Accessibility links

logo-print

”რა გამოიტანა და რა შეიტანა მთავრობამ პარლამენტში,” ”პარლამენტი მთავრობას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ”რა გამოიტანა და რა შეიტანა მთავრობამ პარლამენტში,” ”პარლამენტი მთავრობას დანებდა,” “ საბიუჯეტო ომი დამთავრდა. სახელისუფლებო ძალებს მშვიდობის უნდა ეშინოდეთ” -ასეთი სათაურებით გამოეხმაურა

18 იანვრის ქართული პრესა წინა საღამოს პარლამენტის მიერ 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი წაკითხვით მიღებას. 18 იანვრის გაზეთ ”24 საათის” ცნობით, საქართველოს პარლამენტმა 129 ხმით 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. გაზეთის ინფორმაციით, კენჭისყრის წინ დარბაზი დატოვეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა: ”აღორძინებამ”, ”ერთიანმა საქართველომ”, ”დემოკრატებმა” და ”ოცდამეერთე საუკუნემ.” გაზეთის თქმით:

”პროსამთავრობო ძალებმა გამარჯვება უმძიმეს ბრძოლაში მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ გაითვალისწინეს დეკემბრის ბოლოს ანალოგიური კენჭისყრის დროს მიღებული მწარე გამოცდილება და ამჯერად მეტი ორგანიზება გამოიჩინეს მხარდამჭერთა ”მობილიზების” საკითხში, გუშინდელი დღის განმავლობაში ბიუჯეტის ბედი რამდენჯერმე მაინც ბეწვზე ეკიდა. ძირითადი ეკონომიკური კანონის პირველი მოსმენით მიღებას ყველაზე სერიოზული საფრთხე მაშინ შეექმნა, როდესაც ”თემატურ უმრავლესობას” ეგონა, რომ უკვე ქუდში ჰქონდა თავი: უშუალოდ კენჭისყრის წინ ”გაირკვა”, რომ ყველა აუცილებელი ფორმალობა დაცული არ იყო. კერძოდ, არ არსებობდა პრეზიდენტის განკარგულება ბიუჯეტის პროექტზე სპეციალური მომხსენებლის დანიშვნის შესახებ, რაც, ძირითადი ეკონომიკური კანონის დამტკიცების შემთხვევაში, სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენებდა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული დოკუმენტის ლეგიტიმურობას.
ცხადია, ვიტალი ხაზარაძისა და ზოგიერთი მისი თანამოაზრისათვის ასეთი ”დეტალები” მნიშვნელოვანი არ არის და როდესაც საქმე მათ პარტიულ ინტერესებს ეხება, ადვილად შეუძლიათ მათი იგნორირება. თუმცა პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეტყობა, ყველა არ არის ასეთი ”ცხელსისხლიანი”. სამთავრობო ლოჟაში მყოფმა სახელმწიფო მინისტრმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა უცებ განჭვრიტეს, რომ საქმეს სკანდალის სუნი უდიოდა: თუ ბიუჯეტის პროექტის მიღება კანონის სრული დაცვით არ მოხდებოდა, ოპოზიციას საშუალება მიეცემოდა, პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაეპროტესტებინა. ამ შემთხვევაში კი, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. სულ ადვილი შესაძლებელი იყო, კანონდარღვევით ბიუჯეტის მიღება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებისთვის საბედისწერო ნაბიჯად ქცეულიყო. ამიტომაც მმართველმა ძალამ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების პარლამენტში წარმოდგენა ივალდებულა. მართლაც, სულ ცოტა ხანში ბიუჯეტის პროექტის კრიტიკაში გართულ ოპოზიციას კანცელარიიდან გამოგზავნილი დოკუმენტი ”გზაში დააწიეს” და ამით ”თემატურმა უმრავლესობამ” ბეწვის ხიდზე მშვიდობიანად გაიარა.
თუმცა პირველი მოსმენით ბიუჯეტის მიღება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ 2003 წლის ძირითად ეკონომიკურ კანონს წინ მშვიდი ნავთსაყუდელი ელის. ალბათ, უფრო პირიქით იქნება: მეორე მოსმენისას გაცილებით მეტი ხმაურია მოსალოდნელი - ამ ეტაპზე დგინდება კონკრეტული დარგებისა და სფეროებისთვის განკუთვნილი თანხების ოდენობა. ეს კი თავისთავად გულისხმობს, რომ ბრძოლა თავად გუშინდელ გამარჯვებულებს შორისაც გაჩაღდება, რამაც, ადვილი შესაძლებელია, ბიუჯეტის საბოლოო მიღებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.
ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის პროექტის პირველი მოსმენით მიღებით ომი დამთავრდა, მაგრამ ისეთი ”მშვიდობა” დადგა, რომლისაც ხელისუფლების მხარდამჭერ ძალებს ნამდვილად უნდა ეშინოდეთ.”


