Accessibility links

logo-print

"ჰუმან რაიტს უოჩის" ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ


"ჰუმან რაიტს უოჩი" ანგარიშს იმის აღნიშვნით იწყებს,

რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო აშშ-ის მთავრობის სამხედრო დახმარება და მიაღწია დასავლეთის ბაზარზე კასპიის ნავთობის და გაზის გატანის პროექტის რეალიზაციის დაწყებას. ამან საქართველო დასავლეთის სტრატეგიული ინტერესების ნაწილად აქცია, რითაც რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება გამოიწვია.
2002-ში გეოსტრატეგიული თვალსაზრისით მიმართულების ამგვარ შეცვლას, როგორც ანგარიშის ავტორები ფიქრობენ, საქართველოს მთავრობის მხრივ განსაკუთრებული რეფორმები ან ადამიანის უფლებების სფეროში რაიმე წინსვლა არ მოჰყოლია. რეფორმისტების წამყვანი ნაწილი მოქალაქეთა კავშირს განუდგა და ოპოზიციონერთა რიგები შეავსო. მთავრობამ მიიღო დადგენილება რელიგიურ ნიადაგზე ძალადობის წინააღმდეგ; ასევე, შექმნა კომისია, რომლის მიზანია შეიმუშაოს რეფორმები, ებრძოლოს კორუპციას და დარღვევებს სამართალდამცავ უწყებებში.

ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა პანკისის ხეობა. "ჰუმან რაიტს უოჩის" ანგარიშის ავტორებისთვის ცნობილია, რომ ეს არეალი, რომელშიც საქართველოს კანონი არ მოქმედებდა, იარაღისა და ნარკოტიკების ვაჭრობის ცენტრად იქცა. ამ საქმეში მოგებას ნახულობდნენ როგორც უშიშროების, ასევე სამართალდამცავი უწყებები.
ანგარიში ეხება პანკისის ხეობაში მომხდარ ორიოდე ფაქტს, რომელსაც "ჰუმან რაიტს უოჩი" თვითნებობად და სისასტიკედ მიიჩნევს. ლაპარაკია უშიშროების სამინისტროს მიერ საქართველოს იმ ორი მოქალაქის, ეთნიკური ჩეჩნების, დაპატიმრებაზე, რომლებიც "ალ ყაიდასთან" კავშირში იყვნენ ეჭვმიტანილნი იმის გამო, რომ 2002 წელს მექაში ყოფილან პილიგრიმებად ნამყოფნი. ანგარიშში ნახსენებია პანკისში ადამიანების გაქრობის რამდენიმე შემთხვევა, ანუ ის შემთხვევები, როცა ეჭვმიტანილებს იჭერდნენ და შემდგომ მათი კვალი უჩინარდებოდა. არა მარტო ეჭვმიტანილები, პანკისში იკარგებოდნენ უკვე სხვა ადგილებიდან გატაცებული პირებიც. ორი ესპანელის გარდა, გახმაურდა ისტორია ბრიტანელი საქმოსნის პიტერ შოუსი, რომელიც თბილისში გაიტაცეს და შემდგომ პანკისში გამოიხსნეს. პოლიციამ ჩვენების მიღების მიზნით აწამა ბადრი ხუნდაძე, რომელსაც ცნობილ ფეხბურთელ კახა კალაძის ძმის, ლევანის, გატაცებას აბრალებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა შეეცადა ეჭვმიტანილთა წამებას წინ აღდგომოდა და საგანგებო ტელეფონის ნომერი გამოაცხადა წამების მსხვერპლთა საჩივრებისთვის, მაგრამ წამების მასშტაბები ამ სისტემაში არ შემცირებულა. ანგარიშში არაერთხელაა ნახსენები სატელევიზიო გადაცემა "სამოცი წუთი", რომელიც ეგრეთ წოდებული ჟურნალისტური გამოძიების ავანგარდშია და რომლის მიერ მიკვლეული დანაშაული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლომდე გამოძიებული არ იქნა. ანგარიშში მოყვანილია მაგალითი, როცა ფირზე გადაიღეს სცენა, როგორ ავალებს ნარკომანიის განყოფილების ხელმძღვანელი ინფორმატორს ამა და ამ პირს ჩაუდოს ნარკოტიკი, შემდეგ ქრთამის გამოძალვის მიზნით. ეს ფირი ზემოხსნებულ გადაცემაში უჩვენეს.
სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლოები, ფაქტობრივად, მხარს უჭერდნენ რელიგიური უმცირესობის დევნა-შევიწროებას. ანგარიშში ნახსენები არ არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ მაღალი რანგის სასულიერო პირის ვინაობა, რომელიც თებერვალში გამოვიდა მოწოდებით, დახოცონ რელიგიური სექტების წევრები. ანგარიშში მოხსენიებულია პარლამენტარი გურამ შარაძე, როგორც იეჰოვას მოწმეთა საწინააღმდეგო მოძრაობის სულისჩამდგმელი. მომდევნო აბზაცში ანგარიშის ავტორი ეხება ვასილ მკალავიშვილს, ასევე პეტრე ივანიძეს, რომლებიც რელიგიურ მცირე ჯგუფებზე არაერთი თავდასხმის ინიციატორები იყვნენ წლების განმავლობაში. მათ წინააღმდეგ გამართული სასამართლოც არ იყო სრულყოფილი, რადგან ბრალდება მხოლოდ რამდენიმე თავდასხმას ეხებოდა. საქართველოში რელიგიურ უმცირესობებს, ფუნდამენტალისტებთან ერთად, არაპირდაპირ ებრძვიან სამართალდამცავები და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. "ჰუმან რაიტს უოჩის"-თვის ცნობილი გახდა შემთხვევა ყვარელში, როცა კათოლიკეებს მღვდლებმა იქაურობის დატოვება მოსთხოვეს. იქვე ნახსენებია საჩხერეში მომხდარი ამბავი, როცა საპატრიარქო მხარში ამოუდგა მღვდელს, რომელიც იბრძოდა იმისათვის, რომ იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე მეუღლის გვერდით არ დაეკრძალათ.
საქართველოს მთავრობა შეეცადა მიეღო კანონპროექტი, რომელიც რელიგიური დევნის შემცირებას უნდა უწყობდეს ხელს, მაგრამ ეს კანონი დისკრიმინაციულ ელმენტებს შეიცავს, რადგან აწესებს რელიგიური ჯგუფების რეგისტრირების მიუღებელ ფორმას, ამასთან, უკანონო პროზელიტიზმის შესახებ ლაპარაკობს.
"ჰუმან რაიტს უოჩის" წლიური ანგარიშის შემდგომი თავი არასამთავრობო ორგანოების თემას ეძღვნება. იქ ვკითხულობთ, რომ 2002 წლის ივლისში ადამიანის უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციაზე სასტიკი თავდასხმა მოხდა. ანგარიშის ავტორები გულისხმობენ "თავისუფლების ინსტიტუტზე" თავდასხმას, როცა შენობაში მყოფებს სცემეს, ხოლო აღჭურვილობა და ავეჯი დაამტვრიეს უცნობმა პირებმა. ანგარიშის ავტორებს მოჰყავთ მთავრობის წარმომადგენლის გამონათქვამი, რომ ეს ორგანიზაციები, სხვათა შორის, ანტიორთოდოქსულ საქმიანობას ეწევიან. ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დააფიქსირა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პოზიციაც, რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეიძლება საერთაშორისო ტერორისტები აფინანსებდნენ.
ანგარიშის ბოლო ნაწილი ეძღვნება საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში საერთაშორისო ორგანიზაციების და მსოფლიოს მსხვილი სახელმწიფოების როლს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დახმარება გაუწია "წვთნისა და აღჭურვის" პროგრამის სახით. ამასთან, ამერიკის მთავრობა ყურადღებას არ აქცევდა თვითნებობისა და ძალადობის იმ მეთოდებს, რომელსაც საქართველოს უშიშროების ძალები პანკისში მიმართავდნენ. ჟურნალმა "ტაიმმა" გამოაქვეყნა რეპორტაჟი, შეერთებული შტატების დაზვერვის მასალების საფუძველზე, საქართველოში სამი პირის უკანონოდ დაკავებისა და ერთის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ. არც ერთ მთავრობას არ გამოუცხადებია პროტესტი შეერთებული შტატებისთვის "ალ ყაიდის" წევრობაში ეჭვმიტანილი პირების უკანონო გადაცემის გამო.
შეერთებული შტატების გარკვეულ ქმედებას, ნათქვამია "ჰუმან რაიტს უოჩის" ანგარიშში, დადებითი რეზონანსი ჰქონდა. ასე იყო, მაგალითად, როცა, ამერიკული უწყებები საქართველოს ხელისუფლებას რელიგიური ჯგუფების მიმართ ძალადობის თაობაზე მიმართავდნენ. ამასთან ერთად, ავტორებს არც ის ფაქტი გამორჩენიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრეფიკინგის თაობაზე გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველო მოიხსენია ტრეფიკინგის ერთ-ერთ ცენტრად, საიდანაც ქალები საბერძნეთსა და თურქეთში მიჰყავთ. მაგრამ იქვე არაფერია იმაზე ნათქვამი, წერს "ჰუმან რაიტს უოჩი," რომ თვითონ შეერთებული შტატები ტრეფიკინგის მისამართია -მსოფლიოში სიდიდით მესამე.
ანგარიშის ბოლო პატარა თავი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ეძღვნება. მასში ლაპარაკია 11 სექტემბერთან დაკავშირებით პუტინის ცნობილ გამოსვლაზე, რომელშიც ის საქართველოს ადანაშაულებს და ემუქრება; რუსეთის ყველაზე უტიფარ მცდელობადაა შეფასებული, ერთმანეთთან დაეკავშირებინა ომი ჩეჩნეთში და გლობალური ომი ტერორიზმის წინააღმდეგ, ჩეჩნეთის კონფლიქტის პოლიტიკური ასპექტი კი მიეჩქმალა.
XS
SM
MD
LG