Accessibility links

logo-print

დონალდ რამსფელდის პრესკონფერენცია


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ვაშინგტონში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ ერაყის პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის გადაყენება სულაც არაა იმის უცილობელი პირობა,

რომ შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილმა კოალიციამ აღარ დაიწყოს სამხედრო ოპერაცია ბაღდადის წინააღმდეგ. რამსფელდის თქმით, მნიშვნელოვანი ის კი არაა, ვინ არის ერაყში სახელმწიფოს მეთაური, არამედ ის, თუ როგორ მართავენ ამ ქვეყანას.

პენტაგონში შეკრებილი კორესპონდენტების წინაშე გამოსვლისას დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ ვინც უნდა გახდეს სადამ ჰუსეინის მემკვიდრე, მას იმავე მოთხოვნების შესრულება მოუხდება, რაც გაერომ სადამ ჰუსეინს წაუყენა, სახელდობრ, გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიამ ოფიციალურად უნდა დაადასტუროს, რომ ერაყში მთლიანად ლიკვიდირებულია მასობრივი განადგურების იარაღი; ერაყი არ უნდა ემუქრებოდეს მეზობელ ქვეყნებს; არ უნდა მოხდეს ერაყის დაყოფა ეთნიკური პრინციპით, დაბოლოს, ქვეყანაში უნდა დაიწყოს პოლიტიკური რეფორმები.

დონალდ რამსფელდის თქმით, საკმარისი არ არის, რომ სადამ ჰუსეინი განიარაღების ექსპერტთა საქმიანობაში არ ერევა. "ერაყის პრეზიდენტმა განიარაღების ექსპერტებს უნდა უჩვენოს, როგორ მოახდინა მასობრივი განადგურების იარაღის დემონტაჟი; იმ იარაღისა, ხუთი წლის წინათ რომ ნახა ერაყში გაეროს განიარაღების პირველმა საერთაშორისო კომისიამ" – განაცხადა დონალდ რამსფელდმა.

იმასთან დაკავშირებით, რომ განვლილი 6 კვირის მანძილზე გაეროს ექსპერტებმა ერაყში აკრძალული იარაღი ვერ აღმოაჩინეს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა: [დონალდ რამსფელდის ხმა] "ის ფაქტი, რომ განიარაღების ექსპერტებმა ჯერაც ვერ იპოვეს ახალი სამხილი, რომ ერაყი აკრძალულ იარაღს ფლობს, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ გაეროს ექსპერტებთან ერაყი არ თანამშრომლობს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ერაყმა ისეთნაირად დააპროექტა თავისი შეიარაღების პროგრამა, რომ მისი განხორციელება ინსპექციის პირობებშიც შესაძლებელია; ისიც ვიცით, რომ ერაყის ლიდერები უარყოფისა და მოტყუების ოსტატები არიან."

პრესკონფერენციაზე დონალდ რამსფელდს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალი, შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ მაიერსი ახლდა. რამსფელდმა და მაიერსმა დაადასტურეს ცნობა, რომ ამერიკის სადაზვერვო უწყებათა ზოგიერთი ინფორმაცია გაეროს განიარაღების ექსპერტებს გადაეცა, რაც მათ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის მიკვლევას გაუადვილებს.

გენერალმა მაიერსმა თქვა, რომ ვაშინგტონმა გაეროს "U-2"-ის სახელით ცნობილი ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავების გამოყენება შესთავაზა ერაყში, რაც ინსპექტორებს საქმიანობას გაუიოლებდა.

პრესკონფერენციაზე რამსფელდმა და მაიერსმა განაცხადეს აგრეთვე, რომ ამერიკელი ექსპერტები, უნგრეთში, 3000-მდე ერაყელ ლტოლვილს მოამზადებენ თარჯიმნებად და ჰუმანიტარულ ოპერაციებში მონაწილეობისთვის, რაც საჭირო გახდება ერაყთან ომის შემთხვევაში. ერაყელი ლტოლვილები წვრთნას სამხრეთ უნგრეთში, ტაშჩარის სამხედრო ბაზაზე გაივლიან. ამერიკელი ექსპერტები უნგრეთში ამ თვის მიწურულს ან თებერვლის დამდეგს ჩავლენ.
XS
SM
MD
LG