Accessibility links

როგორ გადაიქცა “მორცხვი” უმრავლესობა “თემატურ” უმრავლესობად


პარლამენტარი ვასილ მაღლაფერიძე არის ავტორი ტერმინისა “მორცხვი უმრაველსობა”, რომელიც საკმაოდ სწრაფად დაიმკვიდრდა პოლიტიკურ და ჟურნალისტურ წრეებში.

სწორედ ის “მორცხვი” უმრავლესობა ცდილობს ამჟამადაც პარლამენტში 118 ხმის მობილიზებას ბიუჯეტის კანონთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით და საკუთარ თავს “თემატურ” უმრავლესობას უწოდებს.

რატომ “მორცხვი” ან რატომ “თემატური”? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ია ანთაძე შეეცდება.

მრავალი წლის განმავლობაში, ხან სოციალისტები და ხან ახალი მემარჯვენეები ედუარდ შევარდნაძეს არწმუნებდნენ, რომ იგი კონსტიტუციას არღვევდა, როდესაც პრეზიდენტის პოსტთან ერთად, პარტიის თავმჯდომარის პოსტსაც ითავსებდა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ შევარდნაძე კონსტიტუციის დარღვევას არასოდეს აღიარებდა და ამ მიზეზით არც ერთ პოსტს არ დატოვებდა. შესაბამისად, ჩნდებოდა შეკითხვა: რა ამოძრავებდათ სოციალისტებს და “ახლებს”? რატომ დებდნენ ამდენ ენერგიას თავიდანვე წაგებულ პარტიაში? ვახტანგ რჩეულიშვილის და ლევან გაჩეჩილაძის მონდომება აჩენდა ბუნებრივ ეჭვს, რომ ადრე თუ გვიან მათი მოწოდება აღსრულდებოდა და პრეზიდენტი მართლაც დატოვებდა მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტს, ოღონდ, პოლიტიკური მიზანშეწონილების საფუძველზე. როდესაც ეს მოლოდინი ახდა, გაჩნდა ახალი შეკითხვა: ვინ დაიკავებდა დაშლილ-დანაწევრებული მოქალაქეთა კავშირის ადგილს? ვინ შეავსებდა პოლიტიკურ სივრცეს პრეზიდენტის ირგვლივ?

კარგა ხანს პარლამენტში შეუძლებელი იყო გადაწყვეტილებების მიღება 118 ხმით, რადგან უმრავლესობა კანონების მისაღებად კი არა, კვორუმისთვისაც აღარ იკრიბებოდა. შემდეგ, ნელ-ნელა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო შოკიდან გამოვიდა და პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთთან შეკავშირება დაიწყეს. პარლამენტში ჩამოყალიბდა სამი ბანაკი: სახელისუფლო, “დემარშისტების” და აღორძინების. არითმეტიკული ლოგიკით, უმრავლესობის შემოკრება სამივე ბანაკს შეეძლო. მოსალოდნელი იყო და ასეც მოხდა, რომ სხვებზე ხშირად თანამოაზრეების მოძებნას ხელისუფლების მხარდამჭერი ფრაქციები ახერხებდნენ. მაგრამ ის ფრაქციები, რომლებიც უშუალოდ არ მიეკუთვნებოდნენ სახელისუფლო ბანაკს, ახალ უმრავლესობაში ნახევრად ფარულად მონაწილეობდნენ. ამიტომაც დაერქვა 118 პულტის მაშინდელ ერთობას “მორცხვი” უმრავლესობა.

გამოხდა ხანი და უმრავლესობის კონტურები სულ მკაფიოდ გამოიკვეთა. სოციალისტებმა საჯაროდ დაამოწმეს ავთანდილ ჯორბენაძისადმი მხარდაჭერა. პარლამენტში მიმოფანტულმა ფრაქციებმაც სიმორცხვე დაივიწყეს. მაგრამ, ჯერჯერობით, ახალი ერთობა მტკიცე არ არის და პოზიციათა თანხვედრა ხან ხერხდება, ხან არა – ინტერესების გათვალისწინებით. ეს საკმაოდ ურცხვი პროცესია. ამიტომ, ამ უმრავლესობას აღარ ჰქვია “მორცხვი” და ჰქვია “თემატური”. თუ ინტეგრაციული პროცესი გაღრმავდა, უმრავლესობას საერთოდ მოსცილდება ეპითეტები. პარლამენტში მივიღებთ ახალ, ჩვეულებრივ, მყარ უმრავლესობას, რომელიც, პირველ რიგში იმისათვის იზრუნებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დაეუფლოს.
XS
SM
MD
LG