Accessibility links

პენტაგონის გრძელვადიანი ანტიტერორისტული გეგმა


აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში დაამტკიცეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამხედრო გეგმა. ლაპარაკია პენტაგონის პირველ გრძელვადიან სტრატეგიულ კონცეფციაზე,

რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან ბრძოლაში სამხედროების როლს განსაზღვრავს. ასეთი ანტიტერორისტული სტრატეგიული გეგმები უკვე შემუშავებული აქვთ ქვეყნის საგარეო უწყებას, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, გამოძიების ფედერალურ ბიუროს, სხვა სამთავრობო უწყებებს. რაც შეეხება პენტაგონის გეგმას, ის, როგორც ჩანს, უშუალო კავშირშია ერაყის კრიზისთან და საქართველოსთანაც კი.

საქმე ეხება 150-გვერდიან დოკუმენტს სახელწოდებით "ტერორიზმთან ომის ეროვნული სამხედრო სტრატეგიული გეგმა" - საიდუმლო დოკუმენტს, რომლის შესახებ ინფორმაცია ვაშინგტონის ოფიციალურ წარმომადგენელთა გამონათქვამებს ეყრდნობა. ამ წყაროების მეშვეობით გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსისთვის", მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ გეგმა ითვალისწინებს სამხედრო ძალის გამოყენებას ან ასეთი ძალით მუქარას ტერორიზმის მხრდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ. ერაყის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ სამხედრო ოპერაცია მის, როგორც (დაზვერვის ინფორმაციით) "ალ-ყაიდის" მოკავშირის წინააღმდეგ, იმავდროულად იქნება მუქარა ირანისა და სირიის მისამართით, შეწყვიტონ "ჰესბოლას", ანუ "ალ-ყაიდასავით", ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა.

პენტაგონში შემუშავებული კონცეფცია არ მოიცავს კონკრეტული ბრძოლების გეგმას ან სამომავლო ოპერაციების აღწერას: მასში ჩამოყალიბებულია მიზანი, რომელიც 20-30 წლის მანძილზე სამ ეტაპად განხორციელდება. ამ ეტაპების შესახებ ცოტა ქვემოთ.

დოკუმენტი შარშან ზაფხულში მომზადდა და ოქტომბერში შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ რიჩარდ მაიერსის მიერ იქნა დამტკიცებული. ამასობაში, პენტაგონის გეგმა თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმაც დაამტკიცა - მცირე შესწორებებით, როგორც სამხედრო ოფიციალური პირები ამბობენ. თუმცა მათ ცვლილების შინაარსი არ გაუმხელიათ, ისევე როგორც არ გაუმხელიათ დოკუმენტის სხვა დეტალები. ასე რომ, დღეს ცნობილია კონცეფციით გათვალისწინებული ანტიტერორისტული ბრძოლის ზემოხსენებული სამი მთავარი ეტაპის შესახებ. ეს ეტაპებია: პირველი - ტერორისტული დაჯგუფებების, უწინარეს ყოვლისა, მათგან ყველაზე სახიფათოს, "ალ-ყაიდის" განადგურება; მეორე - ზეწოლა ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოებზე და მესამე - მთელს მსოფლიოში ანტიტერორისტული გარემოს შექმნა.

რახან ლაპარაკი მთელს მსოფლიოზეა, ის, ბუნებრივია, საქართველოსაც ეხება. მაგრამ კავშირი ამით არ ამოიწურება. როგორც დაზვერვისა და უშიშროების დასავლელმა მუშაკებმა ხუთშაბათს განაცხადეს, სულ უფრო ნათლად იკვეთება სამხილები, რომელიც კავკასიაში მყოფი შეიარაღებული პირების "ალ-ყაიდასთან" და ერაყში განთავსებულ ტერორისტულ დაჯგუფება "ანსარ ალ ისლამთან" კავშირს ადასტურებს. მოიხსენიებენ პანკისის ხეობას - იქ საქართველოს ჯარებმა შარშან სამხედრო ოპერაციის განხორციელებისას მიაგნეს არა მარტო სამხედრო ბანაკებს ან საინტერნეტო ცენტრს, არამედ რიცინზე მუშაობის კვალსაც. რიცინთან დაკავშირებული საფრთხე კი ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად იქცა მას შემდეგ, რაც 5 იანვარს ლონდონში აღმოაჩინეს ეს საწამლავი და მის დასამზადებლად საჭირო მოწყობილობები.

ერთი მხრივ, რიცინის დამზადებაში ეჭვმიტანის საფუძველზე ლონდონში დაკავებულ ალჟირელებსა და პანკისში ნამყოფ ექსტრემისტებს შორის კავშირი არ დაუდგენიათ, მაგრამ საყურადღებოა კიდევ ერთი აღმოჩენა: ფრანგმა გამომძიებლებმა მოიპოვეს სამხილი, რომლის მიხედვით პარიზში გასულ თვეში შეპყრობილი ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, ციანიდისა და სხვა მომწამვლელი ნივთიერებების დამზადებაზე მუშაობდნენ. ამ ეჭვმიტანილების შემთხვევაში ეჭვს არ იწვევს, რომ ზოგი მათგანი კავკასიაშიც არის ნამყოფი.

ასე რომ, პენტაგონის გეგმის მიხედვით, კავკასიისადმი ყურადღება პირველივე ეტაპზე - ტერორისტული დაჯგუფებების განადგურების ეტაპზევეა აღძრული. ხოლო რახან ლაპარაკი კავკასიაზეა, ის, რასაკვირველია, საქართველოსაც ეხება.
XS
SM
MD
LG