Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რის ხარჯზე მოხდება ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება


ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში გამარჯვებამ დიდი გაურკვევლობა გამოიწვია საქართველოს ენერგოსისტემაში. ნათელაშვილი დენის

საფასურში „AES-თელასის“ კომპონენტის შემცირებას ცდილობდა. თელასის წილი კი საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებითაა გარანტირებული. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თელასის ნაცვლად, ელექტროენერგიის ტარიფის სხვა შემადგენელი კომპონენტები შეიძლება აზარალოს.

საშობაო არდადეგებიდან დაბრუნებულ “AES თელასის“ გენერალურ მენეჯერს იგნასიო ირიბარენს თბილისში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დახვდა დენის ტარიფის შემცირების შესახებ. არადა, გასული წლის მეორე ნახევარში თელასის მოთხოვნა ტარიფის 3 თეთრით გაზრდის შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შესაბამისად, დენის საფასურის შემცირება ირიბარენის ინტერესებში არანაირად არ შედის. მან ნაცად მეთოდს მიმართა და საქართველოდან წასვლისა თუ საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილის მუქარით საქართველოს მთავრობისგან მყარი გარანტიები მიიღო.

15 იანვარს იგნასიო ირიბარენი სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ მიიღო და ტარიფის ხელშეუხებლობის გარანტიაც მისცა.

[ჯორბენაძის ხმა] „AES-ს პრობლემა არ შეექმნება. საინვესტიციო გარემოსთვის აუცილებელია იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც მთავრობამ აიღო და ინვესტიციების გაფრთხილება ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა.“

საქართველოს მთავრობა AES-თან დადებული ხელშეკრულებითაა ხელფეხშეკრული და ამიტომ იძულებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის სხვა კომპონენტების შემცირებით დააკმაყოფილოს. ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური კომისია მუშაობს და, მინისტრ გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, არსებულ ტარიფში, მართლაც, მოიძებნა რესურსი, ელექტროგენერაციის წილის სახით, რომლის ხარჯზეც დენის საფასურის 1 თეთრით შემცირებაა შესაძლებელი.

ტარიფის შიგნით რესურსის გამოძებნის წინააღმდეგნი არიან როგორც შემადგენელ კომპონენტთა მეპატრონენი, ასევე ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია. კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თამარ ნოსელიძემ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთადერთი რესურსი ენერგეტიკის გადასახადების შემცირებაა.

[თამარ ნოსელიძის ხმა] „გადასახადები რაც არის, შემცირდეს. ამ შემთხვევაში ეს მარტო თელასს არ შეეხება, ეს შეეხება მთლიანად ენერგეტიკას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტარიფის შემცირება. დღგ-ს წილი ტარიფში არის 3 თეთრი. აი, ამით შეიძლება შემცირდეს ტარიფი არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში.“

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ საქართველოს ხელისუფლებისა და მარეგულირებელი კომისიის დამოკიდებულება, ანუ ტარიფის შესაძლო შემცირების მოცულობა, არ მოსწონს სასამართლოში გამარჯვებულ შალვა ნათელაშვილს.

[ნათელაშვილის ხმა] „ტარიფი უნდა შემცირდეს AES-ის ხარჯზეც და უნდა შემცირდეს იმ ქართული ენერგომაფიოზი ორგანიზაციების ხარჯზეც, რომლებიც ასევე დაემატნენ პარაზიტებად ამ AES-ის გადიდებულ მადას და მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტარიფი უნდა შეესაბამებოდეს სამომხმარებლო კალათას 4-5 თეთრი, ასე...“[სტილი დაცულია]

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციისთვის, ეს კი შალვა ნათელაშვილს ახალი განცხადებების საფუძველს აძლევს. იგი 16 იანვარს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, წინასაარჩევნო პერიოდისათვის დამახასიათებელი სიმწვავით, ახალი სასამართლო პროცესებით დაიმუქრა. ნათელაშვილმა მარეგულირებელი კომისიის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს ის სასჯელი, ანუ თავისუფლების აღკვეთა, შეახსენა, რომელსაც კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG