Accessibility links

პარლამენტმა რუსთავის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. - დაირღვა თუ არა კანონი?


საქართველოს პარლამენტმა 17 იანვრის რიგგარეშე სესიის ერთ-ერთ პირველ საკითხად რუსთავის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული როლანდ მგალობლიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხი გაიტანა.

შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარისა და ახალი მემარჯვენეების წევრის ფიქრია ჩიხრაძის შენიშვნების მიუხედავად, პარლამენტმა, 140 ხმით 17-ის წინააღმდეგ, საკითხი როლანდ მგალობლიშვილის სასარგებლოდ გადაწყვიტა. დაარღვია თუ არა პარლამენტმა კანონი? საქმე ისაა, რომ უზენაეს სასამართლოში პარლამენტის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" სარჩელის განხილვა. სარჩელი სწორედ რუსთავის 30 ნოემბრის არჩევნების კანონდარღვევების გამო აღიძრა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად, სარჩელის წარდგენა სასამართლოში გასაჩივრებული აქტის მოქმედებას აჩერებს. ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ შეჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რუსთავის არჩევნების სამართლიანობა 10 იანვრის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს 18 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ცნო. უზენაესმა სასამართლომ დაავალა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ერთობლიობაში განეხილა რუსთავის არჩევნების გაყალბების მამხილებელი ყველა დარღვევა და საჩივარი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეცა ახალი განკარგულება. ახალი განკარგულება რუსთავში არჩევნების ჩატარებულად ცნობის შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სრული იგნორირებით იქნა გაცემული. სწორედ ამ განკარგულებას მოჰყვა "სამართლიანი არჩევნების" ახალი სარჩელი, რომელიც რუსთავის არჩევნების შედეგების გაუქმებას ამჯერად უკვე სასამართლოს ძალით იმედოვნებდა. იურისტ მალხაზ ღუღუნიშვილს სწორედ მაშინ ვესაუბრეთ, როცა უზენაეს სასამართლოში ამ სარჩელზე პროცესი დაიწყო. იურისტის დასკვნა, ძირითადად, ადმინისტრაციული კოდექსის ზემოხსენებულ 29-ე მუხლს ეყრდნობა. თუმცა არის სხვა გარემოებაც:
[მალხაზ ღუღუნიშვილის ხმა]"ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტს არ უნდა ეცნო დეპუტატის უფლებამოსილება. და მეტსაც გეტყვით: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, როდესაც, თუ არჩევნების კანონიერება საეჭვოა, პარლამენტმა შეიძლება უარი განაცხადოს დეპუტატის - უფრო სწორად, პარლამენტის წევრის - უფლებამოსილების დადასტურებაზე."
რუსთავის არჩევნების კანონდარღვევები თვალსაჩინოა და, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ამაზე უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც კი არ დავობენ. ასეთ ვითარებაში მით უფრო გაუგებარია, რატომ იჩქარა პარლამენტმა და თანაც სწორედ საგანგებო სესიაზე, რომლის დღის წესრიგი ისედაც გადატვირთულია არამარტო საბიუჯეტო ვნებებით. ამ კითხვას ერთი მარტივი პასუხი აქვს: ბიუჯეტზე კენჭისყრისას როლანდ მგალობლიშვილის ერთ ხმასაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მისი სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა სწორედ ამიტომაც დააჩქარა. საგულისხმოა კენჭისყრის შედეგებიც: 140 დადებითი ხმა, როგორც ბიუჯეტზე ხმების მობილიზების სასინჯი ქვა. სხვათა შორის, ამ ხმებში, ალბათ, იმ დეპუტატების ხმებიც ურევია, რომელთა უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლომ ამაოდ შეაჩერა. ესეც საგულისხმო დეტალია. არ არის გამორიცხული რუსთავის ახალი მაჟორიტარი დეპუტატის როლანდ მგალობლიშვილის საქმეც საკონსტიტუციო სასამართლოში აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო რუსთავის არჩევნების შედეგებს გააბათილებს.
XS
SM
MD
LG