Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ალაპარაკდა საქართველოს ხელისუფლება საბოტაჟზე?


საშემოდგომო გაწვევის ვადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა 15 იანვრამდე გააგრძელა, ამოიწურა, მაგრამ, როგორც გაირკვა, სამხედრო კომისარიატის ორგანოებმა გასაწვევი კონტინგენტი

მხოლოდ 400 კაცით გაზარდეს. სამხედრო ნაწილების უჯარისკაცოდ დატოვებით აღშფოთებულმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა კომისარიატისა და მართვის ადგილობრივი ორგანოების საქციელი საბოტაჟად შეაფასა და ოთხშაბათს სასწრაფოდ კომიტეტის გაფართოებული სხდომა მოიწვია. მაგრამ როგორც კომიტეტის სხდომაზე გამოსვლებმა ნათელყო, "საბოტაჟი" სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა სისუსტე თავად უმაღლესი ხელისუფლებისა, რომელმაც ქვეყნის თავდაცვის საკონსტიტუციო მოვალეობა ვაჭრობის საგნად აქცია.

ვადა საშემოდგომო გაწვევისა, რომელიც სამხედრო ძალების 10 780 ჯარისკაცით დაკომპლექტებას ითვალისწინებდა, გასული წლის 30 დეკემბერს ამოიწურა, მაგრამ სამხედრო კომისარიატებმა სახელმწიფო დავალება მხოლოდ 8 პროცენტით შეასრულეს. საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და გაწვევის კამპანია ჯერ ორი კვირით გაახანგრძლივა, შემდეგ კი - თებერვლის ბოლომდე. თუმცა ამ გადავადებათა კასკადს რეალური შედეგი არ მოჰყოლია - სამხედრო კომისარიატებმა და ადგილობრივმა ორგანოებმა სამხედრო ნაწილებში მხოლოდ 1800 ჯარისკაცის გაგზავნა მოახერხეს, რის გამოც ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა მხოლოდ გენერლების და ოფიცრების ამარაღა დარჩა. ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ეს ფაქტი სახელმწიფოს მიმართ ჩადენილ ღალატად შეაფასა და სამხედრო გაწვევის ჩავარდნის მიზეზთა შესწავლა გენერალური პროკურატურის ორგანოებს სთხოვა.

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "და მე ვამბობ, რომ ის ხალხი, ის თანამშრომლები, - ეს იქნებიან კომისარიატის თანამშრომლები, თუ ეს იქნებიან ადგილობრივი მართვის ორგანოების და, მათთან ერთად, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები, - ის, რაც მათ ჩაიდინეს ამ ვითარებაში, ეს იყო პირდაპირ ქვეყნის ღალატი, სახელმწიფო ინტერესების ღალატი. მათ მოახდინეს დივერსია ქვეყნის წინააღმდეგ და ჩააგდეს, ესე იგი, გაწვევა."[სტილი დაცულია]


აღსანიშნავია, რომ ბათიაშვილის ამ შეფასებას საკომიტეტო სხდომაზე მოწვეული უკლებლივ ყველა პარლამენტარი და, თქვენ წარმოიდგინეთ, თავად ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებიც იზიარებენ, თუმცა დამნაშავეს ყველა მომიჯნავე სტრუქტურაში ხედავს. სამხედრო კომისარიატი თითს იშვერს მართვის ადგილობრივი ორგანოებისა და პოლიციისკენ, რომლებმაც გასაწვევ უბნებზე წვევამდელების გამოცხადება უნდა უზრუნველყონ; პოლიცია მხრებს იჩეჩს და ყველაფერს აბრალებს ჩაწერის ინსტიტუტის გაუქმებას და სამხედრო სამსახურის გადავადების არსებობას; თავის მხრივ, ადგილობრივი ორგანოები თავს იმით იმართლებენ, რომ გაწვევაზე პასუხისმგებლობა მათ მხოლო იანვრიდან დაეკისრათ და რომ ჯერ მოთელვაც არ გაუვლიათ. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რეგიონები, საიდანაც წვევამდელის გაწვევა პრაქტიკულად ვერ ხერხდება. აუღებელი ციხესიმაგრეა სოკოებივით მომრავლებული უმაღლესი სასწავლებლების სამხედრო კათედრები, რომლებიც გარკვეულ საფასურად ჯავშანს აძლევენ 7000 წვევამდელს. საბოლოოდ, ამ გადაბრალება-გადმობრალებაში სახელმწიფო ადმინისტრაციული მანქანა 157 ათასი წვევამდელიდან ათი პროცენტის გაწვევასაც ვერ ახერხებს.
[ნიკა ვაშაკიძის ხმა] "აქ დასკვნა შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს, რომ ეს არის მთელი ამ სისტემის - გნებავთ, გაწვევის სისტემა დავარქვათ, გნებავთ, უფრო გავაფართოოთ - უნიათობა."

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ნიკა ვაშაკიძემ კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება არსებული შეღავათების გაუქმება და გადავადების მოსაკრებელი თანხის - 200 ლარის - კიდევ უფრო გაზრდა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ასეთი ზომების ეფექტიანობაში ეჭვი შეიტანა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი გახლდათ. მისი თქმით, ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ გაწვევის იმედად ყოფნა უკვე აღარ შეიძლება და არმიის საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლის თაობაზე იფიქროს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG