Accessibility links

შეწყდება თუ არა სარკინიგზო მიმოსვლა სოჭსა და სოხუმს შორის


სოჭსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ირგვლივ მოვლენები ისე ვითარდება, როგორც ეს 13 იანვარს ეკა წამალაშვილმა ივარაუდა. კერძოდ კი, საქართველოს ხელისუფლებამ,

რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის გახანგრძლივების სანაცვლოდ, შეიძლება სოჭსა და სოხუმს შორის მატარებლების მიმოსვლის შეწყვეტას მიაღწიოს. ამის თქმის საფუძველს რუსეთის სახელმწიფო მოხელეების საჯარო განცხადებები იძლევა.

ოფიციალური წყაროების მონაცემებით, სოჭსა და სოხუმს შორის სარკინიგზო შემადგენლობის მიმოსვლა 2002 წლის დეკემბრის ბოლოს აღდგა და რეისი სულ ორჯერ განხორციელდა. რუსეთის ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე“ კი იტყობინება, რომ სოჭიდან სოხუმში 14 იანვარსაც გავიდა მატარებელი. ამ მარშრუტის სადგურებზე მოწყობილია სპეციალური საკონტროლო გამშვები პუნქტები, რომლებშიც მგზავრებსა და მათ ბარგს გულდასმით ამოწმებენ.

14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის სარკინიგზო მიმოსვლის მინისტრის მოადგილემ იური დიაკონოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სარკინიგზო შემადგენლობის გადაადგილება ორგანიზებული იყო „არასახელმწიფო დონეზე“. მისივე სიტყვებით, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა „ერთ-ერთი კომერციული სტრუქტურის“ ნახელავია.

ასეთი თავის მართლების არ სჯერა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს მერაბ ადეიშვილს, რომელიც 14 იანვარს მოსკოვში გაემგზავრა. ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში მან განაცხადა:
[მერაბ ადეიშვილის ხმა] „ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, გამორიცხულია. მეზობელი ქვეყნის - მით უმეტეს, ასეთ ზონაში, როგორიც არის აფხაზეთი - ხელისუფლების გარეშე კეთდებოდეს და კერძო კომერციული სტრუქტურა აკეთებდეს ამას... ხვალ მაშინ კერძო კომერციულმა სტრუქტურებმა შეიძლება ბანკები გახსნან, ეს იყოს რუსული სტრუქტურები და არავინ არაფერი იცოდეს მოსკოვში. აი, დაახლოებით ასეთი სირაქლემას პოზიციაა.“[სტილი დაცულია]

ასეთი პოზიცია 13 იანვარს რუსეთის საგარეო უწყებამ და უშიშროების საბჭოს მდივანმაც დაიკავა. 14 იანვარს კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილისა და მისი რუსი კოლეგის იგორ ივანოვის სატელეფონო მოლაპარაკება შედგა. მინისტრების დიალოგის თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და აფხაზეთის კონფლიქტი იყო, კერძოდ კი, კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოთა მანდატის გაგრძელების საკითხი.

ეს სატელეფონო მოლაპარაკება მას შემდეგ შედგა, რაც საქართველოს საგარეო უწყებამ სოჭსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტით მიმართა.


მოსკოვი ამ ეტაპზე ყოველნაირად ერიდება თბილისთან ურთიერთობის გამწვავებას, რადგან წინაა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. საქართველომ კი უშიშროების საბჭოს ტრიბუნიდან რუსეთი აფხაზეთში სარკინგზო მიმოსვლის აღდგენის გამო შეიძლება საერთაშორისო ნორმების დარღვვევაში დაადანაშაულოს. მოსკოვი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აფხაზეთში სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელებას და სწორედ ამიტომაა, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა კერძო კომპანიას დაბრალდა.

რუსული ინტერნეტგამოცემა „გაზეტა ეს-ენ-გე“ ხუმრობს კიდეც, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამწვავებაში კერძო სარკინიგზო მეისრეა დამნაშავეო.

ასეთი პოლიტიკური სიტუაციის გამო, შესაძლებელია, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მერაბ ადეიშვილის მოსკოვში ვიზიტი წარმატებით დასრულდეს.
[მერაბ ადეიშვილის ხმა] „სიტყვიერი განმარტება არის, რომ ეს მოძრაობა არ იქნება განახლებული, - მე მინდა ამის ოფიციალური დასტური მივიღო. მე დოკუმენტსაც შევთავაზებ. სხვადასხვა ფორმები არსებობს საამისოდ. არგუმენტები იმისათვის, რომ ეს არ გააკეთონ, მათ არ გააჩნიათ.“
XS
SM
MD
LG