Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესი საქართველოში


2003 წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენად საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა იქცეს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე დრო ჯერ კიდევ დიდია,

წინასაარჩევნო სამზადისი უკვე იგრძნობა. არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ, რომელსაც "საქართველოს კოალიცია დემოკრატიისთვის" ჰქვია, დემოკრატიული არჩევნებისთვის თანამშრომლობა ხელისუფლებას გასული წლის მიწურულს შესთავაზა. რა შეიცვალა მას შემდეგ და რა მიმართულებით განვითარდა თანამშრომლობა მესამე სექტორსა და ხელისუფლებას შორის?

საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნების - მათ შორის, 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების - გათვალისწინებით, ყველაზე ოპტიმისტ ადამიანსაც გაუჭირდება დაიჯეროს, რომ 2003 წელს საქართველოს მოსახლეობა სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მომსწრე გახდება. ძნელი წარმოსადგენია ეს სჯეროდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მით უფრო, არასამთავრობო ორგანიზციების კოალიციაში წარმოდგენილ სამართლიანი არჩევნებისთვის მებრძოლებს. თუმცა, რადგან ცდა ბედის მონახევრეა, უსამართლო და ძალადობრივ არჩევნებთან შეგუება კი არ შეიძლება, "საქართველოს კოალიცია დემოკრატიისთვის" აქტიურად შეუდგა ხელისუფლებასთან დემოკრატიული არჩევნებისთვის თანამშრომლობას. ამ თანამშრომლობის პირველ შედეგად სამუშაო ჯგუფების შექმნა უნდა დავასახელოთ. არის უკვე ორი ჯგუფი: პირველს, რომელსაც კოორდინაცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და "საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარემ ავთანდილ ჯორბენაძემ უნდა გაუწიოს, ევალება მუშაობა პოლიტიკური ხასიათის საკითხებზე - მაგალითად: საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო წესებით არჩეულ დეპუტატებს შორის თანაფარდობის დადგენაზე ან საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებაზე და სხვ. ამ ჯგუფში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, პოლიტიკური ორგანიზაციებიც იქნებიან წარმოდგენილნი - როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ძალები.

მეორე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილია. ამ ჯგუფს არჩევნებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა ეკისრება და ამიტომ ტექნიკური ჯგუფი ჰქვია. მას ისეთი მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება ევალება, როგორიცაა ზუსტი საარჩევნო სიების შემუშავება და საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი პირადობის მოწმობების დარიგება. ამ ჯგუფთან, მესამე სექტორის წარმომადგენლების გარდა, საერთაშორისო ორგანიზიებიც ითანამშრომლებენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეებისთვის პირადობის დამადასტურებელი ახალი მოწმობების უფასოდ დარიგებას, პასპორტების ღირებულებიდან ამოღებული თანხის ხარჯზე. ტექნიკური ჯგუფის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საარჩევნო სიების ფორმირებაშიც, რადგან, როგორც ცნობილია, სწორედ ზუსტი საარჩევნო სიების პრობლემა უწყობს ხოლმე ხელს არჩევნების გაყალბებას. ამასთან დაკავშირებით, "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელი ლევან რამიშვილი ამბობს:

[ლევან რამიშვილის ხმა] " დღესდღეობით რამდენიმე სახელმწიფო უწყება ადგენს ამ სიებს და ძალიან ნაკლებია მათ შორის კოორდინაცია. ეს ამბავი უნდა მოგვარდეს. აქ იქნებიან ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები და მოკლე დროში უნდა იქნეს შემუშავებული გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელმა უწყებამ რა უნდა გააკეთოს. შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება ამ პროცესზე ზედამხედველობა, რაც, პრინციპში, კარგი უნდა იყოს, რადგან, თუ რომელიმე ჩინოვნიკი არჩევნების საბოტირებას მოახდენს, შინაგან საქმეთა მინისტრს ეცოდინება, ვის წინააღმდეგ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე."

რა ეცოდინება შინაგან საქმეთა მინისტრს, მაინც მომავლის საქმეა. წარსულ არჩევნებთან დაკავშირებით მომხდარი მთელი რიგი ფაქტების გამო კი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი ამას წინათ სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე გამოვიდნენ.

[ლევან რამიშვილის ხმა] " ჩვენ მოვითხოვეთ დღევანდელი შემადგენლობის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რასაც დაეთანხმა სახელმწიფო მინისტრი. დღეს უნდა მომხდარიყო კიდევ ერთი შეხვედრა გენერალურ პროკურორთან ამ საკითხებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომავალ საარჩევნო ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის არც ერთი დღევანდელი წევრი არ უნდა მოხვდეს. "

16 იანვარს გენერალურ პროკურორთან შეხვედრა, მართლაც, გაიმართა. ნუგზარ გაბრიჩიძეს მიაწოდეს დამატებითი ინფორმაცია ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობისას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით. როგორც "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ გვითხრა, საუბარი იყო რუსთავში ბიულეტენების გატაცების ფაქტზეც და იმაზე, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონდარღვევით დაამტკიცა ადგილობრივი არჩევნების რუსთავის შედეგები.
ვნახოთ, რამდენად შედეგიანი ან უშედეგო იქნება ეს შეხვედრა. ეს არის, რომ ყველასთვის ცნობილი დარღვევების რეაგირების გარეშე დატოვება მოსახლეობაში არჩევნებისადმი ნიჰილიზმს ამძაფრებს, რის გამოც პოლიტოლოგები საპარლამენტო არჩევნების ჩაშლას არ გამორიცხავენ.
XS
SM
MD
LG