Accessibility links

logo-print

ვინ გახდება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის ოთხ პრეტენდენტს შორის ხმების უმრავლესობით გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი

მოქალაქეთა კავშირის კანდიდატს ნანა ბიჭიაშვილს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ ნანას ყველა დადებითად ახასიათებს, მისი შესაძლო გამარჯვება მის რეიტინგთან უმნიშვნელოდაც კი არ იქნება დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სავარძელი პოლიტიკური პაექრობის საგანია და მას სწორედ ის კანდიდატი დაიკავებს, რომლის ზურგს უკან დეპუტატთა უმრავლესობა დაირაზმება. ასეთი ერთსულოვნება კი დღეისათვის, ძირითადად, სახელისუფლებო ფრაქციებისგანაა მოსალოდნელი.

კანდიდატის გასაყვანად, კანონის მიხედვით, პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლეობაა საჭირო, ფორმულით - ნახევარი პლიუს ერთი, რაც საქართველოს პარლამენტისთვის 118 ხმას შეადგენს. სახელისუფლებო ფრაქციები, ფრაქცია"სოციალისტთან" ერთად, ეგრეთ წოდებულ "თემატურ უმრავლესობას" წარმოადგენენ. თემატური უმრავლესობის გარდა, ნანა ბიჭიაშვილის პოტენციურ მხარდამჭერთა შორის მოიაზრებიან ფრაქციები: "აფხაზეთი", "ახალი აფხაზეთი", "მრეწველები" და "მაჟორიტარები". მართალია, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატთა საკმაოდ სოლიდური რაოდენობა, ოთხი კაცი, კენჭისყრისას დეპუტატთა ხმების დაქსაქსვის საშიშროებას ქმნის, მაგრამ სახელისუფლებო ფრაქციები ასე არ ფიქრობენ.
[ვიტალი ხაზარაძის ხმა] "დაიქსაქსება 100 ხმა და 120 ექნება ქალბატონ ნანას. კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 118 ხმით აირჩევა. ასე რომ, ჩვენ, თავისთავად ცხადია, ვგულისხმობთ, რომ გვექნება უმრავლესობა - სიითი შემადგენლობის უმრავლესობას შევაგროვებთ და პირველივე კენჭისყრით გავა ქალბატონი ნანა."
"ახალი დემოკრატები" პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დაკარგვას, არსებითად, შეგუებულნი არიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ელენე თევდორაძის კონკურენტს პრაქტიკულად ვერ ხედავენ.
[გია ბარამიძის ხმა]"თავისთავად, მოლაპარაკებების წარმოება არ ნიშნავს , რომ ეს ხალხი, როგორც უკვე გითხარით, თავის პოლიტიკურ ზნეობას შეიცვლის, სამწუხაროდ. ბრძოლა ერთია და სურვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენი ფრაქციის და ჩვენთან მოთანამშრომლე ფრაქციების მცირერიცხოვნება, შედარებით სხვასთან, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი ქალბატონ ელენეს კანდიდატურის გასვლასთან დაკავშირებით."
კიდევ უფრო გაურკვეველია დანარჩენი ორი კანდიდატის, ტრადიციონალისტ ნატო ჩხეიძისა და "აღორძინების" წევრ სანდრო ბრეგაძის, შანსები. ორივე კანდიდატი აღორძინების ბლოკიდანაა და აღორძინების ხმებიც, როგორც ჩანს, სულ ცოტა, ორ ნაწილად მაინც გაიყოფა. სიტუაციის სუმბურულობის დასტურად, მარტო იმის თქმა შეიძლება, რომ "აღორძინების" ლიდერი ჯემალ გოგიტიძე ნატო ჩხეიძის მომხრეა, რადგან, როგორც ჩანს, სანდრო ბრეგაძის კანდიდატურას მხარს თავად ასლან აბაშიძე არ უჭერს. თავის მხრივ, ოფიციალური ვერსიით, კანდიდატთა შორის სანდრო ბრეგაძის გამოჩენა გახდა იმის მიზეზი, რომ "მოქალაქეთა კავშირმა" თავისი თამაში წამოიწყო. ამდენად, ნანა ბიჭიაშვილი სწორედ ნატო ჩხეიძის უშუალო მეტოქეა. პარლამენტის საგანგებო სესია ამ დღეებში დაუსვამს წერტილს რვათვიან გაურკვევლობას, რომლის მიხედვით, ადამიანის უფლებებზე ზრუნვაც პოლიტიკური გარიგებების საგანია.
XS
SM
MD
LG