Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიყვანს თუ არა საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ენგურის ხიდზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი თბილისში ჩავიდა მათ მოთხოვნებზე ხელისუფლების დამოკიდებულების გასაგებად.

შეგახსენებთ, ენგურის ხიდზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები, ერთის მხრივ, აპროტესტებენ დევნილთა დაბრუნებამდე აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ფაქტს, მეორე მხრივ, მოითხოვენ რუსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანას.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტართა მოთხოვნით, შევიდა საკითხი, რომელიც აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის გამოსვლას გულისხმობდა. საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობა, თუ როგორ მოხდა, დსთ-ს სამიტების დადგენილების მიუხედავად, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, ასეთია: გადაწყვეტილება სოხუმსა და ადლერს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ ჯერ კიდევ შარშან სექტემბერში იყო მიღწეული სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელობას შორის, თუმცა:
[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა]”უკანასკნელი მოვლენების განვითარება გვიჩვენებს, რომ ამ გადაწყვეტილებამ და გადადგმულმა ნაბიჯებმა, როგორც მინიმუმ, დასტური მიიღო რუსეთის საკმაოდ მაღალ სახელისუფლებო ეშელონებში.”
სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები რკინიგზის ამ მონაკვეთზე ოქტომბერში დაიწყო, 25 დეკემბრიდან კი რეისი - სოხუმი-ადლერი ყოველდღიურად სრულდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტს პროვოკაციის შეფასებას აძლევს, რადგან დარწმუნებულია, რომ მომხდარი შეაფერხებს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შარშან 26 დეკემბერს საპროტესტო ნოტით მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მეგობარ ჯგუფებს და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობენ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში. იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური ხერხებით ვერ მოხერხდა ამ პროვოკაციის შეჩერება, - რაც სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერებაში უნდა გამოიხატოს, - ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურ ღონისძიებებს მიმართავს.
რა იგულისხმება ადეკვატურ ღონისძიებებში - ამის თაობაზე გარკვეულ წარმოდგენას ქმნის საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მერაბ ადეიშვილის განცხადება, რომ საქართველოს მხარე სატრანსპორტო ბლოკადას მოუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზებს.
XS
SM
MD
LG