Accessibility links

logo-print

ბუნებრივი აირი და მოსკოვის კომპრომისი


გადაიხდის თუ არა “თბილგაზი” მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს და შეუწყდება თუ არა დედაქალაქს გაზის მიწოდება? - ეს შეკითხვები თბილისელებს უკვე ქრონიკულ თავსატეხად ექცათ.

თუმცა განსაკუთრებული ციებ-ცხელება მაინც ყოველი თვის 15 რიცხვისთვის იწყება ხოლმე, ანუ მაშინ, როდესაც გადახდის დრო ახლოვდება, ფული კი, როგორც წესი, არ გვაქვს. ასე იყო იანვარშიც, მაგრამ მწარე პრაქტიკით შეშინებულ თბილისელებს ამჯერად გაუმართლათ. მოსკოვი დათმობაზე წავიდა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ენერგეტიკული ურთიერთობის დაძაბვის შემთხვევაში (რაც საკმაოდ ხშირია) უკვე ტრადიციად იქცა მაღალჩინოსანთა სასწრაფო წარგზავნა მოსკოვში. ამ მიზეზითა და მიზნით ძველით ახალ წელს რუსეთის დედაქალაქში შეხვდნენ: სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა, თბილისის პრემიერი გია შერაძე და “თბილგაზის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ცაავა.

მოსკოვიდან ჩამოღწეული ინფორმაციის მიხედვით, მოლაპარაკებამ თბილად და შედეგიანად ჩაიარა. ცაავას განცხადებას სიამაყისა და ერთგვარი ნიშნის მოგების კვალი ატყვია:

(ვახტანგ ცაავას ხმა) “შეიძლება ვინმეს უნდოდეს, მაგრამ გაზი არ გაითიშება.15-ში - არ არსებობს, რომ გაითიშოს.”[სტილი დაცულია]

მისი განცხადებით, მოსკოვში “თბილგაზს” თანხის გადახდა ერთი კვირით, ანუ 23 იანვრამდე, გადაუვადეს და ამ დროში რაღაც აუცილებლად მოხერხდება. მით უმეტეს, რომ “იტერასთან” გაფორმებულმა პირდაპირმა ხელშეკრულებამ მუნიციპალურ საწარმოს დეკემბრის ვალის სიმძიმე 3,5 მილიონი ლარით შეუმსუბუქა. მართალია, ქართულ მხარეს ვერც დარჩენილი 6 მილიონ 200 ათასი ლარის გადახდა გაუადვილდება, მაგრამ, ექსპერტთა აზრით, ხსენებული ერთწლიანი ხელშეკრულება მაინც ძალიან დიდი შეღავათი იქნება, რადგანაც ის “იტერასა” და “თბილგაზის” ურთიერთობაში შუალედური რგოლის, “საქგაზის”, ინტერესებს გამორიცხავს. რას უნდა მივაწეროთ “იტერას” ამგვარი სირბილე?

ვახტანგ ცაავა რუსული კომპანიის ლმობიერებას ჩვენი მთავრობის კარგ მუშაობას მიაწერს, ხოლო დამოუკიდებელი ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ყველაფერი ეს ისევ და ისევ “იტერას” ინტერესებიდან გამომდინარეობს. ეტყობა, რუსთავის “აზოტის”ფლობით მოხიბლული რუსული კომპანია რაღაც-რაღაცებზე თვალის დახუჭვას აპირებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის არასოდეს გაუშვებს შანსს ხელიდან - შეუწყვიტოს გაზის მიწოდება თბილისს.

თვალჭრელიძე შექმნილ ვითარებას, ძირითადად, “თბილგაზს” აბრალებს:

(ალექსანდრე თვალჭრელიძის ხმა) “თბილგაზი” ასეთი მენეჯმენტით ვერ ახერხებს მსოფლიოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესის - გაზის განაწილების - ნორმალურ კომერციალიზაციას”.

ამ ეტაპზე აუცილებელია ერთადერთი რამ: “თბილგაზმა” “იტერას” ჩხუბის საბაბი არ მისცეს და თანხა დროულად გადაუხადოს. თუმცა ეს ერთადერთი, მარტივი რამ აშკარად შეუძლებელია ხოლმე ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისთვის.
XS
SM
MD
LG