Accessibility links

logo-print

ეროვნული ხასიათის ერთი თავისებურება


საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ათ წელიწადზე მეტი გავიდა. ამ ათწლეულმა საზოგადოების მოლოდინი სრულებით ვერ გაამართლა. დამოუკიდებლობის იდეა ორი საუკუნის

მანძილზე უკავშირდებოდა თავისუფლებას, კეთილდღეობას, ქვეყნის წინსვლას. მაგრამ, მოლოდინსა და რეალობას შორის არსებული უფსკრულის მიუხედავად, დღევანდელი საზოგადოება უაღრესი მოთმინებით ეკიდება თავის აწმყო მდგომარეობას და ბუნდოვან მომავალს. არადა, ეროვნული მოძრაობის წლებში ქართველებმა სწორედ მოუთმენლობის გამო ბევრი თანამოძმის სისხლი დაღვარეს.

ქართული ხასიათის შესწავლას დიდი ღვაწლი დასდო გურამ ასათიანმა, რომელმაც ამ საკითხს ორი გამოკვლევა მიუძღვნა: “სათავეებთან” და “როგორ უყვარდათ საქართველოში”. გურამ ასათიანი, როგორც ლიტერატორი, ეროვნულ ხასიათს ქართულ მხატვრულ ლიტერატურასა და ხალხურ შემოქმედებაზე დაყრდნობით იკვლევდა და ასეთ დასკვნამდე მივიდა: ქართველების ბუნება უკიდურესობებს ესწრაფვის. როდესაც ოპტიმისტები ვართ, ჩვენზე უკეთესი არავინაა, ხოლო თუ არ გვიმართლებს, ადვილად მივეცემით სასოწარკვეთას და ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე უარესი ერი ვართ.

უკიდურესობებისკენ მიდრეკილება, მართლაც, დაადასტურა ბოლო ათწლეულის ისტორიამ. დღეს ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც სამოქალაქო ომის დროს დაღვრილ სისხლს რაიმე გამართლებას მოუძებნის და არ აღიარებს, რომ სისხლისღვრა მხოლოდ სულსწრაფობამ გამოიწვია. მეორე მხრივ, ათიოდე წლის შემდეგ, შესაძლოა, აუხსნელი აღმოჩნდეს საზოგადოების დღევანდელი პასიურობა - მილიონობით ადამიანის გაღატაკებისა და ერთეულების გამდიდრების ფონზე, უპერსპექტივობისა და უიმედობის ფონზე. ესეც ქართული ხასიათის უკიდურესობის გამოვლენაა.

1990 წელს ფსიქოლოგმა ქეთევან კობალაძემ ჩაატარა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველის იდენტიფიკაციას, ერთი მხრივ, თავის ეროვნებასთან და, მეორე მხრივ, საბჭოთა სისტემასთან. აღმოჩნდა, რომ 200 გამოკითხულ სტუდენტს შორის უმრავლესობა ეროვნულ კუთვნილებას და ტრადიციულ აღზრდას უკავშირებდა თვისებებს: სტუმართმოყვარეობას, გულუხვობას, სიკეთეს, ვაჟკაცობას. სამაგიეროდ, საკუთარ თავს, როგორც საბჭოთა სისტემის ნაწილს, გამოკითხულთა უმრავლესობა აფასებდა ცნებებით: კაცის მკვლელი, ქურდი, მეძავი. ამ გამოკვლევის ერთი საინტერესო დეტალი ისიცაა, რომ ბევრი ახალგაზრდა აღიარებდა: მას, როგორც ქართველს, ახასიათებს ყველაფერი მეტისმეტი. ესეც ეროვნული ხასიათის თავისებურების – უკიდურესობებისკენ მისწრაფების – დასტურად უნდა მივიჩნიოთ.

საქართველო მრავალი წელია გარდამავალ სტადიაზე იმყოფება: იმპერიის ნაწილი იყო და თავისუფალ ქვეყნად დამკვიდრებას ცდილობს, ავტორიტარული წყობის შემდეგ დემოკრატიას ირჩევს, გეგმიური ეკონომიკის საბაზრო ეკონომიკით შეცვლა სურს. სურს და არ გამოსდის. შესაძლოა, ერთი სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი იყოს ეროვნული ხასიათის მიდრეკილება უკიდურესობებისკენ, რაც ყველაზე ნაკლებად შეესაბამება გარდამავალი ეტაპის მოთხოვნებს. გაწონასწორებული, დარბაისლური ქცევა და რუდუნებით მუშაკობა – ის თვისებებია, რომლებიც ყველაზე მეტად გვჭირდება და ყველაზე ნაკლებად მოგვეპოვება.
XS
SM
MD
LG