Accessibility links

კრემლი ჩეჩნეთში რეფერენდუმის მოსაწყობად ემზადება


ანდრო ეული, პრაღა მოსკოვმა გადაწყვიტა, 23 მარტს ჩეჩნეთში მოაწყოს რეფერენდუმი ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, რასაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა მოჰყვეს.

კრემლის მესვეურები იმედოვნებენ, რომ მათი ჩანაფიქრის განხორციელება ხელს შეუწყობს ვითარების სტაბილიზებას და განამტკიცებს კავშირს მოსკოვსა და გროზნოს შორის.

კრემლმა გამოაცხადა, რომ ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში ან დეკემბერში გაიმართება. რუსეთის ხელისუფლება და ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაცია იმედოვნებენ, რომ რეფერენდუმი და მომდევნო არჩევნები განამტკიცებს ჩეჩნეთის ადგილს რუსეთის ფედერაციაში და, რაც მთავარია, მოსკოვი ამით დასავლეთს დაანახებს, რომ ვითარება ჩეჩნეთში თითქმის ნორმალურია, მიუხედავად იმისა, რომ არ წყდება შეტაკებები მეამბოხეებსა და ფედერალურ ჯარს შორის.

როგორც რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრ ვეშნიაკოვმა გამოაცხადა ამ დღეებში, 23 მარტისათვის დანიშნულ რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებს ჩეჩნეთის 530 000-მდე მოქალაქე, აგრეთვე იქ მუდმივად განთავსებული 38 000-კაციანი ფედერალური ჯარი. ვეშნიაკოვის თქმით, ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის, რათა რესპუბლიკის მოსახლეობამ თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი.

თუმცა, მრავალი მიმომხილველი ეჭვქვეშ აყენებს მომავალი რეფერენდუმის ლეგიტიმურობასა და მიზანშეწონილობას და აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთში ომის შესაჩერებლად სხვა, უფრო ქმედითი ზომების მიღებაა საჭირო.

როგორც ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის მკვლევარმა ბობო ლომ აღნიშნა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, 23 მარტისათვის დანიშნული რეფერენდუმის მიზანია, ლეგიტიმურობა შესძინოს კრემლის მიერ დანიშნულ პრომოსკოვურ მთავრობას გროზნოში და, ამასთანავე, სამართლებრივი საფუძველი შეუქმნას ჩეჩნეთში მიმდინარე ომს.

ბრიტანელ მკვლევარს ეთანხმება კარნეგის ფონდის მოსკოვის განყოფილების პოლიტიკური მიმომხილველი ალექსეი მალაშენკო. მისი თქმით, დღეს ჩეჩნეთში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ მიზნის მისაღწევად რუსეთს სულაც არ ესაჭიროება რეფერენდუმის შედეგებით მანიპულირება.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ალექსეი მალაშენკომ უთხრა: [ალექსეი მალაშენკოს ხმა] "მანიპულირება საჭირო არ არის, ვინაიდან ის ფაქტი, რომ რეფერენდუმი რეალური ომის პირობებში ეწყობა, უკვე თავისთავად არის მანიპულაცია. ძნელი წარმოსადგენია, რომ ხალხმა თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი იმ დროს, როცა ქვეყანაში ომი მძვინვარებს და ზამთარშიაც კი არ წყდება. ეს რეფერენდუმი უკანონო იქნება ყველა შეთხვევაში თუნდაც იმიტომ, რომ არ ვიცით, რომელ ტერიტორიაზე ჩატარდება და რამდენი პროცენტი მიიღებს მასში მონაწილეობას."

მალაშენკომ განაცხადა აგრეთვე, რომ გაურკვეველია, რამდენი ლტოლვილი მოისურვებს ხმის მისაცემად ომით გაჩანაგებულ ჩეჩნეთში დაბრუნებას.

რუსლან ბადალოვი სათავეში უდგას ეროვნული ხსნის კომიტეტს - არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ინგუშეთში გახიზნულ ჩეჩენ ლტოლვილებს ეხმარება. ამ ორგანიზაციის გამოანგარიშებით, დღეს ინგუშეთში 150 000-მდე ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს, მაშინ, როცა ოფიციალურ ცნობებში შესაბამისი მაჩვენებელი 70 000-ს არ აღემატება.

ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ბადალოვმა თქვა, რომ დეკემბერში, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად, ლტოლვილების მხოლოდ 1 პროცენტი დაბრუნდა ჩეჩნეთში. ბადალოვის თქმით, ალბათ ამდენივე ან, შესაძლოა, კიდევ უფრო ნაკლები აღმოჩნდეს იმ ლტოლვილთა რიცხვი, ვინც საკონსტიტუციო რეფერენდუმში ხმის მისაცემად ჩეჩნეთში დაბრუნებას მოისურვებს.

ალექსეი მალაშენკო დარწმუნებულია, რომ ჩეჩნეთის ახალი კონსტიტუცია მიღებულ იქნება, თუმცა ამით ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება. ამასობაში, საერთაშორისო ორგანიზაციამ "ჰიუმან რაიტს უოჩმა" სამშაბათს გამოაქვეყნა ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოს კავშირი, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციები, "თვალს ხუჭავენ იმ ბარბაროსობაზე", ფედერალური ჯარი რომ სჩადის ჩეჩნეთში. ამ ანგარიშის ცალკეული ნაწილები ჩვენს წინა გადაცემებში გაგაცანით.
XS
SM
MD
LG