Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ დუბროვკის თეატრალურ ცენტრის ყოფილ მძევალთა სარჩელების მოსმენა დაიწყო


მოსკოვში, ტვერის რაიონის მუნიციპალურმა სასამართლომ ხუთშაბათს დაიწყო გასულ ოქტომბერში, დუბროვკის თეატრალურ ცენტრში განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაღუპულთა ნათესავებისა

და თავად ყოფილ მძევალთა სარჩელების განხილვა. სხდომის დაწყების წინ დაზარალებულთა ვექილებმა სასამართლოს გადასცეს ყოფილი მძევლების კიდევ 12 სარჩელი. ასე რომ, სარჩელების საერთო რაოდენობამ 61-ს მიაღწია, ხოლო მოთხოვნილი კომპენსაციების საერთო თანხამ – დაახლოებით 60 მილიონ დოლარს.

დაზარალებულთა ვექილის იგორ ტრუნოვის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია, ფიზიკური და ემოციური ზარალი აუნაზღაუროს იმ მოქალაქეებს, ვისი უსაფრთხოების დაცვაც ვერ უზრუნველყო.

[იგორ ტრუნოვის ხმა] "სახელმწიფო თავს უფლებას ვერ მისცემს, ბედის ანაბარა დატოვოს ადამიანები, განსაკუთრებით კი ის მოქალაქეები, რომლებსაც დაკარგული აქვთ შრომის უნარი, ისინი, ვის კმაყოფაზეც მცირეწლოვანი ბავშვები დარჩნენ."

მსხვერპლთათვის ზარალის ანაზღაურების საქმეები სასამართლოებს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშიც განუხილავთ, მაგრამ ხუთშაბათს დაწყებული პროცესი პოსტსაბჭოთა რუსეთში პირველია, რომელიც ტერორისტულ ინციდენტს უკავშირდება.

მსმენელს არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ ოქტომბერში მომხდარმა ტრაგედიამ, როცა ჩეჩენი მეამბოხეების მიერ 800-მდე მძევლის აყვანას რუსეთის უშიშროების ძალების ოპერაცია და 129 მძევლის დაღუპვა მოჰყვა, დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია.

მას შემდეგ მძევალთა გათავისუფლების ოპერაცია არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარ-ცეცხლში, როგორც თვით რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ოპერაციის ორგანიზატორებს საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საკუთარი რეპუტაცია თავისივე მოქალაქეების სიცოცხლეზე მაღლა დააყენა.

ექიმების დიდმა ნაწილმაც განაცხადა, რომ ოპერაცია უხეიროდ იყო დაგეგმილი. კერძოდ, მედიცინის მუშაკებს არ შეატყობინეს, რისთვის უნდა ყოფილიყვნენ მზად დაზარალებულთა მკურნალობისას; შესაბამისად, საავადმყოფოებს არ მოეპოვებოდა საკმარისი რაოდენობით ანტიდოტები გაზით მოწამლულთა გადასარჩენად თუ სამკურნალოდ.

მიუხედავად ამ კრიტიკისა, რუსეთის რიგით მოქალაქეთა უმრავლესობა ამართლებს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს და ყურადღებას ამახვილებს არა ოპერაციის შედეგად დაღუპულთა რიცხვზე, არამედ გადარჩენილ მძევალთა რაოდენობაზე.

რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი გრიგორი პფაიფერი ესაუბრა მოსკოვის "ჰელსინკის ჯგუფის" იურისკონსულტს ტატიანა ლოკშინას, რომლის ვარაუდით, მოსარჩელეებს წარმატების ძალიან მცირე შანსი აქვთ, რადგან ხელისუფლება ირწმუნება, რომ სამაშველო ოპერაციის ერთადერთი ალტერნატივა ყველა მძევლის დაღუპვა იყო.

[ტატიანა ლოკშინას ხმა] "მიუხედავად ჩვენი დასაბუთებული მტკიცებისა, რომ ბევრი ადამიანი სწორედ დაუდევრობის გამო დაიღუპა, რომ მაშველებსა და ექიმებს არავინ მისცა შესაბამისი ინსტრუქციები, სახელმწიფო სტრუქტურები მაინც ჯიუტად იმეორებენ, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდა. და, ვფიქრობ, ამ ხაზს ისინი ბოლომდე არ გადაუხვევენ."

მოსკოველი იურისტის ამ არცთუ ოპტიმისტურ პროგნოზს ზურგს უმაგრებს ოპერაციის ერთ-ერთი მსხვერპლის მამის დმიტრი მილოვიდოვის შემდეგი სიტყვები:

[დმიტრი მილოვიდოვის ხმა] "რუსეთში ადამიანის სიცოცხლე არასოდეს ფასობდა. იქნებ 21-ე საუკუნეში მაინც ვეღირსოთ იმას, რომ იგი დააფასონ; ხოლო ხალხმა, ვინც ამ სიცოცხლისთვის პასუხს აგებს, შეიგნოს, რაოდენ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ძალაუფლება."

დმიტრი მილოვიდოვიც, რომელმაც უშიშროების სამსახურის ოპერაციის შედეგად 14 წლის ქალიშვილი დაკარგა, და ბევრი სხვა მოსარჩელეც, აცხადებენ, რომ მოსკოვის სასამართლოში მარცხის შემთხვევაში ისინი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავენ.
XS
SM
MD
LG