Accessibility links

მზადება საარჩევნო პარტნიორობისათვის


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში, საარჩევნო სეზონის მოახლოების კვალად, პოლიტიკოსები სულ უფრო ინტენსიურად ლაპარაკობენ პოლიტიკურ ტრანსფერებზე. პარტიები, ფიგურები, ძალები, ძველი ნაცნობობის მიუხედავად,

ფრთხილობენ ურთიერთობათა სამომავლო ფორმებზე მსჯელობისას. პარტნიორობასთან დაკავშირებით კატეგორიულ განცხადებებს თითქმის ყველა გაურბის, სამაგიეროდ, არავინ ერიდება მინიშნებებს, ნართაულებს, ინფორმაციის გაჟონვას. ასეთ ფონზე უკვე ისახება წინასაარჩევნო სურათის ესკიზი.

ერთი შეხედვით, სენსაციური გამოდგა 20 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობისა და პოლიტიკურ გაერთიანება “ერთობის” საპარლამენტო არჩევნების დროს შეკავშირების შესახებ. რამდენიმე დღით ადრე ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აქამდე ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ჯუმბერ პატიაშვილთან შეძლებდა თანამშრომლობას, ახლა კი საკრებულოში “ერთობის” დეპუტაციასთან კარგი და საქმიანი ურთიერთობა აქვს. რა თქმა უნდა, ასეთ განცხადებას პოლიტიკური ალიანსის გამოცხადებამდე დიდი მანძილი აშორებს, მაგრამ, ჩანს, საზოგადოებაში ნიადაგის მეტად მომზადება მხარეებმა საჭიროდ აღარ მიიჩნიეს და ეს მანძილი სარეკორდო დროში დაფარეს.

რა საერთო უნდა ჰქონდეთ, ერთი მხრივ, ყოფილი კომუნისტისა და, მეორე მხრივ, რადიკალურ მემარჯვენე ოპოზიციონერად შერაცხილი ლიდერის გარშემო ჩამოყალიბებულ ორგანიზაციებს? ამის კვლევას აზრი არა აქვს, საერთო კი შეიძლება თვითონ პატიაშვილსა და სააკაშვილს დაეძებნოს. პატიაშვილი შევარდნაძის ოპონენტი ჯერ კიდევ მაშინ იყო, სააკაშვილი პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს რომ დგამდა. დღეს ორივეს აერთიანებს მოქმედ პრეზიდენტთან მიმართება, რასაც ერთვის გამსახუდრიას ძველ მხარდამჭერთა სიმპათიები როგორც სააკაშვილისა და ზვიად ძიძიგურის, ისე ჯუმბერ პატიაშვილისადმი. ცხადია, შეიძლება მოკვლევა, წლების წინ რას ამბობდნენ ერთმანეთზე პატიაშვილი და სააკაშვილი, მაგრამ ისიც ნათელია, რომ დღეს ამას მნიშვნელობას აღარ ანიჭებენ. საგანგებო მოჩხრეკის გარეშე კი ეს არც ამომრჩეველს ახსოვს. მეორეც, ჯუმბერ პატიაშვილის ძველი თანამებრძოლი და 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კამპანიის წარმმართველი ალექსანდრე ჭაჭია, საბოლოოდ, სააკაშვილის პოლიტიკური მოკარნახე უფრო გამოდგა, ვიდრე პატიაშვილისა. აზრი, თითქოს, “ერთობისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დაახლოებას “ერთობაში” განხეთქილება მოჰყვება და პატიაშვილს ჭაჭია ჩამოსცილდება, განხორციელების შემთხვევაშიც კი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ ჭაჭიას ზოგიერთი იდეა პოლიტიკური სტრატეგიისა და ტაქტიკის სფეროში - მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის შექმნა - სწორედ სააკაშვილმა აიტაცა და ხორცი შეასხა. საკრებულოს თავმჯდომარეს იდეების აწაპვნისა და გამოყენებისათვის ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილიც ძრახავს, მაგრამ პოლიტიკაში, მით უმეტეს, ქართულში, იდეებსა და ინიციატივებზე საავტორო უფლებების კანონი არ მუშაობს.

ამდენად, სააკაშვილი თითქოს განასახიერებს პატიაშვილის განხორციელებულ პოლიტიკურ განზრახვებს. მაგრამ რა პასუხი აქვს კითხვას, რატომ არის მეორე მისაღები პირველისათვის? ორგზის ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ადასტურებს, რომ პატიაშვილს მყარი 17-პროცენტიანი რეიტინგი აქვს საქართველოს მასშტაბით. დღეს ეს რეიტინგი მცირე საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეობამდეა დახურდავებული. ორიენტაციით, მრწამსით, პოზიციით განსხვავებული პოლიტიკური ფიგურების დაახლოება ან, სულაც, გაერთიანება, მათი რეიტინგების მექანიკურ ჯამს არ გვაძლევს, მაგრამ უფრო მოსალოდნელია საერთო ხმების მატება, ვიდრე კლება. ეს წესი ქართველმა პოლიტიკოსებმა უკვე იციან და შესაბამისად მოქმედებენ კიდეც. დაბოლოს: არჩევნებამდე მაინც დიდი დროა დარჩენილი და იანვარში გამოცხადებული გაერთიანება რად გადაიქცევა ოქტომბრამდე – არავინ იცის.
XS
SM
MD
LG