Accessibility links

ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემაში


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემაში

პოეტ კოტე ყუბანეიშვილს შეხვდებით. ჩვენ მას არ წარმოგიდგენთ – ის თავად წარმოგიდგენთ საკუთარ თავსაც და შემოქმედებასაც, ჯერ ეკა წამალაშვილთან ერთად, შემდეგ - ინტერვიუში, როცა უპასუხებს რამდენიმე კითხვას ლიტერატურის შესახებ.

[კოტე ყუბანეიშვილის ხმა]:

“ლექსად მომიწევს ეთერიდან დღეს გახურება,
რადგანაც, სიტყვა მუდამ ჩემი მასებს ემსახურება,
და არასოდეს არ ვიზრუნებ ისეთ არხისთვის,
რომელსაც, ვატყობ, რომ არ შრომობს თავის ხალხისთვის.

ვინ არის კოტე ყუბანეიშვილი, მე არ ვიცი. ვინ არის კოტე ყუბანეიშვილი, უნდა თქვას ხალხმა, რომელიც ჩემს ლექსებს ისმენს. ვინა ვარ ? აზრზე არა ვარ. არც არავინ არ ვარ. “

კოტე ყუბანეიშვილმა წერა 80 – იანი წლების მიწურულს და 90- იანის დასაწყისში დაიწყო - მაშინ, როცა ირაკლი ჩარკვიანის დახმარებით ინგლისური ისწავლა, დასავლურ ლიტერატურას გაეცნო და მიხვდა, რომ აქ, საქართველოში, ყველაფერი და, მათ შორის, ლიტერატურაც, ძალიან მარცხნივ იყო. კოტე, ირაკლი ჩარკვიანთან და მიშა ქურდაძესთან ერთად, “რეაქტიული კლუბის” ფუძემდებელი იყო. მისი ლექსებიც პირველად ამ ჯგუფის მიერ გამოცემულ პირველ კრებულში დაიბეჭდა. კრებულსაც “რეაქტიული კლუბი” ერქვა, “რეაქტიული კლუბი” კი იყო რეაქცია ყველა იმ ნეგატიურ ტენდენციაზე, რომელიც ჩვენს საზოგადეობას მაშინაც ახასიათებდა და, სამწუხაროდ, დღესაც ახასიათებს.
კოტე ყუბანეიშვილის პირველი ლექსები ატონალური იყო. ისინი საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდში იწერებოდა. მანამდე კოტე ყუბანეიშვილი, როგორც თავად ამბობს, ერთგვარ დისიდენტურ ცხოვრებას ეწეოდა. გამომდინარე იქიდან, რომ მისი ბაბუა კომუნისტურმა რეჟიმმა იმსხვერპლა, ამ რეჟიმისადმი პროტესტის გრძნობა ამოძრავებდა.

[კოტე ყუბანეიშვილის ხმა] “ამიტომ არაფერს არ ვაკეთებდი. ბიჭვინთაში დავდიოდი, მოსკოვში. ტაშკენტში ვცხოვრობდი. პროფესიით ფიზიკოსი ვარ. დიპლომი არ დავკარგე, თუმცა არასოდეს გამომდგომია. სკოლაში ვასწავლიდი. სხვათა შორის, ვასწავლიდი სოფელ ჭერემში, თუმცა, ცოტა ხნით. იქიდანაც გამომაგდეს. ერთ-ერთ კლასში ერთი მოსწავლე მყავდა. სასაცილო მდგომარეობაში ვიყავი, ამ ერთი ბავშვისთვის გაკვეთილიც უნდა ამეხსნა და უნდა გამომეკითხა. უნდა დამესაჯა კიდეც და უნდა შემექო. რა ვიცი, არ გამოვდექი მასწავლებლად, იმიტომ რომ მკაცრი არ ვიყავი. მერე თბილისში მეორე ექსპერიმენტულ სკოლაში ვასწავლიდი. ერთხელ თოვლი მოვიდა და მთელი კლასი საგუნდაოდ წავიყვანე. დირექტორმა ამის გულისთვის გამომაგდო, არადა, კარგი კაცი იყო შუქრი, გენიალური კაცი იყო.”

ასეთი პედაგოგის გაკვეთილებზე იმაზე ბევრი ბავშვი იყრიდა თავს, ვიდრე კლასში ირიცხებოდა. კოტე ყუბანეიშვილის გაკვეთილებზე უცხო მოსწავლეებიც შედიოდნენ. მაგრამ პოპულარულ პედაგოგს მოსწავლეები სწავლაზე უარს ეუბნებოდნენ, მიზეზი მასწავლებლის რბილი ხასიათი იყო. კოტე მიხვდა, რომ პედაგოგობა მისი საქმე არ იყო. ბოლო წლებში მან პატარა ბიზნესი წამოიწყო და ცნობილი “კოტესტროფებით” დამშვენებული მაისურების და ჭიქების გამოშვება დაიწყო. მაინცდამაინც არც ამ საქმეში გაუმართლა, არც ბიზნესი აღმოჩნდა მისი საქმე. მოკლედ, ყველასათვის კარგად ცნობილი ლექსების და გამოთქმების ავტორს ცხოვრებამ დაანახვა, რომ ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რისი გაკეთებაც შეუძლია. ჩვენს ყოფაზე რეაქცია კოტე ყუბანეიშვილის პოეზიის მთავარ მიმართულებად დარჩა.

[კოტე ყუბანეიშვილის ხმა] “ბევრი რაღაცეები მაქვს, ვთქვათ:

“როგორც ბორჯომს თავსახური, კაცს სჭირდება სამსახური.”

“ გინდა გითხრა, შენი ერი რად არ არის მშვენიერი?
უკეთესი რომელია? ის , რომელიც მშრომელია.”


“ ვერ მიმხვდარა კაციშვილი who is პატარკაციშვილი.”

მაგრამ, ესენი ლექსები არ რის, ამათგან გამოვა ლექსები, თუ კარგ ხასიათზე ვიქნები.”

კოტე ყუბანეიშვილი თავისი ახალი კრებულის გამოცემას ახლო მომავალში აპირებს და,
ალბათ, ამ კრებულითაც გამოიხატება რეაქცია ყველაფერ იმაზე, რასაც, თუ ვინმე ვერ ეგუება, მათ შორის ერთ-ერთი პირველი კოტე ყუბანეიშვილი არის.

[კოტე ყუბანეიშვილის ხმა] “მილიონი სისულელე გავაკეთეთ. ისევ ძველი კომკავშირლები მოვიდნენ. ისევ იშოვეს ფული. იმ დროს, როცა ომი იყო, სახლები შენდებოდა. დღესაც ის ხალხია მდიდარი, ვინც ომის დროს გამდიდრდა. ვინც იბრძოდა, ციხეში ამოალპეს. რად გვინდა ამდენი ეკლესიები, როცა კაციშვილი მორწმუნე არ არის? ან რა აცვიათ, რა გემოვნება აქვთ, რას გვანან! რა ვიცი, როდემდე უნდა ვუყურო ამას...”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG