Accessibility links

logo-print

2003 წლის ბიუჯეტის პროექტის ხელმეორე განხილვა პარლამენტში


საქართველოს პარლამენტის მიერ დეკემბრის ბოლოს უარყოფილი 2003 წლის ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უცვლელი სახით დაუბრინდა. ამის მიუხედავად,

17 იანვრის საგანგებო სესიაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესი მშვიდ ვითარებაში დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ამ სიმშვიდის მოტივი მთავრობის მიერ პარლამენტში მოძიებული გარანტიები უნდა ყოფილიყო. ბიუჯეტის დამტკიცებას 118 ხმა ესაჭიროება. ჩვენს მიერ ნახსენებ გარანტიებშიც ამ 118 ხმის მობილიზების გარანტიები იგულისხმებოდა. იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა პარლამენტში 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ეკა წამალაშვილი ისაუბრებს.


საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ხელმეორე განხილვა კრახით აღარ დასრულებულა. ბიუჯეტის პროექტი პირველი მოსმენით მიღებულ იქნა. მანამდე კი მოვლენები ასე ვითარდებოდა. რიგგარეშე სესიაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვა ნახევრად ცარიელ დარბაზში, მშვიდ ვითარებაში დაიწყო. პარლამენტში მისულ მთავრობის წევრებს და სახელისუფლებო ფრაქციების წარმომადგენლებს ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის შიში არ ემჩნეოდათ. მოსალოდნელისამებრ, ვითარება დარბაზში, ღამით, საქმის კენჭისყრაზე მიტანის წინ გამწვავდა. სხდომათა დარბაზიც მოგვიანებით შეივსო. მთავრობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტის მიმართ მკაცრი შენიშვნები ფრაქციების ლიდერების გამოსვლებისას გამოითქვა." გაერთიანებული დემოკრატების", "ტრადიციონალისტების", "ახალი მემარჯვენეების", "21 საუკუნის" და "ერთიანი საქართველოს" სახელით გამოსულმა დეპუტატებმა დაადასტურეს, რომ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერდნენ. მათ რიგებს შეუერთდა ფრაქცია "მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვისაც", რადგან მთავრობამ არ მიიღო მათი სამშვიდობო წინადადება, რომელიც 14 ლარიანი პენსიების 17 ლარამდე გაზრდას უკავშირდებოდა. რიგგარეშე სესიაზე ზოგიერთი ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლების მხრიდან ბიუჯეტის პროექტის და მთავრობის კრიტიკა პრეზიდენტის კრიტიკაში გადაიზარდა. ამ მხრივ ,განსაკუთრებული, შემართება ფრაქცია "აღორძინების" წარმომადგენლები გამოიჩინეს. მათი მხრიდან რამდენჯერე გაიჟღერა ფრაზამ, რომელმაც ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა და ჯანსუღ ჩარკვიანს ათქმევინა:

[ჯანსუღ ჩარკვიანის ხმა] " სამჯერ მოვისმინე უკვე რომ საქართველოში არის ხალხი, რომლებიც ლამობენ რომელიმე რეგიონი მოშორდეს საქართველოს. არ გამოგივათ თქვე თახსირებო. ასეთი კაცი არ არსებობს საქართველოში."

საბიუჯეტო დებატები მარტო ასეთი კაცის ძიების მიმართულებით არ განვითარებულა. მაშინ, როცა ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრამდე თითქმის არაფერი რჩებოდა ოპოზიციურ ფრაქციათა ფლანგში ის დოკუმენტი გაახსენდათ, რომელსაც პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარმდგენის, ფინანსთა მინისტრის, მირიან გოგიაშვილის, როგორც მომხსენებლის უფლებამოსილება უნდა დაედასტურებინა.
ასეთი დოკუმენტი პარლამენტის აპარატში ვერ იპოვეს და დებატები ახლა უკვე იმის გარკვევას დაუკავშირდა ნიშნავდა თუ არა მინისტრის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის არ არსებობა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის კანონდარღვევით წარდგენას. ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა უსაშველოდ გაჭიანურდა, ჯერ კანცელარიიდან გოგიაშვილის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის მოლოდინით, შემდეგ სხვა და სხვა ფრაქციების მიერ რეგლამენტით დაშვებული შესვენებების მოთხოვნით. შესვენებების ამოწურვის შემდეგ იყო განცხადებების გაკეთების მოთხოვნაც, მასზე უარის მიღების შემდეგ "გაერთიანებულმა დემოკრატებმა" სხდომათა დარბაზი პრპტესტის ნიშნად დატოვეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 144 დეპუტატმა მიიღო. ბიუჯეტის პროექტი პირველი მოსმენით 129 ხმით მიიღეს.
XS
SM
MD
LG