Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინა საბიუჯეტო ციებ-ცხელება პარლამენტში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 17 იანვარს საგანგებო სხდომაზე საქართველოს პარლამენტი კვლავ დაუბრუნდება 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას. წინასწარი ვარაუდით, ამჯერად ბიუჯეტს პარლამენტი მიიღებს.

16 იანვარს საკომიტეტო მოსმენაზე პარლამენტართა მოსაზრებებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი ისმენდა. სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე კი დარწმუნებით აცხადებდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტი ოპტიმალურია.

წინასწარი ვარაუდით, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი მიიღებს. ოღონდ რა დრო დასჭირდება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პროცესს - ამის თქმა ჯერჯერობით საკმაოდ ძნელია. ყოველ შემთხვევაში, ბიუჯეტის პროექტის პირველი წაკითხვით დამტკიცების შემდეგ პარლამენტის საგანგებო სხდომა გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანას ბიუჯეტი არ ექნება.
16 იანვარს ჩატარებული საკომიტეტო მოსმენების შედეგი აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის წარმატებული აღმოჩნდა: კომიტეტების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს წარმოდგენილ პროექტს. ასეთთა შორის არიან: საფინანსო-საბიუჯეტო, გადასახადებისა და შემოსავლების, საგარეო ურთიერთობების კომიტეტი და ა.შ. თუმცა ამ მხარდაჭერის მისაღებად აღმასრულებელ ხელისუფლებას გარკვეული პირობების შესრულება მოუხდა. მაგალითად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხარდაჭერა აღმასრულებელ ხელისუფლებას 3 მილიონი ლარი ”დაუჯდა” - სწორედ 3 მილიონი ლარით გაიზარდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება. ეს დამატებითი თანხა საქართველოს საელჩოების გახსნას მოხმარდება ჩინეთსა და იაპონიაში.
მთლიანობაში, საგანგებო სხდომა მრავალმხრივ იქნება საინტერესო: ერთი მხრივ, გაირკვევა, რამდენად მყარია ე.წ. თემატური უმრავლესობა; მეორე მხრივ, ბიუჯეტის მიღების საკითხი ოპოზიციის პრინციპულობის თავისებური ლაკმუსის ქაღალდის როლს შეასრულებს. გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტის განხილვებისას ფრაქციათა ლიდერების გამოსვლები თავისებურ წარმოდგენას შექმნის კონკრეტული პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მიმართულებაზე. თუ გაერთიანებული დემოკრატების სტრატეგია გასაგებია - ისინი, გარკვეულწილად, ლეიბორისტული პარტიის წარმატებული მაგალითის განმეორებას ცდილობენ და წინა პლანზე მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხი გამოაქვთ. როგორც ჩანს, იგივე თემა იქნება წამყვანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიისას. ყოველ შემთხვევაში, ფრაქცია “ნაციონალები” 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის ნაკლად იმას ასახელებენ, რომ კვლავ არ არის გათვალისწინებული საპენსიო დავალიანებების გასტუმრებისთვის აუცილებელი თანხები.
16 იანვარს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე გამოიკვეთა კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, სავარაუდოდ, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის სამიზნედ იქცევა. გაერთიანებული დემოკრატების წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული თანხების დიდი ნაწილი მოქალაქეთა კავშირის წინასაარჩევნო კამპანიისთვის არის განკუთვნილი. თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრი ამ ბრალდებაზე აცხადებს, რომ მოქალაქეთა კავშირში აღარ ხდება ის, რაც რამდენიმე წლის წინათ ხდებოდა და რომ ბევრი ის დავალიანება, რომელიც დღეს სახელმწიფოს აქვს მოსახლეობის მიმართ, სწორედ დღევანდელი ოპოზიციის ხელისუფლებაში ყოფნისას დაგროვდა. ავთანდილ ჯორბენაძე დარწმუნებულია, რომ, მისი შეფასებით, ოპტიმალურ ბიუჯეტს პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG