Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავშესაფრის მაძიებელთა კონტროლის ახალი ერთობლივი სისტემა ევროპის კავშირში


ამ კვირიდან მოკიდებული ყველას, ვინც ევროპის კავშირის რომელიმე ქვეყანაში ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, თითის ანაბეჭდებს აუღებენ ევროკავშირის პირველი ერთობლივი მონაცემთა ბანკის,

ე.წ. ”ევროდაკისთვის”. კავშირის მესვეურთა აზრით, ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს თავშესაფრის მთხოვნელთა განაცხადების სწრაფად დამუშავებას და ამ სფეროში დარღვევათა თავიდან აცილებას.

ევროპის კავშირში არასოდეს ყოფილა იოლი თავშესაფრის მაძიებელთა გადაადგილებისთვის თვალის მიდევნება. კავშირს დღემდე არ მოეპოვება ერთობლივი საიმიგრაციო პოლიტიკა და არავინ იცის წესიერად, რამდენი ადამიანი გადაკვეთს მის საზღვრებს არალეგალურად.

ბრიუსელში ვარაუდობენ, რომ წელიწადში ნახევარი მილიონი არალეგალური იმიგრანტი შედის ევროკავშირის ტერიტორიაზე. თავშესაფარს ითხოვს დაახლოებით 400 ათასი ადამიანი. ამათგან ყველა უკანონოდ არ კვეთს საზღვარს.

ამიერიდან ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. 15 იანვარს ამოქმედდა თითის ანაბეჭდების ერთობლივი ციფრული მონაცემთა ბანკი, რომელშიც შენახულ იქნება 14 წლის ასაკზე უფროსი ყველა თავშესაფრის მაძიებლის ანაბეჭდები. ცენტრალური კომპიუტერი ბრიუსელშია მოთავსებული.

ევროპის კავშირის კომისარი იმიგრაციის საკითხებში, ანტონიო ვიტორინო ასე აღწერს თავის პირმშოს: [ვიტორინოს ხმა] “ევროდაკი არის მონაცემთა ბანკი, რომელიც ევროპის კომისიის მმართველობაშია. მასში შენახულია ყველა თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდები, ასევე ინფორმაცია ევროპის კავშირში პირველად შესვლის ადგილის შესახებ. მისი მიზანია ევროპაში გაამარტივოს თავშესაფრის მოთხოვნის სისტემა.”

”ევროდაკის” უპირველესი მიზანია კავშირის წევრებს ე.წ. დუბლინის კონვენციის უმტკივნეულოდ გატარების საშუალება მისცეს. კონვენციის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლის საქმე განხილულ უნდა იქნეს იმ ქვეყანაში, რომელშიც გადაკვეთს იგი ევროკავშირის საზღვარს.

აქამდე ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ვინაიდან არალეგალური იმიგრანტები საზღვარს კვეთდნენ ერთგან, სადაც უფრო ადვილი იყო ამის გაკეთება, მაგრამ თავშესაფრის თაობაზე განაცხადი შეჰქონდათ სრულიად სხვაგან, მათთვის უფრო სასურველ ქვეყანაში.

ამიერიდან თავშესაფრის ყოველ მაძიებელს დააბრუნებენ იმ ქვეყანაში, სადაც პირველად გამოჩნდა მათი თითის ანაბეჭდები ”ევროდაკის”კომპიუტერულ სისტემაში.

”ევროდაკის” უმთავრესი მონაპოვარი იქნება ის, რომ იგი ხელს შეუშლის ერთდროულად რამდენიმე განაცხადის შეტანას. ევროკავშირის მონაცემებით, დღეისთვის განაცხადთა 20 პროცენტამდე დუბლიკატები არის, ხშირია სამმაგი განაცხადების შემთხვევებიც.

ანაბეჭდების აღება სიახლე არ არის, ამას უკვე მრავალი წელია აკეთებენ ევროპის ქვეყნებში. სიახლეა ერთობლივი მონაცემთა ბანკი და ინფორმაციის სწრაფი გაცვლა.

დანია ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მონაწილეობას არ იღებს ამ პროექტში. მას საიმიგრაციო პოლიტიკაში აქვს ალტერნატიული სისტემა, რომელშიც მისი ორი მეზობელი, ნორვეგია და ისლანდიაც მონაწილეობენ. ეს შენგენის რეჟიმის მონაწილე ორად ორი ქვეყანაა, რომელიც არ შედის ევროპის კავშირში.

”ევროდაკის” ამოქმედებისას ევროპის კავშირის ოფიციალურმა პირებმა ბრიუსელში განაცხადეს, რომ სისტემის მონაცემებს არ მიაწვდიან შეერთებულ შტატებს.

როგორც გაეროს ლტოლვილთა უწყების წარმომადგენელმა ჟაკ მუშამ განუცხადა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, აჰტო ლობიაკასს, ”ევროდაკი” შესაძლებელს გახდის უკეთ გაკონტროლდეს მიგრაციის პროცესი და თავშესაფარი მიენიჭოთ იმათ, ვინც მართლა საჭიროებს დახმარებას.

”ევროდაკის” სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ იგი საკმაოდ იაფია. მისი ამოქმედება ექვსნახევარი მილიონი ევრო დაჯდა. თითოეული თითის ანაბეჭდის შემოწმება კი კავშირს 3 ევროზე ნაკლები დაუჯდება. მაშინ, როცა ლტოლვილთა თითოეული განაცხადის დამუშავება დღესმდე რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათას ევრომდე ჯდებოდა.

ახალი სისტემის დადებითი მხარეა ისიც, რომ იგი ანონიმური იქნება. მასში შეინახავენ მხოლოდ თითების ანაბეჭდებს და არა თავშესაფრის მაძიებელთა ვინაობას.

დაბოლოს, ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატები ავტომატურად მიუერთდებიან ”ევროდაკის” სისტემას, როგორც კი კავშირის წევრები გახდებიან.
XS
SM
MD
LG