Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესა პანკისელი ''ქიმიკოსებისა'' და საქართველო-რუსეთს შორის გართულებული ურთიერთობის შესახებ


გასული კვირის რუსული პრესა საქართველოსთან მიმართებაში, ძირითადად, ორ თემაზე - პანკისის ხეობაში "ტერორისტული აკადემიის" არსებობისა და სოჭი-სოხუმის სარკინიგზო რეისის გამო

ორ ქვეყანას შორის გართულებული ურთიერთობის შესახებ ამახვილებდა ყურადღებას. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს მოსკოვში, რომელიც 20 იანვარს იწყება, როგორც ჩანს, ქართული თემატიკა უცხო არც მიმდინარე კვირის რუსული მედიისთვის იქნება.

17 იანვრის საინტერნეტო გამოცემა "გრანი რუს" ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში მოქმედი "ბოევიკების" საქმიანობის გასაიდუმლოებულ მასალებს ახადა ფარდა. ქართული სპეცსამსახურების მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ ხეობაში ყველაზე გავლენიანი პირი ბენ ლადენის პირადი წარმომადგენელი აბუ ხაპსი იყო. მასთან ერთად კი საზღვრისპირა რაიონს თავს აფარებდნენ ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურები: რუსლან გელაევი, 250 მებრძოლით, დოკი უმაროვი, ხუსეინ ესაბაევი და ვინმე ამჟეტი, რომელთა განკარგულებაში 400 ჩეჩენი მებრძოლი და "მოჯახედინი" იმყოფებოდა. "გრანი რუს" თქმით, ეს სწორედ ის ამჟეტია, რომელსაც 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ უცნობმა პირებმა ამერიკიდან დაურეკეს და არაბულ ენაზე აქციის წარმატებით დამთავრება მიულოცეს. ამავე თემას შეეხება გაზეთ "ნეზავისიმაია გაზეტას"15 იანვრის პუბლიკაცია.

გაზეთის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურების მიერ საიდუმლო მასალების გამოქვეყნების ფორმალური მიზეზი ბრიტანულ "სანდი ტაიმსში" დაბეჭდილი მასალა გახდა. პოპულარული ბრიტანული გაზეთის ვერსიით, სწორედ პანკისის ხეობაში არსებულ "ტერორისტულ აკადემიაში" გაიარეს მომზადება იმ ავღანელმა ტერორისტებმა, რომლებიც ბრიტანეთის მეტროში ქიმიურ თავდასხმას გეგმავდნენ. ბრიტანული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ამგვარ ბანაკებში მყოფ დაქირავებულ მებრძოლებს მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას შეასწავლიდნენ, წერს "ნეზავისიმაია გაზეტა", რომელიც იმოწმებს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებსაც. ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, საქართველოს სპეცსამსახურები ფლობდნენ ინფორმაციას პანკისის ხეობაში, სულ ცოტა, ორი ადამიანის არსებობის შესახებ, რომლებსაც შეეძლოთ მოეწყოთ ტერორისტული აქტები მომწამვლელი ქიმიური საშუალებების გამოყენებით და რომლებიც შემდეგ საქართველოს ტერიტორიიდან გაუჩინარდნენ.

თუმცა რუსული პრესა საქართველოსთან მიმართებაში მხოლოდ პანკისის თემით არ შემოიფარგლება. 18 იანვრის გაზეთი "იზვესტია" ეხმიანება სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მაგისტრალის ცალმხრივად ამოქმედების საკითხს და მკითხველს შეახსენებს იმ განწყობილებას, რომელიც საქართველოს ოფიციალურ წრეებში საქართველოსთან შეუთანხმებლად რკინიგზის ხაზის ამოქმედების შედეგად წარმოიშვა. კერძოდ, გაზეთი წერს, რომ თუ სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და არაღიარებულ აფახაზეთის რესპუბლიკას შორის არ შეწყდება, მაშინ ამან საქართველოს ხელისუფლებას, შესაძლოა, ადეკვატური ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგოს. სახელდობრ, სატრანსპორტო შეზღუდვები დაუწესოს რუსეთის სამხედრო ბაზებს, რაც საქართველოსა და სომხეთში განლაგებულ რუს სამხედროებს დამატებით სიძნელეებს შეუქმნის. ამ საკითხებისადმი საქართველოს პოლიტიკური წრეების დამოკიდებულებას კიდევ უფრო ფართოდ წარმოაჩენს 20 იანვრის "ნეზავისიმაია გაზეტა". გაზეთის კორესპონდენტის თქმით, ამ პრობლემებზე სასაუბროდ ორშაბათს მოსკოვში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ელოდებიან. შესაბამისად, აფხაზეთის საკითხსაც ქართველი პარლამენტარები, რომლებმაც ერთგვარი მოთელვა შაბათის სხდომაზე გაიარეს, ნინო ბურჯანაძის ვიზიტის დასრულების შემდეგ მიუბრუნდებიან. თუმცა, "ნეზავისიმაია გაზეტას" ცნობით, საქართველოს პოლიტიკოსთა შორის ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ "რუსეთი აფხაზეთის ცალობით და ბითუმად შესყიდვას აპირებს".
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG