Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სავალუტო რეზერვი გაიზარდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ნებისმიერი ქვეყნისათვის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა წმინდა ეკონომიკური ეფექტისა, რეზერვების მოცულობა ქვეყნის კრედიტუნარიანობის შესაფასებელი კრიტერიუმიცაა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები, განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებთან შედარებით, მწირია, გასულ წელს ამ მიმართულებით სერიოზული ზრდა აღინიშნა: ეროვნული ბანკის რეზერვებმა, ბოლო პერიოდში პირველად, 200 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა.
2002 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური სავალუტო რეზერვები 42.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, 200 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. კერძოდ კი, წლის ბოლოს მათი მოცულობა 201.5 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ სავალუტო რეზერვების ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პარამეტრების დაცვით ხორციელდება და იგი ეროვნული ვალუტის, ლარის, გაცვლითი კურსის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია.
1998 წლის აგვისტოს კრიზისის შემდეგ რეზერვები მნიშვნელოვნად “შეთხელდა”. წლის ბოლოს მან კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და უკვე დეკემბრიდან ეროვნულმა ბანკმა ლარი “თავისუფალ ცურვაში” გაუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დოლარზე მოთხოვნის გაზრდისას ცენტრალური ბანკი ამ მოთხოვნას თავისი სავალუტო რეზერვებიდან არ აბალანსებს.
ანუ 1998 წლის შემდეგ ეროვნულ ვალუტაზე მცურავი კურსის სავალუტო რეჟიმი დაწესდა. ამ რეჟიმის თანახმად, ამერიკული დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი საბაზრო მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება და ეროვნული ბანკის ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე მხოლოდ უცხოური ვალუტის შესყიდვით შემოიფარგლება, ისიც მაშინ, როდესაც მოთხოვნასთან შედარებით მიწოდების მეტობის შემთხვევა დაფიქსირდება. ჭარბი დოლარის შესყიდვა ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი გამყარების თავიდან ასაცილებლად ხდება.
მას შემდეგ, რაც ბირჟაზე ვაჭრობისას დოლარის მიმწოდებლის რანგში ეროვნული ბანკი აღარ მონაწილეობს, სავალუტო რეზერვების ერთ-ერთ ძირითად დანიშნულებას ქვეყნის საგარეო ვალების შეუფერხებელი მომსახურება წარმოადგენს. 2002 წელს ამ მიზნით დაიხარჯა დაახლოებით 58 მლნ დოლარი.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვი, ძირითადად, შიდა ბაზარზე შესყიდული ვალუტის და დონორების მხრიდან მიღებული კრედიტების ხარჯზე ივსება. გასულ წელს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და დონორი სახელმწიფოებიდან მიღებული დაფინანსებით რეზერვები 56 მლნ აშშ დოლარით შეივსო. აქედან სსფ-ის კრედიტი – 30 მლნ, მსოფლიო ბანკის არასაინვესტიციო კრედიტი – 20 მლნ და ჰოლანდიის მთავრობის გრანტი - 6 მლნ აშშ დოლარი იყო. ამას გარდა, შიდა სავალუტო ბაზარზე ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა 40.5 მლნ აშშ დოლარი.

2003 წელს, საგარეო ვალების მომსახურების ხარჯების მიუხედავად, საფინანსო ექსპერტები რეზერვების ზრდის ტენდენციას ვარაუდობენ. საერთოდ, ნორმალურად ითვლება, როდესაც საერთაშორისო რეზერვი ქვეყნის 2 თვის იმპორტის დონეს აღემატება. პარლამენტის მიერ დამტკიცებულ “2003 წლის ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებშიც” სწორედ ეს მაჩვენებელია დაფიქსირებული.
XS
SM
MD
LG