Accessibility links

logo-print

ქართული ფეხბურთის შუქ-ჩრდილები


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ამ დღეებში ფიფა-მ ახალი წლის პირველი სარეიტინგო

ცხრილი გამოაქვეყნა, რომელსაც კვლავ ბრაზილია ლიდერობს. მეორე ადგილზე საფრანგეთია, მესამეზე – ესპანეთი. 456 ქულით 92-ე პოზიცია უკავია საქართველოს ნაკრებს, რომელიც, წინა რეიტინგთან შედარებით, 2 საფეხურით ჩამოქვეითდა.

თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ხანგრძლივი შესვენება გამოცხადდა. უმაღლესი ლიგის პირველ ექვსეულში დაწინაურებული გუნდები საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მარტში განაახლებენ. სატურნირო ცხრილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს. მით უმეტეს, ჩემპიონობის პრაქტიკულ შანსს 4 გუნდი ინარჩუნებს: 28 ქულით დაწინაურებული თბილისის “დინამო”, ლიდერს 2 ქულით ჩამორჩენილი ქუთაისის “ტორპედო” და 25-25-ქულიანი “ლოკომოტივი” და “ვიტ-ჯორჯია”.

არდადეგებმოლეული ეს გუნდები და დანარჩენებიც ამ დღეებში ისევ შეიკრიბნენ და ახალი სეზონისთვის სამზადისს შეუდგნენ. მოგეხსენებათ, წლის ამ პერიოდში კლუბები საწვრთნელ შეკრებებს და საკონტროლო მატჩებს მართავენ და, თუ ამის საშუალება აქვთ, საახალწლო ტურნირებშიც მონაწილეობენ. მაგალითად, საქართველოს შარშანდელი ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” მოსკოვს გაემგზავრა და თანამეგობრობის თასის ტრადიციულ გათამაშებაში ჩაება. თბილისის “ლოკომოტივი” კი ანთალიას სტუმრობს და ამხანაგურ მატჩებში რამდენიმე ახალწვეული ფეხბურთელის გამოცდას გეგმავს. კლუბის მენეჯერის ლევან ყიფიანის თქმით, რკინიგზელები თურქეთში 5 თებერვლამდე დარჩებიან და, წინასწარი შეთანხმების თანახმად, საკონტროლო შეხვედრებს გამართავენ ბულგარეთის, რუსეთის, უკრაინისა და იუგოსლავიის გუნდებთან. შესაძლოა, “ლოკომოტივს” ანთალიაშივე შეუერთდეს მოსკოვიდან თბილისში გადმობარგებული ზაზა ჯანაშია, რომელიც, იმედია, არა მარტო ახალ კლუბს, საქართველოს ნაკრებსაც გამოადგება. რამდენიმე დღეა, კვიპროსულ შეკრებაზე იმყოფება საქართველოს 10-გზის ჩემპიონი თბილისის “დინამო”. დინამოელებმა პირველი ამხანაგური მატჩი რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ხაბაროვსკის არმიელებთან გამართეს და ფრეს დასჯერდნენ – 1:1. თბილისელთა პრესატაშემ ლევან სალუქვაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ივო შუშაკმა გუნდი ორი შემადგენლობით ათამაშა - მეორე ტაიმში თერთმეტივე ფეხბურთელი შეცვალა. “დინამო” კვიპროსში კიდევ ორ გუნდს – ვორონეჟის “ფაკელსა” და თემურ ქეცბაიას “ანორთოსისს” გაეჯიბრება, მერე კი შუშაკის მშობლიურ ხორვატიაში გაემგზავრება და საწვრთნელი შეჯიბრების მეორე ეტაპს იქ გაივლის.
