Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი დონორები და თბილისის ადმინისტრაციული რეფორმა


დავით პაიჭაძე, თბლისი პარასკევს, 17 იანვარს, თბილისის საკრებულოში შედგა ხანომკლე შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოში მოქმედ 15-მდე დონორ ორგანიზაციას შორის.

შეხვედრას დაესწრო თბილისში აკრედიტებული რამდენიმე დიპლომატიც - დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, შვეიცარიის ელჩები, საფრანგეთის ელჩის მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარე მიწვეულ სტუმრებს სთხოვს, მხარი დაუჭირონ ადმინისტრაციულ რეფორმას თბილისში. საამისოდ სააკაშვილს განზრახული აქვს შექმნას ქალაქის სტრატეგიული განვითარებისა და მართვის ცენტრი, რომლის თანამშრომლებსაც კარგი განათლებისა და პატიოსნების კრიტერიუმით შეარჩევენ. სწორედ ცენტრის ხელმძღვანელობით განსახორციელებელი პროექტები საჭიროებენ დონორთა შეწევნას, უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ - ფულს. რამდენად რეალური და კანონიერია ასეთი განზრახვა?

თავისთავად, ადმინისტრაციული რეფორმა, სურვილი, გაუმჯობესდეს მართვა, შემცირდეს კორუფცია, გაიაფდეს ხელისუფლება - სავსებით კანონიერია. საკრებულოს თავმჯდომარეს, თბილისის სტრატეგიული განვითარებისა და მართვის ცენტრის შექმნითა და ამოქმედებით, არსებითად, სურს, არასამთავრობო ორგანიზაციის ქუდქვეშ სახელმწიფოს საქმე აკეთოს. ცენტრის მომავალ თანამშრომლებს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრთა სტატუსი ექნებათ, მაგრამ რეალურად სახელმწიფო მოხელეთა საქმეს შეასრულებენ. მე ვკითხე მიხეილ სააკაშვილს, თუ კანონი კრძალავს სახელმწიფო მოხელეთა დაფინანსებას არასაბიუჯეტო, ამ შემთხვევაში კი, პირდაპირ სხვა სახელმწიფოსა თუ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფულით, როგორ წარმოუდგენია მას განზრახვის შესრულება? [მიხეილ სააკაშვილის ხმა]: "რა ვქნათ, როცა ცენტრალური მთავრობა ოპოზიციური საკრებულოსთვის კვანტის დადებითა და მისი ჩაფლავებით არის დაინტერესებული? ერთადერთი გამოსავალია, თუნდაც პატარ-პატარა პროექტები დაფინანსდეს უცხოეთის ფულით. ეს არ არის კანონის დარღვევა. სხვათა შორის, უცხოური ფული აქამდეც მოდიოდა, მაგრამ ძირითად ნაწილს იპარავდნენ. ჩვენი მიზანია, მოხდეს კოორდინაცია, მარჯვენა ხელმა იცოდეს, რას აკეთებს მარცხენა, ყველა დახმარება განაწილდეს, რაც შეიძლება, ეფექტურად და ხალხმა იცოდეს, რომ რაღაც იცვლება. ჩვენი ფუნქციაა, მერიის კორუმპირებული აპარატი მაქსიმალურად ჩამოვაშოროთ თამაშს. გვინდა, ფუნქციების დელეგირება მოხდეს ადგილობრივ, სკოლებისა თუ უბნების საბჭოებზე"...

დონორ ორგანიზაციებთან (მათ შორის იყვნენ: გაეროს განვითარების პროგრამა, ევროსაბჭო, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, იუნისეფი, მსოფლიო ბანკი, სოროსისა და ევრაზიის ფონდები და სხვები), აგრეთვე დიპლომატებთან საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ არაერთხელ გაუსვა ხაზი თავის ოპოზიციურობას და შევარდნაძის ხელისუფლების უვარგისობას. შესაძლოა, სააკაშვილის მხრივ ეს, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა იყო, რადგან დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქმე, უწინარესად, აქვთ სწორედ შევარდნაძის, ანუ ქვეყნის, ხელისუფლებასთან. ვერ გეტყვით, რა მიზეზით, მაგრამ დონორებმაც და დიპლომატებმაც, შეხვედრის დამთავრების შემდეგ საკრებულო უკომენტაროდ დატოვეს. რეფორმის მიმართულებებსა და მუნიციპალურ პროექტებზე ლაპარაკის დროს რამდენად ადეკვატური იყო ოპოზიციურობის ხაზგასმა? სააკაშვილმა ამ კითხვას ასე უპასუხა [სააკაშვილის ხმა]:

-
"ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ქალაქის ხელისუფლების ერთ-ერთი შტო. ქალაქში არის ორხელისუფლებიანობა: ერთი მხრივ, პრეზიდენტის დანიშნული მერი და პრემიერი, მეორე მხრივ - საკმაოდ ერთსულოვნად მოქმედი საკრებულო, რამდენიმე ოპოზიციური ვიცე-პრემიერი და სამსახურთა უფროსები, რომლებიც არ დაუნიშნავს ცენტრალურ ხელისუფლებას. ეს არის ოპოზიციის მოპოვებული სახელისუფლო პლაცდარმი. ამდენი ელჩის დღეს აქ მოსვლა ნიშნავს, რომ უცხოეთის სახელმწიფოები ამ საკრებულოსთან იჭერენ საქმეს.

-
თუმცა უხმოდ მიდიან და არაფერს ამბობენ...

-
ახლა, ტაშს და იმას თუ ელოდით, არ ვიცი... მე ამ ხალხს კვირაში ორ-სამჯერ ვხვდები და აქ ყველანი მოვიდნენ ინფორმაციის მისაღებად".
XS
SM
MD
LG