წინასაარჩევნო თემა უკვე წამყვანად იქცა ქართულ მედიაში. როგორც ჩანს, საარჩევნო ბლოკებისა და ალიანსების საკითხები, რაოდენობის თვალსაზრისით, წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. გასული კვირის სენსაციურ ინფორმაციად შეიძლება ჩაითვალოს 15 იანვრის გაზეთ ”რეზონანსის” ცნობა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ახალი მემარჯვენე ხდება, 14 იანვრის გაზეთ ”ტრიბუნის” ცნობით, მოსკოვში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი საქართველოში ჩამოსვლას საპარლამენტო არჩევნებისთვის გეგმავს და თან არჩევნებში მომაწილეობასაც აპირებს. 13-19 იანვრის გაზეთ ”ახალი ვერსიის” ვერსიით კი, ჟვანიასა და სააკაშვილის გზებს პატარკაციშვილი ყოფს. ”ახალი ვერსია” წერს:

”ხელისუფლების მხარდამჭერი ძალების გაერთიანების პარალელურად, პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციებიც გაერთიანდნენ. ”ტრადიციონალისტები” და ” ნაციონალური მოძრაობა” აცხადებენ, რომ მათი იდეების თანხვედრამ გადააწყვეტინა, ერთიანი პოლიტიკური თანაცხოვრებისთვის საფუძველი ჩაეყარათ.
ტრადიციონალისტებს სჩვევიათ სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებში გადაბარგება და თან იმის თქმა - იდეებმა მოგვიყვანა აქამდეო. ასე იყო მაშინ, როცა პარტიის ლიდერი აკაკი ასათიანი აჭარაში ჩავიდა და ხელმოწერით დაადასტურა ის, რომ ასლან აბაშიძის ღალატი სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნებოდა. ასლანთან ალიანსი მას 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის სჭირდებოდა.
”აღორძინების” ბლოკის დაშლას სათავე სწორედ ასათიანმა დაუდო და იმან, რაც აბაშიძეს ყველაზე მეტად აღიზიანებდა - ჟვანიასადმი მიძღვნილმა დითირამბებმა. რატომ დასჭირდა ამჯერად ასათიანს სააკაშვილთან გაერთიანება ანდა თავად ნაციონალური პარტიის ლიდერს მასთან პოლიტიკური თანაცხოვრება, ამის შესახებ ექსპერტებს თავიანთი შეფასებები აქვთ.
ნაწილი ამბობს, რომ სააკაშვილმა ეს ნაბიჯი ჟვანიასთვის თავისი სიძლიერის დასადასტურებლად გადადგა. აქამდე ყველა ფიქრობდა, რომ ტრადიციონალისტები სწორედ ჟვანიას გუნდის, გაერთიანებული დემოკრატების, გვერდით აღმოჩნდებოდნენ. ამას მიანიშნებდა თავად ჟვანია-ასათიანის პიროვნული დამოკიდებულება და პარტიათა ურთიერთობის დინამიკაც.
საინტერესოა, რა მოხდა ჟვანიასა და ასათიანს შორის, ან რატომ უძლიერდება სააკაშვილს ჟვანიასადმი ძალის საქვეყნოდ დემონსტრირების სურვილი. ერთ-ერთი ინფორმაციით, ამ ძალებს შორის ურთიერთობის დაძაბვაც პატარკაციშვილს უკავშირდება. კერძოდ, ჟვანია პატარკაციშვილის ორბიტაზე დამკვიდრებას ცდილობს და დიდი ხნის პარტნიორი სააკაშვილი სწორედ ამას არ უწონებს. ამავე დროს, ექსპერტთა აზრით, ჟვანიამ პატარკაციშვილის ახლობელ ახლებთან უფრო იპოვა საერთო ენა, ვიდრე ტრადიციონალისტებთან, რამაც ამ უკანასკნელთა არჩევანიც განაპირობა.
პოლიტოლოგი გია ნოდია არ გამორიცხავს, რომ არჩევნებისას ჟვანია სწორედ ახლებთან შეკავშირდება: ” არჩევნებამდე იქნება მცდელობები ოპოზიციური ფრონტების შექმნისა, მაგრამ აქედან რომელი ფრონტი იქნება მყარი და საზოგადოებაში პოპულარული, სხვა საკითხია. იქნება მწვავე დაპირისპირება ოპოზიციურ ძალებს შორის. დღეს სააკაშვილს მაღალი რეიტინგი აქვს , რასაც ვერ ვიტყვით ჟვანიაზე. მას გაუჭირდება დამოუკიდებლად საქართველოს მასშტაბით იმდენი ხმის მოგროვება, რომ 7%-იანი ბარიერი გადალახოს. მას თბილისში აქვს რაღც სერიოზული პოზიციები, მაგრამ მხოლოდ ელიტაში. პრეტენზია აქვს აგრეთვე სერიოზული პოლიტიკოსის იმიჯზე, გამომდინარე თავისი შესაძლებლობებიდან და მუშაობის სპეციფიკიდან. ლოგიკური იქნება მისი გაერთიანება სააკაშვილთან. ეს მასაც აძლევს ხელს და სააკაშვილსაც, მაგრამ მათი ურთიერთობის დინამიკა ამის ნაკლებ შანსს იძლევა. არადა, ჟვანიამ უნდა დათმოს ამბიციები და ამ მიმართულებით გარკვეულ კომპრომისებზე წავიდეს. მან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა სამი წლით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატად გამოაცხადა თავი. ეს ნაბიჯი კი სააკაშვილთან მეტოქეობამ გადაადგმევინა. თუმცა გამორიცხული არ არის ჟვანიას გაერთიანება ახლებთანაც.”


