Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება ბიუჯეტის პარამეტრებს განიხილავს


საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტის პროექტის აქტიური განხილვა მიმდინარეობს, ხოლო თავად მთავრობა ბიუჯეტის პარამეტრების საერთაშორისო სავალუტო

ფონდთან წარსადგენად ემზადება. ფონდის მისია საქართველოს თებერვლის თვეში ეწვევა. შესაბამისად, მანამდე პარლამენტის მიერ გაზრდილი ბიუჯეტის დამტკიცება შეიძლება მთავრობასა და სავალუტო ფონდს შორის გაუგებრობის საფუძვლადაც კი იქცეს.

საქართველოს მთავრობა 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის 200 მილიონი ლარით გაზრდის გამო იწონებს თავს. თუ როგორ, საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 6 იანვრის ტრადიციული რადიოინტერვიუის ერთი ფრაგმენტიდანაც ჩანს:
[შევარდნაძის ხმა] „რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობას, იგი 2002 წელს დამტკიცებულ მაჩვენებელს 200 მილიონ ლარზე მეტით გადააჭარბებს. ანუ 16 პროცენტით იზრდება და მილიარდ 460 მილიონ ლარს მიაღწევს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.“

აქამდე ბიუჯეტის მომატების წინააღმდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოდიოდა, რადგან საქართველოს მთავრობა დაგეგმილი ბიუჯეტის შევსებას ვერ ახერხებდა და, მით უმეტეს, ვერ შეძლებდა გაზრდილი საფინანსო გეგმის შესრულებას. ერთი ფრაგმენტი საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 23 დეკემბრის რადიოინტერვიუდან.

[შევარდნაძის ხმა] „პირველად 1998 წლის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოითხოვა არა შემოსავლების შემცირება, არამედ, პირიქით, მნიშვნელოვანი ზრდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები საბოლოოდ დარწმუნდნენ ამჟამინდელი ეკონომიკური გუნდის ქმედობაუნარიანობაში.“

ამ ქმედითი ეკონომიკური გუნდის ანგარიში საქართველოს მთავრობის სხდომაზე 15 იანვარს მოისმინეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლევან ჩრდილელის მოხსენების მიხედვით, 2002 წლის ბიუჯეტის შესრულებას 100 მილიონი ლარი დააკლდა. აქედან 38 მილიონი - აჭარიდან ჩაურიცხავი თანხის სახით. 55 მილიონიანი გარღვევა კი საერთაშორისო გრანტების სფეროშია. არის სხვა შემოსავლების დანაკლისიც.

ეს კი მთავრობის დანაპირებს მომავალი ბიუჯეტის ზრდის შესახებ საფუძველს აცლის. მით უმეტეს, რომ ირკვევა - 2003 წლის საფინანსო გეგმის პარამეტრების ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც არ ყოფილა შეთანხმებული.

ეკონომიკის ექსპერტმა, ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა ლადო პაპავამ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა:

[პაპავას ხმა] „მე ვეჭვობ, რომ ეს გაზრდა იყოს დასაბუთებული, იქიდან გამომდინარე, რომ სავალუტო ფონდს არ აქვს შეთანხმებული ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები.
-
ამბობენ, რომ სავალუტო ფონდი მოითხოვს ბიუჯეტის გაზრდას.
-
იცით, სავალუტო ფონდს ასეთი მოთხოვნა არ აქვს. სავალუტო ფონდს აქვს შემდეგი, რომ ის აპირებს ბიუჯეტის პარამეტრების შეთანხმებას მხოლოდ თებერვლის თვის მისიის დროს.“

სავარაუდოა, რომ მთავრობა პარლამენტზე ზეწოლის გაძლიერებით ცდილობს მიაღწიოს გაზრდილი ბიუჯეტის დამტკიცებას სავალუტო ფონდის მისიის ჩამოსვლამდე. 15 იანვარს ფინანსთა მინისტრი მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო ფრაქციასთან დახურულ კარს მიღმა აწარმოებდა მოლაპარაკებას.

თუ მთავრობამ პარლამენტში საწადელს მიაღწია, სავალუტო ფონდის მოხიბვლას იანვრის თვის საფინანსო გეგმის მაჩვენებლებით შეეცდება. და თუ რისთვის კეთდება ყოველივე ეს, 15 იანვარს პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ჩანს:

[შევარდნაძის ხმა] „თუ 2003 წელი არ იქნება გარდატეხის წელი, მაშინ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ არჩევნების საქმე ძალიან ცუდად წავა. და ვაი იმის ბრალი, ვინც იანვრის თათბირზე მოვა ცუდი შედეგით, ვაი იმის ბრალი...“
XS
SM
MD
LG