Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ერაყის კრიზისი და პოლემიკა შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასჯის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით - ამ საკითხებს დაეთმობა უცხოეთის პრესის დღევანდელი მიმოხილვა.




გაზეთი "უოლ სტრიტ ჯორნალი" სარედაქციო სტატიით გამოეხმაურა ხუთშაბათს გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ გაეროს განიარაღების ექსპერტებმა, ბაღდადის სამხრეთით აღმოაჩინეს 11ქიმიური ქობინა, რომლებიც "ძალიან კარგ მდგომარეობაშია და გამოსადეგია ქიმიური იარაღისათვის. გაზეთი წერს:

"ერაყმა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა ამ სენსაციურ ცნობასთან დაკავშირებით: ჯერ ითქვა, რომ ქობინები, ბაღდადის ოფიციალურ დეკლარაციაში იყო მოხსენიებული, ხოლო მოგვიანებით, ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ დაავიწყდათ, უბრალოდ, ქიმიური ქობინების არსებობის შესახებ."

გაზეთ "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნის" მიმომხილველი ჯუსტ ჰილტერმანი აშკარა ცინიზმში ადანაშაულებს პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას, რომელიც იმით ამართლებს მოსალოდნელ ომს ერაყთან, რომ სადამ ჰუსეინმა მომწამლავი გაზი გამოიყენა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ჯუსტ ჰილტერმანი წერს:

"საყოველთაოდ ცნობილია უკვე, რომ 1987-88 წლებში სადამ ჰუსეინის რეჟიმმა მომწამლავი გაზი გამოიყენა, თანაც არაერთგზის, მეამბოხეთა წინააღმდეგ ქურთებით დასახლებულ სოფლებში. ყველაზე მეტად, 1988 წლის მარტში, სოფელი ჰალაბჩა დაზარალდა. დღეს ისიცაა ცნობილი, რომ შეერთებული შტატები, მაშინ, საქმის კურსში იყო, რომ ერაყმა, სოფელ ჰალაბჩაზე განახორციელა თავდასხმა, და იცოდა რა ეს, სპარსეთის ყურის რეგიონში იმ დროს მიმდინარე ომში ერაყის მოწინააღმდეგეს, ირანს დააკისრა ამ თავდასხმის ნაწილობრივი პასუხისმგებლობა. შედეგად, საერთაშორისო თანამეგობრობას არ ეყო ნებისყოფა, ქურთებით დასახლებულ სოფლებზე განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმისთვის მთელის სისასტიკით დაეგმო ერაყი. ზოგიერთს იმ პოლიტიკოსთაგან, ვინც ერაყისკენ გადაიხარა მაშინ, ხელმძღვანელი თანამდებობები უკავია დღეს პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციაში, და მათ პასუხი უნდა მოვთხოვოთ იმისთვის, რომ თვალი დახუჭეს სადამ ჰუსეინის მიერ ჩადენილ ბარბაროსობაზე, ხოლო შემდეგ, მომხდარის შესახებ იცრუეს ".

გაზეთ "მონდის" ცნობით, ერაყის კრიზისთან დაკავშირებით თურქეთი აწყობს რეგიონალურ კონფერენციას, რომელიც მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს სირიის, ეგვიპტის, საუდის არაბეთის, იორდანიისა და ირანის მონაწილეობით.
გაზეთი წერს:

"თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა გიულმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიესალმება თურქეთის ინიციატივას. ამ დროს, ურთიერთობა ვაშინგტონსა და ანკარას შორის, ერთობ დაძაბულია. ამერიკის ძველ მოკავშირესა და ნატოს წევრს - თურქეთს - არ სურს მხარი აუბას ვაშინგტონს და მონაწილეობა მიიღოს სამხედრო ოპერაციაში ერაყის წინააღმდეგ, შიშობს რა, რომ რეგიონული დესტაბილიზაცია დარტყმას მიაყენებს თურქეთის ეკონომიკას, და რაც მთავარია, ქურთული სეპარატიზმის აღზევებას გამოიწვევს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, თურქეთის მოსახლეობის 87 პროცენტი, ერაყთან ომის წინააღმდეგია".

გაზეთები მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურნენ ამერიკიდან მიღებულ სენსაციურ ცნობას იმის შესახებ, რომ ილინოისის შტატის გუბერნატორმა ჯორჯ რაიანმა, ამ დღეებში, სამუდამო პატიმრობით შეუცვალა სასჯელის უმაღლესი ზომა 167 მსჯავრდებულს. ვიდრე ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჯორჯ რაიანი 3 წლის განმავლობაში ეცნობოდა მის შტატში მოქმედ სამართლებრივ სისტემას.