დინამოელთა უფროსი მწვრთნელი ირწმუნება, რომ გუნდი ქვეყნის ჩემპიონის ტიტულსაც დაიბრუნებს და თასის მოპოვებასაც შეეცდება. წლეულს შედარებით მოკრძალებული ამოცანის გადაჭრა მოუწევს თბილისის “მერანს”, რომელიც უმაღლეს ჯგუფში ადგილის შენარჩუნებას ახალი პატრონისა და ახალი უფროსი მწვრთნელის ხელშეწყობით შეეცდება. “მერანი” საფეხბურთო აკადემია “ოლიმპის” საკუთრება გახდა და ამიერიდან “ოლიმპის” სახელით და განახლებული შემადგენლობით იასპარეზებს. საფეხბურთო აკადემია “ოლიმპი” შარშან შეიქმნა და სერიოზული სამომავლო გეგმები აქვს. აკადემიის დირექტორის ნიკა დოლიძის თქმით, უმთავრესია ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, მერე კი დიდ ფეხბურთში ფეხის მოკიდება, საქართველოს ნაკრები გუნდებისთვის სრულფასოვანი რეზერვის მომზადება. “ოლიმპს” უმაღლეს ლიგაში უკვე თავისი გუნდი ჰყავს და გაისად უეფა-ს თასის საგზურის მოპოვებას გეგმავს. ნიკა დოლიძეს არ აშინებს ტენდენციური მსაჯობა, ქართულ ფეხბურთში პრობლემად ქცეული აღებმიცემობა და უფრო კლუბების მესვეურებს ადანაშაულებს, ვიდრე მსაჯებსა და ფეხბურთის ფედერაციის ჩინოვნიკებს. არადა, გარიგებული მატჩი, ეგრეთ წოდებული ჩაწყობილი თამაში, მსაჯისა თუ ფეხბურთელის მოსყიდვის მცდელობა საკმაოდ გახშირდა ჩვენს ფეხბურთში. აი, ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა: ბოლნისის “სიონის” უკვე ყოფილ წევრს გიორგი ქორიძეს ბრალად ედება გუნდის ღალატი, ბრალმდებლის როლში კი თავად “სიონის” ხელმძღვანელობა გამოდის. კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურში ქორიძემ შეგნებულად ააცილა ქუთაისის “ტორპედოს” კარში დანიშნული პენალები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “სიონის” დირექცია არკვევს იმ სხვა ფეხბურთელთა ვინაობას, ვინც ასევე ეჭვმიტანილია ქუთაისელებთან გარიგებაში. ცხადია, ბოლნისელი ფეხბურთელებიც და “ტორპედოს” ხელმძღვანელებიც კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებას და ეს საქმე, ალბათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაირჩევა. ფედერაცია ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს და დამკვირვებლის როლში გამოდის. საწყენია, რომ ადრინდელის მსგავსად, ისევ ქუთაისის “ტორპედოს” უკავშირდება ეროვნული ჩემპიონატის კიდევ ერთი გახმაურებული ეპიზოდი. ადრე სპორტულმა პრესამ არაერთხელ ატეხა განგაში ჩაწყობილი თამაშების მომრავლების გამო და, ფეხბურთის სპეციალისტთა ერთ ჯგუფთან ერთად, შეთქმულთა გამოსავლენად და დასასჯელად საგანგებო კომისიაც შეიქმნა, რამდენიმე დახურული სხდომაც შედგა, მაგრამ შედეგი დღემდე არ ჩანს. “პატიოსანი თამაშის” პრინციპების ერთგულებით ჩვენი ფეხბურთი არასდროს გამოირჩეოდა. საერთოდ, აღებმიცემობა ფეხბურთის ძველისძველი სენია და, როგორც ირკვევა, თაობიდან თაობაში მემკვიდრეობით გადადის.

ქართული ფეხბურთის მესვეურებს არაერთი სხვა პრობლემის მოგვარებაც მოუწევთ და თუ ასე არ მოხდა, მალე საქართველო, როგორც ყოფილი საფეხბურთო ქვეყანა, ფიფა-ს რეიტინგის მეორე ასეულში გადაინაცვლებს.
XS
SM
MD
LG