არანაკლებ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები აღორძინების კავშირში. თუ აქამდე ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები კატეგორიულად უარყოფდნენ აღორძინების კავშირის დაშლის შესაძლებლობას, ახლა შიდაპარტიულ უთანხმოებაზე საუბარი უკვე საჯაროდ მიმდინარეობს. 14 იანვრის ”მთავარი გაზეთის” ცნობით, დემოკრატიული აღორძინების კავშირი ორად გაიხლიჩება. როგორც ამბობენ, ეს ამბავი მარტისთვის დასრულდება, ანუ საბოლოოდ გაირკვევა, ვინ ვინ არის და ვინ ვისთან არის. 7 თვის მანძილზე პარტიაში მიმდინარე გაყოფის პროცესი აღორძინების კავშირის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის ახალი ოფისის პრეზენტაციაზე პოლიტიკურად გაფორმდა. აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ მხარეებს შორის ჩამოგდებული ზავი დროებითი იყო. წინასწარი მონაცემებით, ბათუმმა არჩევანი გოგიტიძე-ბრეგაძის სასარგებლოდ გააკეთა. გაზეთი წერს:

”ფრაქციაში და გიორგი თარგამაძის გუნდშიც მიაჩნიათ, რომ პარტიის ლიდერი ასლან აბაშიძე ავტონომიურ რესპუბლიკას მართავს და ამიტომაც პარტიისთვის ვერ იცლის. მაგრამ ხომ არსებობს პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ჯემალ გოგიტიძეს უკავია და რომელმაც, წესით, მსგავსი სიტუაციები უნდა დაარეგულიროს. ფრაქციის წევრი დავით იოსელიანი აცხადებს, რომ პარტიაში თარგამაძის გუნდს, ასლან აბაშიძის გარდა, ყველასთან კონფლიქტი აქვს. თუმცა, როგორც ჩანს, აბაშიძემაც არჩევანი არათარგამაძის სასარგებლოდ გააკეთა. არადა, აღორძინებაში აქამდე დალაგებული პარტიული სიტუაცია ყოფილა. ”პარლამენტის თავმჯდომარე ჟვანია ღია წერილით რომ ელაპარაკებოდა საკუთრი პარლამენტის თავმჯდომარეს, ”აღორძინებაში” ასე არ იყო - სიტყვაც ითქმებოდა და საქმეც გადაწყდებოდა,” - განმარტავს იოსელიანი, თუმცა ქართულ პოლიტიკაში იმდენი რამ დაწერილა და თქმულა, რომ ბოლომდე მაინც ვერაფერს ენდობი. “აღორძინებაში” მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, რომელიმე ჯგუფის სასარგებლოდ დროებით იმუშაოს. ფაქტია, რომ პარტია დიდად იზარალებს, რადგან ბრმა უნდა იყო კაცი, ბათუმურ ბლოკში გიორგი თარგამაძის როლი და ღვაწლი ვერ დაინახო. ფაქტია, რომ ოქტომბერში ბათუმს თბილისში ძალიან გაუჭირდება.
საინტერესოა, რას იზამს თავად თარგამაძის გუნდი საარჩევნოდ. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი თარგამაძის გადასაბირებლად პარტიებში აქტიური მუშაობაა გაჩაღებული. ყველაზე მეტად ახალი მემარჯვენეები და ნაციონალური მოძრაობა ყოფილან დაინტერესებულნი. ”აღორძინება-თბილისის” წევრები მიიჩნევენ, რომ ასეთ ხმებს მათ მტრები უვრცელებენ. დემოკრატიული აღორძინების კავშირის ჯერჯერობით წევრები აცხადებენ, რომ, ალბათ, ახლო მომავალში დატოვებენ ბათუმურ ბლოკს და შემდგომ იზრუნებენ პოლიტიკურ მოკავშირეებზე. თუმცა აცხადებენ, რომ თავად იმდენად სერიოზული პოტენციალი გააჩნიათ, რომ საარჩევნოდ დამოუკიდებლადაც გავლენ ფონს.”
XS
SM
MD
LG