქვეყანაში.

დისკუსიის მონაწილეთა პოზიციები, შეიძლება თქვას, აქ გაიყო: ოღონდ მათ უკვე არა პატრიოტიზმის პერსპექტივა აფიქრებდათ, არამედ სახელმწიფოს აშენების შესაძლებლობა. მასპინძელმა, კავკასიური სახლის ხელმძღვანელმა, მწერალმა ნაირა გელაშვილმა თქვა, რომ პესიმისტურად ეკიდება საქართველოში სახელმწიფოს აშენების პერსპექტივას, თუმცა პესიმიზმი არ ნიშნავს აპათიას - პირიქით, ის მეტი შემართებით აკეთებს თავის საქმეს. საპირისპირო მოსაზრება, რომელიც დამსწრეთა დიდი ნაწილისთვის, ჩანს, საზიარო იყო, ის გახლდათ, რომ არ არსებობენ აღმშენებელი და დამანგრეველი, მეტად ან ნაკლებად ნიჭიერი ერები და სახელმწიფოს დაფუძნება საქართველოში შესაძლებელია. ოღონდ ეს უნდა შეამაგროს პატრიოტიზმმა – სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტების და, თუ გნებავთ, ლიდერების პატივისცემამ, ნდობამ და სიყვარულმა.
XS
SM
MD
LG