Accessibility links

2003 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი ნავთობსადენის მშენებლობა იწყება


14 იანვარს ფოთის პორტში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი ნავთობსადენის მშენებლობისთვის საჭირო მილების პირველი პარტია შემოვიდა. ამიტომ დღევანდელ - ძველი სტილით,

ახალი წლის - დღეს პრეზიდენტმა დიდი ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების სიმბოლური ნიშანსვეტი უწოდა. 14 იანვარს საქართველოს მოსახლეობას უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყება ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამაც მიულოცა.

14 იანვარს ფოთის პორტში ბრიტანული სატრანსპორტო კომპანიის “ბერტლინგის” კუთვნილ გემ “კალედონიას” ელოდებოდნენ. მან საქართველოსკენ გეზი აიღო დიდი ნავთობსადენის მშენებლობისთვის განკუთვნილი მილებით დატვირთულმა. მილების პირველი პარტიის შემოტანის შემდეგ ნავთობსადენის მშენებლობისთვის განკუთვნილი მასალა 22 იანვარს ბათუმის პორტსაც მოადგება. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობა სტარტს იღებს და რომ არცთუ შორეულ მომავალში საქართველო ამ მსოფლიო მნიშვნელობის პროექტიდან თავის წილ მოგებას მიიღებს. ამ მხრივ, დიდ მნიშვნელობას უფრო ნავთობსადენის ამოქმედებასთან დაკავშირებით რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების შექმნა იძენს, ვიდრე ფინანსური მოგება. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობსადენის მშენებლობას დიდი გაზსადენის მშენებლობა უნდა მოჰყვეს, საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამ პროექტების რეალიზაციაში საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტიები უნდა დავინახოთ. 14 იანვარს ფოთის პორტში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობისათვის განკუთვნილი მილების პირველი პარტიის შემოტანასთან დაკავშირებით ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “14 იანვარი ერთგვარ ნიშანსვეტად და ათვლის წერტილად იქცევა. მადლობა უნდა მოვახსენოთ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას, რომელმაც უდიდესი სამუშაო ჩაატარა დიდი აბრეშუმის გზის განსახორციელებლად და დასარწმუნებლად ჩვენი ხალხისა, რომ არავითარი საფრთხე ამ პროექტებში არ არის და არც ბორჯომს და არც ნაბეღლავს არაფერი ემუქრება.”

ფოთის პორტში 14 იანვარს შემოსული გემის გადმოტვირთვა 15 იანვარს დაიწყება. მანამდე კი გაიმართება საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. იაპონიაში დამზადებული 22 ათასი ცალი მილი აპრილამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში შეინახება. აპრილში კი მილსადენის პირველი მონაკვეთის მშენებლობა წალკის რაიონში დაიწყება. მოკლედ, 2003 წელი საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების გარდა, იმ პროექტის რეალიზაციის დაწყების წელია, რომლის მეშვეობით კასპიის ნავთობი მსოფლიო ბაზრებისკენ უნდა დაიძრას. პროექტის გლობალური მნიშვნელობის ხაზგასასმელად კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ნავთობის რეზერვუარებს, რომელთა საერთო მოცულობაც 17 - იდან 33 მილიარდ ბარელს შეადგენს. მშენებლობის დამთავრების შემდეგ პროექტი უზრუნველყოფს დღეში ერთი მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირებას. ეს 2005 წელს მოხდება. მანამდე კი საქართველოში უკვე სრულდება ნავთობსადენის მშენებლობისთვის დამხმარე ნაგებობათა აშენება, რასთან დაკავშირებითაც რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული. გაცილებით მეტის, დაახლოებით 10000 ადამიანის, დასაქმებას ნავთობსადენის მშენებელობის კულმინაციის პერიოდში ვარაუდობენ. ეს მაჩვენებელი მშენებლობის დასრულების შემდეგ შემცირდება, თუმცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ექსპლუატაციაში შესვლა საქართველოში მუდმივი სამუშაო ადგილით რამდენიმე ასეულ ადამიანს უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG