Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წლის საუკეთესო მომღერალი


ახალი წლის დღესასწაული დასრულდა, მაგრამ თბილისში კვლავაც ეწყობა 2002 წლის საუკეთესო ხელოვანთა დაჯილდოების ცერემონიალები. რამდენიმე დღის წინ ფილარმონიის საკონცერტო

დარბაზში წლის საუკეთესო მომღერლები დაასახელეს. კომპანია “ფორტუნა 97”-მა ეს კონკურსი უკვე მეოთხედ მოაწყო, მაგრამ წლევანდელი კონკურსი მნიშვნელოვანი სიახლით გამოირჩეოდა.

არაპროფესიონალიზმზე, რომელიც ქართულ შოუბიზნესში დამკვიდრდა, დღეს თითქმის ყველა ლაპარაკობს, მათ შორის, თავად შოუბიზნესის წარმომადგენლები. მომღერლები ჩივიან, რომ, პროფესიული კრიტიკის უმოქმედობისა და დუმილის ფონზე, აკიაფდნენ საეჭვო გემოვნების ვარსკვლავები, რომელთაც ხშირად ფილარმონიის საკონცერტო დარბაზსაც უთმობენ ხოლმე... სწორედ იმ დარბაზს, სადაც გასული კვირის მიწურულს 2002 წლის საუკეთესო მომღერლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კომპანია “ფორტუნა 97”-ს გამარჯვებულები მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად რომ დაესახელებინა, შესაძლოა, იმ საღამოს სულ სხვა ხალხი გვეხილა ფილარმონიის სცენაზე. მაგრამ ორგანიზატორები, როგორც ჩანს, ამ შოუს სერიოზულად მიუდგნენ და ჟიურის წევრებად პროფესიონალი მუსიკოსები, კრიტიკოსები მოიწვიეს. საბოლოოდ, ფინალში 26 შემსრულებელი გავიდა. “ოქროს დისკი” ეკა მამალაძეს ერგო, “ოქროს ვარსკვლავი” კი - მერაბ სეფაშვილს. გამოვლინდნენ სხვა გამარჯვებულებიც: ჯგუფი “ფორტე”, “უცნობი”, ნიაზ დიასამიძე. ახალი სახეები აქ არ დაგვინახავს ერთი უბრალო მიზეზით – 2002 წელს ქართულ ესტრადაზე “ახლები” საერთოდ არ გამოჩენილან. თუ, რა თქმა უნდა, იმ მომღერლებს არ ჩავთვლით, რომელთაც თბილისის ბაზრობებზე უსმენენ. იმასაც ვერ ვიტყვით, რომ გასული წელი, მუსიკალური თვალსაზრისით, საინტერესო იყო: საუკეთესო მომღერლის დაჯილდოების შოუზე, ძირითადად, ძველი, კერძოდ, საბჭოთა ეპოქაში შექმნილი სიმღერები მოვისმინეთ, ახლებური დამუშავებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჟიურიმ “ცუდ ახალს” ისევ “კარგი ძველი” ამჯობინა და საბოლოოდ დაამკვიდრა საბჭოთა რეტროს მოდა ქართულ შოუბიზნესში, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: 2002 წლის კონკურსის ჟიურიმ, ბოლოს და ბოლოს, მიაქცია ყურადღება სიმღერების ტექსტებს. იმ საღამოს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სცენიდან ნაკლებად ისმოდა: “გელოდები”, “მესიზმრები”, “მელანდები”, თუმცა ჟანრულ და სტილურ ერთფეროვნებას ვერც ეს კონკურსი გადაურჩა. ქართულ ესტრადას პროფესიონალები ჯერ კიდევ შემორჩა, მაგრამ მაინც, ცოტა არ იყოს, “ერთნაირად” მღერიან ეს პროფესიონალები. წლები გადის, ისინი ვერა და ვერ ელევიან თავიანთ იმიჯს. თბილისის ბაზრობებზე კი ძველი ჰიტები მალე ბეზრდებათ ხოლმე.. და, მართალია, ესტრადის პროფესიონალი ვარსკვლავები ბაზრობაზე დაკრულ მუსიკაზე განუწყვეტლივ ქილიკობენ, უპრიანი იქნება შევახსენოთ მათ, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში შოუბიზნესიც “ბაზარია”, სადაც ხალხი იმას ყიდულობს, რაც მოსწონს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG