Accessibility links

logo-print

გასული კულტურული კვირა დიდი საქველმოქმედო


გასული კულტურული კვირა დიდი საქველმოქმედო

აქციით დაიწყო: ძველ ახალ წელს ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა ოპერის თეატრში იოჰან შტრაუსის ვალსები და პოლკები შეასრულა. უსახლკარო ორკესტრმა, ერთი პოპულარული გამოთქმისა არ იყოს, “ნამუსზე ააგდო” კოლეგები. თბილისის ქუჩებში ბავშვები იყინებიან, საკონცერტო დარბაზებში, რესტორნებსა და ახლა უკვე დედაქალაქის მოედნებზე კი ძვირად ღირებული, გრანდიოზული სანახაობები ეწყობა. სოციალიზმის ეპოქა დასრულდა, ამიტომ დღეს თითქმის აღარავინ იხსენებს ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობას “როგორ მიეგება სვიმონიკა ახალ წელიწადს”, ამბავს ულუკმაპუროდ დარჩენილ სოფლელ ბიჭზე, რომელიც, მოთხრობის ტექსტს თუ დავესესხებით, “გაოცებული შესცქეროდა დიდრონი მაღაზიების განათებულ ფანჯრებს; ნერწყვის ყლაპვით აკვირდებოდა შუშებთან გამოწყობილ ათასნაირ საახალწლო სანუკველს, სათამაშოებს...კანფეტებით სავსე კალათებს”... და ასე, დაკვირვება-დაკვირვებაში, ოცნებაში, “შიმშილმა როცა მოუჭირა”, დაეცა და ქუჩაში გაიყინა. სახელმწიფო ორკესტრმა კონცერტი სწორედ ასეთი ბავშვებისთვის გამართა. ბევრი მათგანი პირველად იყო ოპერის თეატრში. შტრაუსის მუსიკა, კონცერტის ერთი ორგანიზატორის თქმისა არ იყოს, “მუსიკალური ნათლობა” გახდა ამ ბავშვებისთვის – მარტივი მელოდიები, რომელმაც, შესაძლებელია, ბავშვებს უფრო სერიოზული მუსიკა შეაყვაროს, ზეიმი, რომელმაც არავინ დათრგუნა.

ამ კვირაში ქართულმა საზოგადოებამ გაიხსენა ადამიანი, რომელიც ასეთი ზეიმის მოწყობის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა – სერგო ფარაჯანოვი. კლუბ “სარდაფში” დიდი რეჟისორის თაყვანისმცემლებმა მისი დაბადების დღე აღნიშნეს. ეს არ ყოფილა “ფარაჯანოვის მრგვალი თარიღი”. უბრალოდ, შობა-ახალი წლის დღეებში უამრავ ადამიანს გაუჩნდა სურვილი ეხილა რაღაც შეუბღალავი, ნაღდი, ეხილა უბრალოების სილამაზე. სერგო ფარაჯანოვს კი ასეთი დღესასწაულის მოწყობაში, ალბათ, ვერავინ შეეჯიბრებოდა. დიდი რეჟისორი იმით იყო ცნობილი, რომ არაფრისგან დიდ ხელოვნებას ქმნიდა, “ნაგავს” – “ყვავილების თაიგულად” გარდაქმნიდა ხოლმე. თუმცა ამდენი ხალხის მოსვლას საღამოზე, რომელსაც რეკლამა არ ჰქონდა, “სარდაფის” მესვეურებიც არ ელოდნენ. ფარაჯანოვმა ისევ გააერთიანა ადამიანები – ამჯერად, პარლამენტარები, კინემატოგრაფისტები, ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები. მეგობრები, ახლობლები და ისინიც, ვისაც მისი შემოქმედების შესახებ აქამდე არაფერი გაუგია – ახალგაზრდები. ახალმა თაობამ იმ საღამოს პირველად ნახა სერგო ფარაჯანოვის ფილმი “საიათნოვა”, მოუსმინა დიდი რეჟისორის მეგობრებს და დაათვალიერა მშვენიერი ფოტოგამოფენა, რომელიც ამ სურათების ავტორმა იური მეჩითოვმა მოაწყო. ამ სურათებში დიდი რეჟისორი აბსოლუტურად განსხვავებულ რაკურსში ვიხილეთ – იმ კაცის როლში, რომელიც გარემომცველ სინამდვილეს იმორჩილებს და, თითქოს, იქით უკარნახებს ცხოვრებას თავის კანონებს. ცნობილ თბილისელ ფოტოხელოვანს ჩვენც გავესაუბრეთ, ვკითხეთ, როდის დააფასებს, მისი აზრით, საქართველო დიდ კინორეჟისორს ისე, როგორც ფარაჯანოვს, ფარაჯანოვის შემოქმედებას “ეკადრება”. იური მეჩითოვი საკმაოდ კატეგორიული აღმოჩნდა:

[იური მეჩითოვის ხმა]: “საქართველოში, 12 წელი თუ ათი წელი ხდება, რაც აფხაზეთის ომი დაიწყო. არავითარი გადაფასება, შეფასება არ ხდება იმ მოვლენის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ისტორიაში. შეფასების, გადაფასების უნარი, როგორც ჩანს, არა გვაქვს. ჩვენ ვართ კიდევ მე-12 საუკუნეში, როგორც ჩანს. მე ძალიან მწყინს ამის თქმა, იმიტომ რომ მე ვცხოვრობ ამ ქვეყანაში, ეს ჩემი სამშობლოა”.

საქართველოს თავის სამშობლოდ სერგო ფარაჯანოვიც მიიჩნევდა. მაგრამ უზარმაზარი სახლ-მუზეუმი მას ერევანში აუშენეს და არა თბილისში. საქართველოში ფარაჯანოვის მემკვიდრეობიდან მხოლოდ მისი ფილმების უხარისხო ასლები დარჩა, მეგობრების ოჯახებში გაბნეული მისი ნატიურმორტები, კოლაჟები... დარჩნენ ფარაჯანოვის მეგობრები, რომლებიც დიდი კინემატოგრაფისტის შესახებ ფანტასტიკურ ისტორიებს ყვებიან. სერგო ფარაჯანოვის საღამოზე კინორეჟისორის მეგობარმა, კინოსტუდია “ქართული ფილმის” რედაქტორმა მანანა ბარათაშვილმა, რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში პირდაპირ განაცხადა:


[მანანა ბარათაშვილის ხმა] “დაუფასებელი გენიოსი არის საქართველოში, მსოფლიოში კი აღიარებული. იმას ამბობენ, რომ, ჯერ სადა ხართ, ჯერ წინ არის მისი გაცნობიერება”.

მსოფლიოში ფარაჯანოვის შემოქმედების მნიშვნელობა დიდი ხანია გაიაზრეს. საქართველოში კი ეს პროცესი მხოლოდ ახლა იწყება. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ამის იმედი აქვთ კლუბ “სარდაფის” მესვეურებს; ისინი ხომ 2003 წელს ფარაჯანოვის შემოქმედებით შეხვდნენ. ეს კლუბი ჩვენში ნელ-ნელა ალტერნატიული კულტურის კერა ხდება... და, შესაძლოა, ამიტომაც იგრძნობა აქ ახალგაზრდობის სიმრავლე. საახალწლოდ, როცა ალტერნატიული ხელოვნება სრულიად განიდევნა ეროვნული კულტურული სივრციდან, “საიათნოვას” ჩვენება - შემდეგ კი მსჯელობა ფარაჯანოვის ფილმზე -თავისებურ აქციად შეიძლება მივიჩნიოთ. იური მეჩითოვის თქმით:

[იური მეჩითოვის ხმა] “ახალგაზრდა თაობის იმედი მაქვს მხოლოდ...ფარაჯანოვი... ეს იქნება დიდი დანაშაული, რომ ასეთი დიდი მასშტაბის პიროვნება არ იქნება მათთვის ცნობილი და იქნება პატარ-პატარა მასშტაბიანი ხალხი, რომელთაც ყოველ დღე ეკრანზე ვხედავთ. ეს პატარ-პატარა კაცუნები…”[სტილი დაცულია]

პატარ-პატარა კაცუნები, ბოლოს და ბოლოს, გაქრებიან ეკრანებიდან. ყოველ შემთხვევაში, ამის სჯერა ელდარ შენგელაიას, რომელმაც “სარდაფის” საზოგადოებას იმ საღამოს “საიათნოვა” წარმოუდგინა:

[ელდარ შენგელაიას ხმა] “მიხვდება ჩვენი საზოგადოება, თუ რა ადამიანი დაიბადა ამ ქალაქში და რა სამყარო შექმნა”.

