Accessibility links

ერთ კვირაში ქართველი კინემატოგრაფისტები


ერთ კვირაში ქართველი კინემატოგრაფისტები,

კინოს მოყვარულები, პარლამენტარები ელდარ შენგელაიას დაბადების დღეს მიულოცავენ. რეჟისორს, რომლის ფილმები ყველა თაობის მაყურებელმა ზეპირად იცის, 26 იანვარს 70 წელი უსრულდება. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის”, დღევანდელ და მომდევნო გადაცემაში ელდარ შენგელაიას შემოქმედებაზე ვისაუბრებთ და შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვას - “რატომ უყვარს ელდარ შენგელაიას ფილმები ქართველ ხალხს”.

როცა 1933 წლის 26 იანვარს ნატო ვაჩნაძეს ვაჟი – ელდარი შეეძინა, ახლად დაბადებულის ბიძას ნიკოლოზ შენგელაიასთვის უხარებია: ბიჭი დაიბადა, თანაც ძალიან ჭკვიანიო. მამის კითხვაზე, სიჭკვიანე რაში შეატყეო, მახარობელს უთქვამს: სულ იფურთხება - ეტყობა, მიხვდა, რა ქვეყანაშიც დაიბადაო. ეს ამბავი ელდარ შენგელაიამ 10 წლის წინ გვიამბო, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, სადაც მაშინ ქართველი რეჟისორის, პარლამენტარის 60 წლის იუბილე აღნიშნეს. 10 წლის წინ ელდარ შენგელაიამ თავისი ფილმის, “ექსპრეს-ინფორმაციის”, გადაღება დაასრულა, კინოში მუშაობას თავი დაანება და მთელი ყურადღება პოლიტიკას დაუთმო. თუმცა იმასაც აღნიშნავდა, რომ ხელისუფლებაში, პირველ რიგში, ეროვნული კულტურის გადარჩენის თუ აღორძინების მიზნით დარჩა. იმხანად, 1993 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანა კიდეც:

[ელდარ შენგელაიას ხმა] “ერთ-ერთი მონაწილე კონსტიტუციის დაწერის და ამ მუხლის ერთ-ერთი ავტორიც ვარ...იყო დავა, საჭიროა თუ არ არის საჭირო ეს მუხლი, მაგრამ მერე დამიჭირეს მხარი და ეს მუხლი ჩასვეს. მუხლი 23-ე, მეორე მისი ნაწილი “ამბობს” შემდეგს: “შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებით საქმიანობაში ცენზურა დაუშვებელია”.

შემოქმედება – “არაჩვეულებრივი გამოფენისა” და “შერეკილების” ავტორისთვის ყოველვის მთავარი იყო ცხოვრებაში, როგორც ჩანს - დაბადებისთანავე, როცა იფურთხებოდა იმიტომ, რომ გაჩნდა ქვეყანაში, სადაც ყველაზე უფრო შემოქმედების ეშინოდათ. ხელისუფლებას კი - როგორც “ცუდ”, ასევე “კარგ” ხელისუფლებას - შემოქმედების, ე.ი. თავისუფალი აზრის, მეტ-ნაკლებად ყველგან ეშინია: შემოქმედება ხომ მოძრაობას, პროცესს, ძველის უარყოფასა და ახლის დამკვიდრებას ნიშნავს, თუ გნებავთ, “შერეკილობას” გულისხმობს და, აბა, რატომ უნდა უყვარდეს შერეკილები ხელისუფლებას, რომელიც ყველგან და ყოველთვის სტაბილურობისკენ მიისწრაფვის? ჰოდა, როგორც ჩანს, ელდარ შენგელაიაც მიხვდა ამას და 90-იანი წლების მიწურულს ოპოზიციონერის როლში მოგვევლინა. დღეს მის იუბილეს ისეთი ზარ-ზეიმით აღარ აღნიშნავენ, როგორც ათი წლის წინ – ხელისუფლება მასზე “ნაწყენია”, მაგრამ იგი არც სხვა ოპოზიციონერებს ჰგავს. ჩვენთან საუბარში აღნიშნავს:

[ელდარ შენგელაიას ხმა] “ამქვეყნად ყველა პოლიტიკოსი არწმუნებს ხალხს, რომ კეთილდღეობა იქნება. მაგრამ ამ კეთილდღეობას ხალხი ვერ ხედავს და ვერასოდეს ვერ მიაღწევს...ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ცივილიზებულ ქვეყნებზე, მაგრამ განა იქ კეთილდღეობა არსებობს ისე, რომ ის ეხება ყველას? ამიტომაც ეს მუდმივი მომენტია პოლიტიკოსისა: ის მუდმივად ჰპირდება ხალხს და ვერ ასრულებს”.

დიახ, ელდარ შენგელაიასთვის არ არსებობს სამოთხე ამ პლანეტაზე. ამიტომაც არ კიცხავს იგი თავის გმირებს, ერთდროულად - უყვარს და ებრალება ისინი. აი, აგული ერისთავი გავიხსენოთ, მაგალითად. ჭეშმარიტ შემოქმედებას მატერიალურ ინტერესებს ამჯობინებს და, ამავე დროს, არ კლავს თავის თავში ყველაზე წმინდას, სიკეთეს, არ ანადგურებს, უფრთხილდება და ინარჩუნებს ფაროსის მარმარილოს. ამავე მიზნით უარყოფს ელდარ შენგელაია “ცისფერ მთებში” კარიკატურასა და გროტესკს. მას სურს გვაგრძნობინოს, რომ ეს ჩვეულებრივი რედაქციაა და ეს ადამიანებიც ჩვეულებრივნი არიან.

[
[ხმა “ცისფერი მთები”] “მარკშეიდერის შტატი ჯერ არა გვაქვს”.

უჩვეულოა, თითქოს: ცალკეულ ეპიზოდებზე გვეცინება, ამ ეპიზოდების განმეორებისა და ფილმის დასრულების შემდეგ კი გული გვტკივა იმის გამო, რომ ალერსიანობის, ყურადღების და თბილად შეხვედრის ტრადიცია თუ ეროვნული ხასიათის თვისება ფარისევლობაში გადაზრდილა და უსუსურ სპექტაკლად ქცეულა. ცალკე – რედაქციის თითოეული თანამშრომლის მიმართ სიმპათია გვებადება, მთლიანობაში კი, ეს ჩაკეტილი, ჰერმეტიზირებული გარემო ჩვენს შეშფოთებას იწვევს, პროტესტის გრძნობას ბადებს. 80-იანი წლების დასაწყისში, ე.ი. “უძრაობის ეპოქაში”, როცა “ცისფერი მთები” ეკრანებზე გამოვიდა, ეს სურათი ზარბაზნის გასროლას ჰგავდა... არა, ეს საწყალი ხალხი ნამდვილად არ არის დამნაშავე იმაში, რომ ასე ცხოვრობს. დამნაშავე სისტემაა, რომლიც უკვე ინგრევა. მაგრამ როგორი სისტემით შეიძლება შეიცვალოს ძველი, როცა ადამიანებმა ჯერ კიდევ არ იციან, რა არის თავისუფლება? იქნებ იმ სისტემით, რომელსაც დღეს ებრძვის “ცისფერი მთების” ავტორი? ელდარ შენგელაიას თქმით:

[ელდარ შენგელაიას ხმა] “ქრისტეს არასდროს არ ჰქონდა ურთიერთობა მდიდრებთან. ქრისტეს ჰქონდა ურთიერთობა ჩვეულებრივ ადამიანებთან, ღატაკებთან, ავადმყოფებთან, მშრომელებთან, ისეთ ადამიანებთან, რომლებიც რაღაცას აკეთებდნენ. თავისთავად სიმდიდრე ისეთი ცდუნებაა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს არაადამიანური გზით. ამიტომ არის ასეთი მიდგომა ცხოვრებაში, რომ შენ უნდა იკმარო ის, რაც შენთვის საჭიროა, - ინტელიგენტური მიდგომა ასეთია, - რაც საკმარისია შენი საქმისთავის, რათა შენ გააკეთო სიკეთე... მაგრამ ასეთი ლოგიკით ჩვენ ვერ ვცხოვრობთ, რადგან სიმდიდრე მეტის მოხვეჭის ვნებას ბადებს”.

ეს უკვე დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქის განცხადებაა. იმ ადამიანისა, რომელიც საყვარელ ფილმად მიიჩნევს ვიტორიო დე სიკას შედევრს “სასწაული მილანში”. იტალიური ნეორეალიზმის “მამად” წოდებული დე სიკა განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ დამონებულ ადამიანებს აქვთ ერთი თვისება: ბორკილის მოხსნის შემდეგ ისინი თავისუფლებას ვერ ეგუებიან და ახალ ბორკილებს იდებენ, ამჯერად - საკუთარი სურვილით. ეს ბორკილი შეიძლება ძალაუფლების ვნება იყოს, შეიძლება გამდიდრების ვნება... ის, რასაც 70 წლის ელდარ შენგელაია დღევანდელი ქართული სინამდვილის ატრიბუტად აღიქვამს და ჩვენთან საუბარში ამბობს:

[ელდარ შენგელაიას ხმა] “ჩვენ ამას ვხედავთ ცხოვრებაში: საზოგადოებას ის კი არ აღიზიანებს, რომ ვიღაც მდიდარი გახდა, არამედ ის, თუ როგორ იქცევა ის მდიდარი კაცი – ეს ჩანს გარშემო – როგორ სახლებს იშენებს... ვიყავი სტუმრად როკფელერთან... იქ მისმა დამ თვითონ ჩაგვსვა მანქანაში, თვითონ გვატარებდა. ყველაფერი ისე იყო აწყობილი, რომ ჩვენ ჩვენს თავს ვემსახურებოდით, ისინი თავის თავს ემსახურებოდნენ”.
1993 წელს, მაშინ, როცა საქართველოს ახალი ხელისუფლება და ქართველი ხალხი ერთად აღნიშნავდნენ ელდარ შენგელაიას იუბილეს, რეჟისორმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:

[ელდარ შენგელაიას ხმა]: “პოლიტიკაში არის კომპრომისი, მორიგება და სხვა რაღაცები, მაგრამ ხელოვნებაში ასეთი რამე არ არსებობს”.

დღეს იგი კინოს არ იღებს და პოლიტიკას ხელოვნებად აღიქვამს... ხელოვნებაში კი მისთვის კომპრომისი ისევ არ არსებობს.
XS
SM
MD
LG