Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ბუში კვლავაც სამხედრო აქციით ემუქრება ერაყს


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ "დაიქანცა" და "ყელში ამოუვიდა" სადამ ჰუსეინის "თვალთმაქცობა" მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებით.

არადა, ვაშინგტონის ნატოელ მოკავშირეებსა და გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს მიაჩნიათ, რომ გაეროს განიარაღების ექსპერტებმა, რომლებიც ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძიებას განაგრძობენ, ბოლომდე უნდა მიიყვანონ დაწყებული საქმე, და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გახდეს შესაძლებელი სამხედრო აქცია ერაყის წინააღმდეგ.

თუ ჯორჯ ბუში კვლავაც აგრესიულადაა განწყობილი სადამ ჰუსეინის მიმართ, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერაყთან ომი გარდაუვალი არ არის. ხოლო ვაშინგტონის ორი მნიშვნელოვანი მოკავშირე – დიდი ბრიტანეთი და გერმანია – მხარს უჭერს გაეროს ახალი რეზოლუციის მიღებას, რომელიც მწვანე შუქს მისცემდა ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყებას.

ამასობაში, გაეროს განიარაღების ექსპერტები, ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძიებისას, უკვე შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებისგან მიღებული ინფორმაციით ხელმძღვანელობენ.

ვაშინგტონი არაერთი თვეა ამტკიცებს, რომ ბაღდადი ხსენებულ იარაღს ფლობს, ხოლო განიარაღების ექსპერტები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ უნახავთ იმის სარწმუნო სამხილი, რომ ერაყს ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღი ჰქონდეს. თავიანთი პირველი საანგარიშო მოხსენება ერაყში 6 კვირის მანძილზე მიმდინარე საქმიანობის შესახებ განიარაღების ექსპერტებმა გაეროს 27 იანვარს უნდა წარუდგინონ.

განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარემ, შვედმა დიპლომატმა ჰანს ბლიქსმა განაცხადა, რომ მის გუნდს კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება, რათა ბოლომდე მიიყვანოს თავისი საქმიანობა ერაყში. ხოლო გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა, სამშაბათს, ნიუ იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვიდრე განიარაღების ექსპერტები ერაყში საქმიანობას განაგრძობენ, სამხედრო ძალის გამოყენება გარდაუვლად არ შეიძლება ჩაითვალოს.

ვაშინგტონში, თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშს არ დაუდგენია ერაყთან ომის დაწყების კონკრეტული ვადა: [არი ფლაიშერის ხმა] "პრეზიდენტს არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი იმისა, თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ერაყში განიარაღების ექსპერტთა საქმიანობა, მაგრამ, როგორც დღეს ვთქვი, ხოლო პრეზიდენტმა არაერთგზის განაცხადა, სადამ ჰუსეინი განიარაღებას არ აპირებს და, ამდენად, დრო იწურება."

კოფი ანანი ერაყთან ომს გარდაუვლად არ მიიჩნევს, მაგრამ მნიშვნელობას ანიჭებს, ამასთანავე, ერაყის მთავრობაზე ზეწოლას: [კოფი ანანის ხმა] "ვფიქრობ არავის ეპარება ეჭვი, რომ ზეწოლამ სასურველი შედეგი გამოიღო, ეფექტიანი გამოდგა. ამგვარი ზეწოლის გარეშე, ჩემი აზრით, განიარაღების ექსპერტები დღეს ერაყში არ იქნებოდნენ. მათს დასაბრუნებლად ოთხწლიანი ძალისხმევა დაგვჭირდა. როცა გაეროში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბუშმა გამოწვევა გამოუცხადა მსოფლიოსა და ერაყს, 4 დღის შემდეგ ბაღდადი დათანხმდა ექსპერტების მიღებაზე, ამდენად ეჭვგარეშეა, რომ ზეწოლამ შედეგი გამოიღო."

ბერლინში, გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა კვლავ განაცხადა, რომ ერაყზე არ უნდა მოხდეს თავდასხმა, ვიდრე გაერო არ მიიღებს ახალ რეზოლუციას, რომელშიც ძალის გამოყენება იქნება ნებადართული.

ლონდონში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ თქვა, რომ მისი ქვეყანა ასევე ამჯობინებდა, რომ ერაყთან ომი გაეროს ოფიციალური ნებართვით იქნეს დაწყებული, და თან დასძინა, რომ ბრიტანეთი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გაეროს თანხმობის გარეშეც მიაყენოს დარტყმა ერაყს.
XS
SM
MD
LG