Accessibility links

logo-print

''ჰიუმან რაიტს უოჩის'' ანგარიში


სამშაბათს არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციამ "ჰიუმან რაიტს უოჩმა" გამოაქვეყნა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა

სფეროში არსებული მდგომარეობა. 2002 წლის შემაჯამებელ ამ ანგარიშს ჩვენს დღევანდელ გადაცემაში ორგვარი კუთხით შევეხებით: ჯერ ზოგადად გაგაცნობთ დოკუმენტის იმ ნაწილს, რომელშიც საუბარია კავკასიისა და შუა აზიის რეგიონებზე, ხოლო შემდეგ გიამბობთ შეერთებული შტატების მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე. ხუთშაბათს კი, ჩვენს ყოველკვირეულ გადაცემაში "უხილავი ფარდა", უშუალოდ საქართველოზე ვისაუბრებთ.

"ჰიუმან რაიტს უოჩის" ექსპერტები მიესლამებიან ევროპის დემოკრატიულ სტრუქტურებში პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნების ინტეგრაციას, მაგრამ, ამავე დროს, აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ გაერთიანებებში ახალი წევრების მიღებამდე აუცილებელია, ამ უკანასკნელებმა დააკმაყოფილონ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიღებული ნორმები და მოთხოვნები.

კერძოდ, ანგარიშის შემდგენლები აღნიშნავენ, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს შექმნით და, შესაბამისად, რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით ჩრდილოატლანტიკურმა კავშირმა უგულებელყო ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების ის სისტემატური და უხეში დარღვევები, რომელსაც მოსკოვი ჩეჩნეთში სჩადის. (ბარემ აქვე გეტყვით, რომ ანალოგიური პრეტენზიაა გამოთქმული ევროპის საბჭოს მიმართაც, რომელმაც ბოსნია-ჰერცეგოვინა თავის რიგებში ისე მიიღო, რომ არც დალოდებია მისთვის თავდაპირველად წაყენებული პირობების შესრულებას.)

ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთი ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების ბევრი რეპრესიული მთავრობა ადამიანის უფლებათა ხელყოფის ფაქტებს ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალური ომით ამართლებს. ასე იქცევა რუსეთი ჩეჩნეთში, ამ მოტივით უსწორდება უზბეკეთი მეამბოხე მაჰმადიანებს...

რუსეთთან დაკავშირებით ანგარიშის შემდგენლები აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის მიღებით, მოსკოვმა ბევრს სასიკეთო ცვლილებების იმედი ჩაუსახა, მაგრამ ჩეჩნეთში ჩადენილმა სასტიკმა დანაშაულებმა ამ იმედს ცივი წყალი გადაასხა.

თუმცა, "ჰიუმან რაიტს უოჩის" ექსპერტები არც იმას მალავენ, რომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის, უფრო სწორად კი ომის წარმოების ნორმათა უგულებელყოფის შემთხვევები ჩეჩენ მეამბოხეთა მხრიდანაც მრავლად არის. ამის საილუსტრაციოდ ანგარიშში მოყვანილია მოსკოვში, დუბროვკის თეატრალურ ცენტრში მომხდარი ტრაგედია, როცა მეამბოხეებმა მძევლად აიყვანეს 700-მდე ადამიანი. ალბათ გახსოვთ, რომ მძევლების გათავისუფლების მიზნით რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ოპერაციას, თავად მეამბოხეთა გარდა, 130-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

"ჩეჩნეთის ომი – ვკითხულობთ ანგარიშში – მეზობელ საქართველოსაც მოედო, რომელსაც რამდენიმე ათასმა ჩეჩენმა ლტოლვილმა შეაფარა თავი. მათში გაერიენ ჩეჩენი მეამბოხეები, რომლებიც პანკისის ხეობაში დაბანაკდნენ და ამ ხეობას რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ თავიანთ ბრძოლაში სულის მოსათქმელ და ძალების აღსადგენ ადგილად იყენებდნენ. აშშ-ისა და რუსეთის ზეწოლით საქართველოს უშიშროების ძალებმა ჩაატარეს ოპერაცია პანკისის ხეობაში ჩეჩენ მეამბოხეთა თარეშის აღსაკვეთად. ნოემბრის შუა რიცხვებამდე "ჰიუმან რაიტს უოჩს" მიღებული ჰქონდა ცნობები ამ ოპერაციის მსვლელობაში რამდენიმე უსაფუძვლო დაპატიმრებაზე, უკანონო დაკავებასა და დეპორტაციაზე, აგრეთვე, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის ერთ შემთხვევაზე."

"ჰიუმან რაიტს უოჩი" აღნიშნავს, რომ 2002 წელს კიდევ უფრო გაუარესდა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა შუა აზიის ქვეყნებში. ავღანეთში დაწყებულ ანტიტერორისტულ კამპანიაში მხარდაჭერის მოსაპოვებლად შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მიმართეს შუა აზიის რეპრესიულ მთავრობებს, რომლებმაც ეს გარემოება ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების გასამართლებად გამოიყენეს.

ყველაზე მძაფრად დოკუმენტის შემდგენლები თურქმენეთს აკრიტიკებენ. ამ ქვეყანას ისინი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ. თუმცა, ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა შუა აზიის სხვა ქვეყნებშიც: უზბეკეთში, ყირგიზეთში, ყახაზეთში და ტაჯიკეთში.

რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, იქ გასული წლის მანძილზე საპროტესტო დემონსტრაციების დარბევის რამდენიმე შემთხვევა აღირიცხა. აზერბაიჯანში მოწყობილი ერთ-ერთი დემონსტრაციის მონაწილეებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.
XS
SM
MD
LG