Accessibility links

logo-print

ნიდერლანდებში საქართველოს ანგარიშებზე ყადაღა მოიხსნა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი დღევანდელ მთავრობას, რომელსაც საკუთარი ცოდვებიც უხვად აქვს, ხშირად წინამორბედების შეცდომებსა და დანაშაულებზე უწევს პასუხისგება. გასული წლის ბოლოს ამსტერდამის საოლქო

სასამართლომ საქართველოს ეროვნული ბანკის ნიდერლანდის ბანკებში არსებული ანგარიში დააყადაღა. დღეისათვის ანგარიშებზე ყადაღა მოხსნილია და მათი ხელახალი დაბლოკვის საშიშროება აღარ არსებობს.

ჰოლანდიის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს ცენტრალური ბანკის ანგარიშების დაყადაღების შესახებ მედიაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ დავასთან დაკავშირებით სხვადახვა ინფორმაცია გავრცელდა.

ამსტერდამის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს 2001 წლის იანვარში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მოქალაქე ფაცურიას შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ დაუდო საფუძველი. აღნიშნული ხელშეკრულება ს/ს ”სახელმწიფო დაზღვევის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტის 90 პროცენტის გაყიდვას ითვალისწინებდა. ამ კონტრაქტით მყიდველს მიეცა უფლება მოითხოვოს 1991 წლის მდგომარეობით ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო დაზღვევის სამართალმემკვიდრის ”როსგოსსტრახის” სარეზერვო ფონდში ს/ს ”საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის” კუთვნილი თანხა -167 მლნ. საბჭოთა მანეთი.

საინტერესოა, რომ ფაცურიამ სახელმწიფო დაზღვევა 1500 აშშ დოლარად შეიძინა. ამ ოდენობის თანხა პრივატიზაციის არცთუ კანონიერად განხორციელების და ამ გარიგებაში ჩართული ჩინოვნიკების კორუფციის ეჭვს ბადებს. რაც შეეხება ყოფილი საბჭოთა აქტივების დელეგირების უფლებას, ამ მხრივ კიდევ უფრო რთულად არის საქმე. 1992 წელს საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინაშე აღებულ მოთხოვნაზე, ანუ კონტრაქტით მყიდველს გადაეცა ისეთი უფლება, რომელიც გამყიდველს უკვე აღარ ჰქონდა. ამ ნიუანსით ისარგებლა ფაცურიამ და სახელმწიფოს პრეტენზია წაუყენა.

ამასთან, ფაცურიამ თავისი უფლებები ჰოლანდიურ ფონდ “Stichting Wobab”-ს დაუთმო, რომელმაც სარჩელი შეიტანა ამსტერდამის სასამართლოში. საინტერესოა, რომ ფონდი უჩივის არა უშუალო კონტრაქტორს, ანუ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, არამედ საქართველოს სახელმწიფოს და ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკი დავაში შემთხვევით არ მოხვდა. საქმე ისაა, რომ თუ მოდავე მხარე გაიმარჯვებდა, სადავო თანხა, 325 მლნ აშშ დოლარი, ვინმესგან უნდა ამოეღო; თანაც, ამ ”ვინმეს” ნიდერლანდებში უნდა ჰქონოდა ანგარიში გახსნილი. ასეთი ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში ეროვნული ბანკია და ფონდმაც დარტყმის ობიექტად ის შეარჩია.

2002 წლის 18 დეკემბერს ამსტერდამის სასამართლომ, მართლაც, გამოიტანა საქართველოს ეროვნული ბანკის ნიდერლანდების კორესპონდენტ ბანკებში არსებული ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც, იმ პერიოდისათვის ჰოლანდიაში ცენტრალური ბანკის ანგარიშებზე არსებული 10 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხები დაიბლოკა.

ეროვნულმა ბანკმა ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოსა და ნიდერლანდებში, კორესპონდენტი ბანკების რეკომენდაციით, დაიქირავა ავტორიტეტული ჰოლანდიური საადვოკატო კომპანია “Houthoff Buruma”, რომელმაც ეროვნული ბანკის იურიდიული არგუმენტაცია ამსტერდამის სასამართლოს წარუდგინა, იმავე სასამართლომ ანგარიშებზე ყადაღა მოხსნა. ამასთან, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ანუ ფაცურიას და ჰოლანდიურ ფონდს ამგვარი ზემოქმედების განხორციელების საშუალება აღარ მიეცემა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ადვოკატთა მომსახურება რამდენიმე ასეულ დოლარს შეადგენს, ამ დღეებში ეროვნულმა ბანკმა უარყო. “Houthoff Buruma”-ს მომსახურება 13 ათასი ევრო დაჯდა.

არ არის მართებული არც მეორე ინფორმაცია, თითქოს ყადაღის შემთხვევაში საქართველოს დეფოლტის საშიშროება ემუქრებოდა, რადგან დაყადაღებული იყო 10 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი 200 მლნ. დოლარზე მეტია.
XS
SM
MD
LG