ბრიტანეთის გაზეთები: "გარდიანი" და "ფაინენშალ ტაიმსი" მიესალმნენ გუბერნატორ რაიანის გადაწყვეტილებას. გაზეთ "გარდიანის" სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"შეცვალა რა მუდმივი პატიმრობით ილინოისის შტატში გამოტანილი 167 სასიკვდილო განაჩენი, გუბერნატორმა ჯორჯ ბრაიანმა, ამით, მისაბაძი მაგალითი მისცა დანარჩენ შტატებს. რესპუბლიკური პარტიის წევრი, ბატონი ბრაიანი, სიკვდილით დასჯის მომხრე იყო, როცა ილინოისის შტატის გუბერნატორის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მაგრამ, შტატის სამართლებრივ სისტემაში დაშვებულმა "მიუტევებელმა" შეცდომებმა იძულებული გახადა ბრაიანი - სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოეცხადებინა."

გაზეთი "ფაინენშალ ტაიმსი" "უსამართლობას" უწოდებს სიკვდილით დასჯას შეერთებულ შტატებში და გამოთქვამს იმედს, რომ ამგვარ პრაქტიკას, სულ მალე, წერტილი დაესმება. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ბატონ ბრაიანის გადაწყვეტილება იმაზეა დაფუძნებული, რომ ილინოისის შტატში მოქმედ სამართლებრივ სისტემას ბევრი და მიუტევებელი ხარვეზი გააჩნია. ამერიკელ იურისტთა ასოციაციამ მხარი დაუჭირა ჯორჯ ბრაიანის წინადადებას, რომ ილინოისის შტატის საკანონმდებლო ორგანომ გააუქმოს სასჯელის უმაღლესი ზომა, რაც მისაბაძი მოდელი უნდა გახდეს სხვა შტატებისთვის. თუმცა, ძალზედ საეჭვოა ეს ასეც მოხდეს. როცა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტი სიკვდილით დასჯის მომხრეა, ძნელი წარმოსადგენია, რომ პოლიტიკოსებმა, ვინც მომავალზე ფიქრობს, ანგარიში არ გაუწიონ ამომრჩეველთა აზრს. გუბერნატორ ბრაიანის გადაწყვეტილებამ შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასჯის მომხრეთა რიცხვი: ჯორჯ ბრაიანის მიერ შეწყალებულთაგან ზოგიერთმა საზარელი დანაშაული ჩაიდინა; და ამ ადამიანების შეცოდებას ვერ მოუნახავს გამართლებას მრავალი ამერიკელი. მაგრამ, ჯორჯ ბრაიანის გადაწყვეტილება, ყოველ შემთხვევაში, დღის წესრიგში დააყენებს ისევ, შეერთებულ შტატებში, სიკვდილით დასჯის პრობლემას. ფაქტობრივად ყველა სხვა ცივილიზებულმა ქვეყანამ გააუქმა სასჯელის უმაღლესი ზომა. და უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს შეერთებულ შტატებშიც მოხდება".

ხოლო ნიუ-იორკში გამომავალ გაზეთს "უოლ სტრიტ ჯორნალს" გაუმართლებლად მიაჩნია ჯორჯ ბრაიანის გადაწყვეტილება. გაზეთი წერს:

"კარგი ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედ თვითმმართველობის სისტემაში გვაქვს მექანიზმი - საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც კორექტივები უნდა შეიტანოს უხეირო კანონებში. გუბერნატორი ბრაიანი აღშფოთებას არ მალავს იმის გამო, რომ სიკვდილით დასჯის მიზანშეწონილობის დასადგენად მის მიერ შექმნილი საგანგებო კომისიის რეკომენდაციები ილინოისის შტატის საკანონმდებლო ორგანომ არ გაითვალისწინა. მაგრამ, სულაც არაა გამონაკლისი, როცა საკანონმდებლო ორგანო არ ეთანხმება გუბერნატორის პოზიციას. სწორედ ამაშია დემოკრატიის არსი. ბატონ ბრაიანის მომხრეები აცხადებენ, რომ ილინოისის შტატის გუბერნატორის გადაწყვეტილებამ სამსჯავროზე გამოიტანა სიკვდილით დასჯის საკამათო საკითხი. თუმცა, ჩვენთან გუბერნტორს ამ საკითხზე არ უმსჯელია, და ერთი ხელის მოსმით, სამუდამო პატიმრობით შეუცვალა სასჯელის უმაღლესი ზომა 167 მსჯავრდებულს, რომელთაგან ზოგიერთმა, ენით აუწერელი, საზარელი დანაშაული ჩაიდინა."

როგორც მიუნხენში გამომავალი გაზეთი "ზიუდოჩე ცაიტუნგი" შენიშნავს, სიკვდილით დასჯა, ევროპას, "სოციალური პოლიტიკის კრიტერიუმად" მიაჩნია. მართალია, სულ უფრო მატულობს შეერთებულ შტატებში იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ სასჯელის უმაღლესი ზომა, მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს, არ უნდა შეგვექმნას იმის ილუზია, რომ ამგვარ ტენდენციას სასურველი შედეგი მოჰყვება.
XS
SM
MD
LG