“მიხვდება” თუ არა ამას ქართული საზოგადოება, მომავალი გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, ამასობაში საბოლოოდ თუ არ გაცვდა სერგო ფარაჯანოვის ფილმების ასლები და დიდი რეჟისორის ყველა კოლაჟი, ნატიურმორტი, ჩანახატები ერევანში თუ არ აღმოჩნდა. იმისათვის, რომ საზოგადოება “მიხვდეს”, ინფორმაციაა საჭირო. მაგრამ დღესდღეობით ფარაჯანოვს დაბადების დღეს მხოლოდ მიწის ქვეშ, ე.ი. კლუბ “სარდაფში” უხდიან. ხელისუფლება კი ერიდება აღიაროს თავისი საბჭოთა “კოლეგების” დანაშაული, ან, უბრალოდ, გარდაცვალების მერე მაინც აღნიშნოს ქართული კულტურის წინაშე დიდი კინორეჟისორის დამსახურება. სხვათა შორის, ამ კვირის დასაწყისში, თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოებისა და წოდებების შესახებ დაიწყო საუბარი. ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “მოგეხსენებათ, იყო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება, რომელიც მერე გაუქმდა. ახლა ის ხალხი საქართველოს სახალსო არტისტებად ითვლება. სამწუხაროდ, ბევრი წავიდა ამ ქვეყნიდან. დამსახურებულ არტისტებს შორისაც ბევრს იგივე ბედი ეწია. არის საჭირო დამსახურებული არტისტის წოდება თუ არა?” – რაღა თქმა უნდა, რიტორიკულ კითხვას სვამს პრეზიდენტი. აი, “საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტების” გახსენება კი შემთხვევითი არ უნდა იყოს – ფაქტია, რომ მათი უმრავლესობა ლოიალურადაა განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. იჩაგრებიან მხოლოდ ისინი, ვინც მაშინაც და დღესაც ეგრეთ წოდებულ “სარდაფის კულტურას” ქმნიდა. ასეთი ხელოვანი იყო სერგო ფარაჯანოვი – არც საბჭოთა და არც საქართველოს სახალხო არტისტი, რომელიც ელდარ შენგელაიას თქმით:

[ელდარ შენგელაიას ხმა] “დაიჭირეს არა პოლიტიკური შეხედულებების გამო... სერგო დაიჭირეს იმიტომ, რომ ის ჩარჩოები, რომელიც იყო დაწესებული მაშინდელი ხელისუფლების მიერ, ამ ჩარჩოებს ხეთქავდა თავისი ხელოვნებით. ვერ ეტეოდა თავის ჩარჩოებში. თვალში ეჩხირებოდათ მისი ხელოვნება... ეს იყო კინო, რომელიც ყველაფერს არღვევდა და იმიტომ, რომ არღვევდა ყველაფერს, ის დაიჭირეს”.

ხელოვანს, რომელიც ჩარჩოებში ვერ ეტევა, დღეს არავინ იჭერს. უბრალოდ, იგი განდევნილია თანამედროვე ქართული კულტურული სივრციდან, ამიტომ საერთოდ აღარ ჩანს. მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. თუ დღეს “მიწის ქვეშ” მაინც უჩვენებენ “საიათნოვას” და ახალგაზრდა თაობას მოუთვინიერებელი მხატვრის შემოქმედებაზე ესაუბრებიან, თუ შტრაუსის ვალსებით მაინც ათბობენ ბავშვებს, რომლებიც პირველად აღმოჩნდნენ ოპერის თეატრის თბილ დარბაზში, ე.ი. ამ ქვეყნის კულტურას ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის შანსი.
XS
SM
MD
LG